ENG / RUS       12+

ენმ დღეს, ანუ გზანი წინასაარჩევნო წამებისანი

2012  წლის არჩევნებში დამარცხების შემდეგ, საპარლამენტო უმცირესობაში დარჩენილმა და არცთუ ამაოდ დამაშვრალმა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, რთული და ”ეკლიანი” გზა განვლო. თუმცა ეს გზა დღეს ისევ ”ვარდების გზაჯვარედინზე”, ანუ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გადის. ენმ-ის ხელისუფლებაში დაბრუნების სურვილი და ამბიცია ბუნებრივია, მისი მთავარი კონკურენტისა და პოლიტიკური ოპონენტის, ”ქართული ოცნების” გაუთავებელ წამოძახება-დაყვედრებას  (”სისისხლიანი ცხრა წელი”) ეჯახება, ხოლო უფრო რადიკალები, დღესაც ითხოვენ ენმ-ს პოლიტიკურ გასამართლებას, სისტემურ დასაჯას თუ აკრძალვას.

ბოლო წლების განმავლობაში გარკვეული შიდაპარტიული დაპირისპირებისა და დანაკარგების მიუხედავად, ენმ-მ შეინარჩუნა ორგანიზებულობა, სიმყარე და ვერტიკალი, თუმცა ამაში საკმაო ფასიც გადაიხადა: 2016 წლის გაზაფხულზე ნაციონალური მოძრაობა მისმა აქტიურმა წევრებმა - ზურაბ ჯაფარიძემ, პავლე კუბლაშვილმა, გოგა ხაჩიძემ და გიორგი მელაძემ დატოვეს.

მოგვიანებით, მათ  გურამ ჩალაგაშვილი (სემეკის ყოფილი თავმჯდომარე, რომელიც ნაციონალურ მოძრაობის წევრი 2013 წლის შემდეგ გახდა) და ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი რეფორმატორი და ახალი პოლიტიკის ”ვარსკვლავბიჭუნა”, გირგი ვაშაძეც შეურთდნენ. სხვათა შორის, ამ უკანასკნელზე პარტიაში დიდ იმედებსაც ამყარებდნენ, თუმცა რთული სალტო-მორტალეს შემდეგ ის პოლიტიკას ”შეწირული” ბანის, პაატა ბურჭულაძის მოძრაობის - ”სახელმწიფო ხალხისათვის”, წევრი გახდა. და როგორც ტრადიცია მოითხოვს, მაშინვე არაალერსიანად გათათხა ყოფილი თანაგუნდელები:

”ვფიქრობ, რომ ყველაზე პროფესიონალებმა დატოვეს ნაციონალური მოძრაობა - სწორედ იმ ადამიანებმა და მათ შორის მეც, ვინც მართლა ვცდილობდით ნაციონალური მოძრაობის რეფორმირებას, ცვლილებებს, ვისაც განახლების სურვილი გვქონდა. ნაციონალურ მოძრაობაში დარჩნენ ადამიანები, რომლებსაც არავითარი საერთო არა აქვთ ცვლილებებსა და განახლებასთან”. ასე რომ, ბატონი გიორგი ვაშაძე ახლა სულ სხვა ოპერიდან მღერის არიებს, რომელიც ცალკე საუბრის თემაა.

თუ როგორ შეეყრება სამშობლო ბრძოლის ჟინით ანთებულ და განახლებული ენმ-ს, ან განდევნილ და ”თამაშგარე მდგომარეობაში” დარჩენილ მიხეილ სააკაშვილს, ცხადია, არჩევნების შედეგებზეა დამოკიდებული. ნაციონალების პარტიულ-საარჩევნო სია, არც ისე ახალია, რომ ძველი ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ”ტრავმები” არ გაგახსენდეთ და არც ისე ძველი, რომ განახლებისა და განვითარების სურვილი ბოლომდე წაგიხდეთ. პირველი ათეული, უფრო ზუსტად, თერთმეტეული ასე გამოიყურება : დავით ბაქრაძე, (სანდა რულოვსი), ელენე ხოშტარია, რომან გოცირიძე, ნიკა მელია, გიორგი ტუღუში, ოთარ კახიძე, სალომე სამადაშვილი, ირაკლი აბესაძე, სერგი კაპანაძე, სერგო რატიანი...

სიას ბრძოლებში გამობრძმედილი, მძიმე არტილერა ხსნის - დავით ბაქრაძე, რომელსაც მხარდამჭერები მშვიდსა გაწონასწორებულს უწოდებენ, ხოლო ოპონენტები ასე მოიხსენიებენ - არც ძმარი, არც წყალი! მოულოდნელიც და დამაინტრიგებელიც იყო ქალბატონ სანდრა რულოვსის გამოჩენა პარტიულ სიაში, რომელმაც ნაციონალების ახალი იკონა თუ ხატი - ელენე ხოშტარია, მესამე ”საპრიზო” ადგილზე ჩააჩოჩა. თუმცა ერთდოულად სამშობლოსა და მეუღლის იმიჯზე ზრუნვა, ბევრად მეტი ღირს, ვიდრე სიის ნომერი. მით უმეტეს, როდესაც ელენე ხოშტარიას ვაკის მაჟორიტარულ ოლქში მოგების დიდი შანსი აქვს. თითქმის უცნაურია, რომ პარტიულ სიაში გიგა ბოკერია მეთექვმეტეა, გიგი წერეთელი - ოცდამერვე, ხოლო დავით დარჩიაშვილი - ორმოცდამეოთხე. მაგრამ მოდით, ესეც პარტიული ბრძოლის ტაქტიკურ მეთოდებს მივაწეროთ.

