ENG / RUS       12+

ქორწინება ქართულად

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ვეტო დაადო ინიციატივას ქორწინების თაობაზე რეფერენდუმის გამართვის შესახებ. ინიციატორები მოითხოვდნენ, დემოსისთვის ეკითხათ, ჩაწერილიყო თუ არა კონსტიტუციაში მუხლი, რომ ქორწინება  არის ქალისა და მამაკაცის კავშირი და (ანუ) ერთსქესიანი ქორწინების სამოქალაქო წესით რეგისტაცია აკრძალულია.

აქვე უნდა ითქვას, რომ არგუმენტი, თითქოსდა კონსტიტუციაში ამის ჩაწერა აუცილებელი არ არის, რაკი „სამოქალაქო კოდექსში უკვე წერია“, წმინდა წყლის დემაგოგიაა. იმიტომ, რომ თუკი კონსტიტუციაში არ წერია, ხოლო ქვეყნის ძირითადი კანონი მოქალაქეთა სრულ თანასწორობას ქადაგებს აბსოლუტურად ყველა  ნიშნით, მაშინ  ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია სამოქალაქო კოდექსის ამ პუნქტის ანტიკონსტიტუციურობის საკითხი დასვას  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელიც სტრასაბურგის სასამართლოს ფხიზელი მეთვალყურეობით მუშაობს.

 

ამდენად, რეფერენდუმი არალოგიკური სულაც არ იყო. თუმცა პრეზიდენტმა მისი ჩატარება დაბლოკა და ზოგიერთი სიმპტომით ჩანს:  პოლიტიკურად გამოუცდელ მარგველაშვილს ეს გადაწყვეტილება იოლად არ მიუღია: ბოლო დროს მან რამდენჯერმე მიანიშნა, რომ აპირებს განაგრძოს პოლიტიკური საქმიანობა და პრეზიდენტადაც იყაროს კენჭი 2018 წელს. მაგრამ თუ ერთსქესიანი ქორწინების მომხრეობა „მიეწეპება“, მისი პოლიტიკური პერსპექტივა, რა თქმა უნდა, ნულს გაუტოლდება.

 

ამიტომ, გიორგი მარგველაშვილი აშკარად ყოყმანობდა. მის გარემოცვაში არიან ჭკვიანი ადაიანები, ვინც მას რაციონალურ გამოსავალს შესთავაზებდნენ. მაგალითად ასეთს: რეფერენდუმი დანიშნულიყო, მაგრამ არ დამთხვეოდა არჩევნებს, რაკი ამგვარი „დამთხვევა“ იმას ნიშნავს, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც ერთსქესიან ქორწინებებს ეწინააღმდეგება, მაგრამ არ აპირებდა არჩევნებზე მისვლას, აუცილებლად მივიდა საარჩევნო ყუთთან 8 ოქტომბერს და ხმას მისცემს ვის? რასაკვირველია „ოცნებას“, და არა „ნაციონალებს“. სწორედ ამიტომაა მმართველი პარტია ამ რეფერენდუმის მომხრე!

 

მაგრამ პრეზიდენტი მარგველაშვილი მის ადმინისტრაციაში ინკორპორირებულმა ცნობადმა „ენჯეოშნიკებმა“ გააფრთხილეს: თუ იგი გაბედავდა რეფერენდუმის დანიშვნას, სკანდალით, აურზაურით და „კარის გაჯახუნებით“ დატოვებდნენ მის ადმინისტრაციას; ამით მიანიშნებდნენ დასავლურ საელჩოებს „ეს ჩვენინიანი სულაც არ ყოფილაო“, რითაც მარგევლაშვილს მრავალხრივ პერსპექტივას მოუსპობდნენ; ბოლოს და ბოლოს მარგველაშვილი (და მისი ოჯახის წევრები) მუდმივ პრეზიდენტობას არ აპირებენ და ევროპაში მოღვაწეობა - მოგზაურობის პერსპექტივა მათთვის მნიშვნელოვანია ისევე, როგორც  დასავლურ ისტებლიშმენტში აღიარება და მასში „შესვლადობა“. ამიტომ, მარგველაშვილმა რეფერენდუმის ინიციატორებთან შეხვედრა გადადო და რეფერენდუმის დანიშვნაზეც უარი თქვა.

 

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

 

ოღონდ გიორგი მარგველაშვილის არგუმენტაცია არათუ სუსტი, არამედ ქვეყნისთვის დამაზიანებელი აღმოჩნდა: პრეზიდენტი რომ საკუთარი ღირებულებების ერთგული ყოფილიყო, მას პირდაპირ, ღიად, დიახაც პატიოსნად უნდა ეთქვა, თუ სინამდვილეში რატომ არ ნიშნავდა რეფერედუმს: რომ, მისი აზრით, ეს რეფერენდუმი და მისი უცილობელი შედეგი ეწინააღმდეგებოდა საქართველოს „გაევროპულების“, ანუ ვესტერნიზაციის კურსს და არღვევდა ადამიანის უფლებებს.