განახლებული ენმ-ს პროგრამა რამდენიმე თვალისმიმჭრელ, კარგად მოფიქრებულ სატყუარას პირდება ამომრჩეველს. მაგალითად, ბიუროკრატიისა და მასზე გაწეული ხარჯის შემცირებას; ზედმეტ რეგულაციებზე უარის თქმას; ბიზნესისა და ინვესტიციების დაცულობას; უკე 2017 წელს საშემოსავლო გადასახადის 15 %-მდე შემცირებას, ხოლო მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში - 10%-მდე. ამის შედეგად, ბიზნესს ინვესტირებისა და სამუშაო ადგილების შესაქმნელად მეტი ფული დარჩება, რასაც დასაქმებულთათვის ხელფასის გასაზრდელად გამოიყენებს.

მოკლედ, ძველი ნაციონალური სლოგანის ენაზე რომ ვთარგმნით - დასაქმება ლაპარაკის ნაცვლად! გარდა ამისა, ნაციონალური მოძრაობის ეკონომიკური პროგრამა წელიწადში 45 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნას, ანუ დაახლოებთ 150 ათასი ოჯახის კეთილდღეობას გააუმჯობესებას ითვალისწინებს. მომდევნო წლებში კი ბიზნესისთვის და მოქალაქეებისათვის  დამატებითი სახსრების დატოვების შედეგად, ყოველწლიურად კიდევ 30 ათასი დამატებითი სამუშაო ადგილის შეიქმნება.

არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ენმ 2017 წლიდან სახელწიფო პენსიებს 50 ლარით გაიზრდის, რომელსაც როგორც თავად პენსიონერებიმ ისე მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები მიიღებენ;  ხოლო საარსებო შემწეობა სათანადო კრიტერიუმების შემთხვევაში, ყველა ოჯახს აღუდგება. ენმ არც ახალგაზრდებს დაწვეტს გულს და ახალ თაობას ევროპული განათლების მიღების შესაძლებლობას თავაზობს. ახალგაზრდები არა მარტო უვიზოდ იმოგზაურებენ ევროკავშირის ქვეყნებში (თითქოს ესეც ენმ-ს პრეროგატივა იყოს), არამედ ლეგალურად მოიძიონ სამსახური ევროპის ყველაზე კონკურენტუნარიან გარემოში, მიიღონ განათლება ევროპულ უნივერსიტეტებში, საქმიანი ურთიერთობები აწარმოონ ევროპაში და ა. შ. ამას დავუმატოთ, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციით სპეკულირება და წინასაარჩევნო დაპირება უფრო ხატოვანი გახდება.

ცხადია, წინასაარჩევნოდ ”რძის მდინარეების” შესახებ იგავებს ამომრჩეველი კიდევ ბევრი პარტიებისგან მოისმენს, მაგრამ სულ სხვაა, როცა ამას გამოსწორებისა და რეფორმების გზაზე მეორედ (თუ მესამედ) შემდგარი ყოფილი მმართველი პარტია აკეთებს.

მაგრამ რა თვითგანწმენდის ფორმებსაც უნდა მიმართავდეს ნაციონალური მოძრაობა, რა კეთილშობილურიც უნდა იყოს მისი პოლიტიკური ზრახვები და მომნუსხავი - სოციალური თერაპიის ფორმა, ამომრჩეველს მაინც გაახსენდება სისისტემური დანაშაული თუ სისტემური კრიზისი; 2008 წლის ომის ექო თუ წამებანი ციხეებში; მიტინგების სატიკი დარბევა თუ კაბიბეტური მმართველობა; დახურულ კარს მიღმა, სამი-ოთხი ადამიანის მიერ მიღებული ანტიჰუმანური გადაწყვეტილებები თუ სოციოპათიის ის დოზა, რაც თავის დროზე ნაციონალურმა მოძრაობამ მართლაც დიდ და შთამბეჭდავ რეფორმებს შესწირა.

და მაინც, ყველაზე საშიში,.დამანგრეველი და შემაფერხებელი საზოგადოებისათვის არის წარსულ დრამებზე მუდმივი წუხილი და ზოგადად, წარსულზე ჩამოკიდება - ანუ ”ფიქსირებული ტრავმები”, როგორც ფსიქოლოგები ამბობენ. საზოგადოების წინსვლისა და განვითარებისათვის აუცილებელია მომავალზე ორიენტირებული საქმე, პოზიტიური განწყობა, საქმის ხელახლა წამოწყება, სიახლის ვნება და ენერგია... რეალურად ეს ქმნის სახელმწიფოებრიობისა და მოქალაქეობის განცდას. ნაციონალური მოძრაობა ცდილობს სწორედ მოიმავალზე აიღოს ორიენტირი და ასეთ პროგრამას სთავაზონს ამომრჩეველს. სხვა საქმეა რამდენად სარწმუნოა წინასაარჩევნო ”გზანი წამებისანი.

დავით ბუხრიკიძე

ავტორი: . .