 

ერთსქესიანი ქორწინება  თანამედროვე ევროპისთვის ის „მარკერია“, რომლითაც ევროპელები ანსხვავებენ ღირებულებით ორიენტაციას - ინტეგრაციული ორიენტაციისაგან. მაგალითად, ესტონეთი, თურქეთისაგან განსხვავებით, ევროკავშირში მხოლოდ იმიტომ მიიღეს, რომ ესტონური საზოგადოების პროევროპული ორიენტაცია ღირებულებითია, ხოლო თურქული საზოგადოებისა - მხოლოდ ინტეგრაციული, ესე იგი, მრავალფეროვან მოგებაზე და მიზანშეწონილობაზე გათვლილი.

 

გიორგი მარგველაშვილმა, ამის ნაცვლად, სრულიად უსუსურ არგუმენტი მოიშველია, რომ რეფერენდუმი მხოლოდ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე უნდა გაიმართოს. არადა, დეპუტატთა რაოდენობის 235-დან 150-მდე შემცირების თაობაზე რეფერენდუმი უკვე ჩატარდა. თანაც, განსხვავებით „ნატო“-ს საკითხზე 2008 წელს გამართული პლებისციტისგან, იმ რეფერენდუმს იურიდიული ძალა ჰქონდა.

 

გამოდის, 2003 წლის შემდეგ არსებული ყველა მოწვევის პარლამენტი არალეგიტიმური იყო? და ასევე არალეგიტიურია ყველა კანონი, - თვით მოქმედი კონსტიტუცის ჩათვლით რომელშიც ამ „არალეგიტიმურმა პარლამენტმა“ უამრავი შესწორება  შეიტანა?!

 

რაც შეეება თვით ერთსქესიანთა ქორწინების თემას, „ოცნებისთვის“ ეს წაუგებელი თამაშია, ვინაიდან ამიერიდან ყველა ამომრჩეველს ექნება ილუზია, რომ თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცემს ხმას, ამით ხმას აძლევს ერთსქესიანი ქორწინების დაკანონებას!

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

 რასაკვირველია ილუზიაა, მაგრამ იმდენად მყარი, რომ პოლიტიკურ ფაქტორად იქცა, რასაც ხელი შეუწყო  ზოგიერთი „ნაციონალი“ ლიდერის უკვე მოსაბეზრებელმა რიტორიკამ  „რუსული ნარატივის“ შესახებ. ბოლოს და ბოლოს ამ ხალხმა ეროვნული მენტალობა ხომ უნდა გაითვალისწინოს? კაცმა რომ კაცზე არ უნდა იქორწინოს ეს „რუსული ნარატივია?!“ არადა,  როგორც ყოველთის, ჯიუტად არ სურთ არსებული რეალობისა და იმ საზოგადოების მენტალიტეტის გათვალისწინება, რომლის ლიდერობასაც ლამობენ.

 

იმავე „თავისუფალმა დემოკრატებმა“ ეს იგრძნეს და რეფერენდუმის წინააღმდეგ არ გამოსულან. რადგან სულაც არ ეპიტნავებათ, ერთსქესიანი ქორწინების უარყოფა იგივდებოდეს პრორუსულ ორიენტაციასთან მაშინ, როდესაც ეს „ნარატიულობა“ მთლიანად თითიდან გამოწოვილი თემაა: ყველაგან და ყოველთვის რუსული საფრთხის „ყურით მოთრევა“ რეალურად არსებულ საფრთხეებსაც აკნინებს.

ქართული მენტალობა ქორწინების და ოჯახის საკრალურ ღირებულებათა იტისოდენად ეჭვქვეშ დაყენებას არაფრის დიდებით არ შეურიგდება. ეს აბსოლუტურად გამორიცხულია! იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამგვარი შეურიგებლობა პრაგმატულ ორიენტაციასა და პრაგმატულ გათვლებზე უარის თქმას გულისხმობს.  ჩვენი პოლიტიკური ისტებლიშმენტის უბედურება, მისი უნიჭობისა და უნიათობის გამოვლინება კი ისაა, რომ ვერც ერთი ხელისუფლება ამ ქვეყანაში, ზვიად გამსახურდიას შემდეგ, ვერ ახერხებდა, ვერ ბედავდა, ევროპისა და დასავლეთისაკენ მართლაც უალტერნატივო, სრულიად ბუნებრივი სწრაფვის პროცესში, ეს რეალობა აეხსნა დასავლელი პარტნიორებისთვის და მიეღწია (როგორც საბერძნეთმა მიაღწია) ერთგვარი „ავტონომიისათვის“ ისეთ საკითხებში, რომლებიც ამ ქვეყნის ღირებულებათა საფუძვლებს ქმნიან და რომელთა დარღვევა მას მთლიანად დაანგრევს.

გიორგი ლეჟავა

ავტორი: . .