ENG / RUS       12+

ირაკლი ტორონჯაძე: მოსკოვი ცდილობს სამყარო ცივი ომის პერიოდის ლოგიკას დაუბრუნოს

რესპოდენტის შესახებ

„ჯი-ეიჩ-ენის“ კითხვებს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა ირაკლი ტორონჯაძემ უპასუხა.

მსოფლიო პოლიტიკურ არენაზე საკმაოდ არაორდინალური ვითარებაა - რეგიონში განვითარებული  მოვლენები, საარჩევნო ციებ-ცხელება აშშ-ში, ტერორისტული აქტები ევროპაში, დაძაბული ვითარება ახლო აღმოსავლეთში, კვლავაც „ცხელი“ ავღანეთი, სირიის კონფლიქტი... ზოგიერთი ექსპერტი, ამ ყველაფერს, ერთ კონტექტში განიხილავს და აცხადებს, რომ მსოფლიოში დიდი გადანაწილების პროცესი მიმდინარეობს. როგორია  თქვენი შეფასება, რეალურად რასთან გვაქვს საქმე და რა არის ამ ვითარებაში კვანძის გახსნა?

დღევანდელი მსოფლიო ცვლილებების დინამიკურ პროცესში იმყოფება. თანამედროვე ტექნოლოგიების რევოლუციურმა განვითარებამ რადიკალური გარდაქმნები შეიტანა მსოფლიო ეკონომიკაში, საფინანსო და სავაჭრო სფეროებში. ცვლილებებია საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაშიც.

კომუნიკაციის არნახულ გაიოლებას და გლობალურ საფინანსო-ეკონომიკურ ინტეგრაციას  თან მოყვა რეგიონიზაციის პროცესების საგრძნობი გააქტიურება. ეკონომიკური სტაბილობის ამაღლებისკენ სწრაფვისას, ბაზრების კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და გამსხვილების მიზნით, ქვეყნები საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროებში აღრმავებენ ინტეგრაციას რეგიონულ დონეზე. ამასთან, თითოეული მათგანი ისწრაფვის პირველობისკენ, ცდილობს თავად გახდეს საინტეგრაციო ცენტრი. ეს ხდება პირობებში, როცა მსოფლიოს უპირობო ლიდერის - ამერიკის შეერთებული შტატებიის საგარეოპოლიტიკური ვექტორი აზია-წყნარი ოკეანის აუზზეა გადანაცვლებული, ხოლო ევროპა, რიგი პრობლემების გამო, განერიდა  საკუთარი საზღვრების გარეთ აქტივობას. აღსანიშნავია ისიც, რომ გახშირებულია აქტორების მხრიდან საერთაშორისო სამართლის დარღვევების ფაქტები. საერთაშორისო პოლიტიკური თვასაზრისით, სახეზეა წონასწორობის ახალი მდგომარეობის „ძიების“ პროცესი.

ამ კონტექსტში, ზემოხსენებული კონკურენცია შესაძლებელია „გადანაწილების“ პროცესადაც იქნას განხილული. მეორე მხრივ, ასევე მართებულად გამოიყურება მიმდინარე პროცესების ახსნა კიდევ ერთი პარადიგმის - „ცივილიზაციათა ჯახის“ პრიზმაშიც.

ვფიქრობ, პრობლემის ფესვები გაცილებით ღრმადაა. თუ მეოცე საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს ფუკუიამა ისტორიის დასასრულს ჭვრეტდა, ახლა, ახალი ისტორიის დაბადების მოწმენი ვართ. ინდუსტრიული ეპოქა, ისევე როგორც ოდესღაც აგრარული, წარსულს ბარდება, შემოდის ახალი, როგორც მას ხშირად უწოდებენ ინფორმაციული ერა. როგორც ყოველთვის, ეს დაბადება საკმაოდ მტკივნეული პროცესია და ადამიანური ყოფის თითქმის ყველა სფეროს ეხება. გამოვყოფდი ცვლილებების რადიკალურ ხასიათს ეკონომიკის სფეროში: ახალ, ინფორმაციულ ერაში კაცობრიობის მატერიალური კეთილდღეობის სიმძიმის ცენტრი გადანაცვლებულია ინფორმაციისა და მისი უმაღლესი ფორმის - ცოდნის წარმოება-რეალიზაციის მხარეს. შედეგად, ჩნდება ახალი ელიტები, ძველ ელიტათაგან მრავალი თმობს პოზიციებს. მკაფიოდ ჩანს  მოახლოებული რადიკალური გადატრიალების კონტურები ენერგეტიკაში, რაც, სავარაუდოდ, ძლიერ რაოდენობრივ და თვისობრივ ბიძგს მისცემს დაწყებული ცვლილებების პროცესებს.

იმის თქმა მინდა, რომ „გადანაწილება“ არის არა უბრალოდ საგარეო პოლიტიკური, ანუ მეტ-ნაკლებად სუბიექტების ნებით განპირობებული მოვლენა, არამედ იმ ობიექტური გლობალური პროცესების პროექცია, რომლებმაც უკვე მოიცვეს ადამიანის ინდივიდუალური თუ სოციალური ყოფის თითქმის ყველა სფერო.

აქედან გამომდინარეობს, რომ კვანძის გახსნას პროცესების გასრულებისას, ახალი მსოფლიოსა და მისი შესაბამისი წესრიგის საბოლოო ჩამოყალიბების შემდეგ უნდა მოველოდეთ. დღევანდელი დღის ამოცანა უნდა იყოს კაცობრიობის პოზიტიური მონაპოვარის შენარჩუნება/გაღრმავებაზე ზრუნვა. სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების სფეროში ეს, უპირველეს ყოვლისა, არის საერთაშორისო სამართალი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორც ქვეყნებს შორის პოზიტიური თანამშრომლობის ველი.

ISIS-ისგან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ გამკლავება სულ უფრო რთული ხდება. რა არის ამის მიზეზი? დასვლეთი ვერ დგამს გადამწყვეტ ნაბიჯებს თუ როგორც არაერთი ანალიტიკოსი მიანიშნებს, ამ ორგანიზაციის უკან, გარკვეულწილად - თუნდაც ინტერესების გათვალისწინებით, მართლაც დგას რუსეთი, რომლისაც თან ეშინია და თან ერიდება დასავლეთს?

რადიკალური ისლამი ფართო ტერორისტულ არენაზე 11 სექტემბრის ტერაქტებით გამოვიდა. მიუხედავად შოკისა, მაშინ ბევრმა ჩათვალა, რომ ეს არაადეკვატური, მაგრამ მაინც თავდაცვითი რეაქცია იყო, რომ ბოროტმოქმედნი საკუთარ „საზღვრებს“ იცავდნენ (სხვათა შორის, ამგვარი მოსაზრებები დღესაც გაისმის). როგორც ჩანს, მათ შორის, ასეთმა მიდგომამ განაპირობა ის გარემოება, რომ ისლამური ტერორიზმის ბუნება საკმარისად ღრმად არ იქნა შესწავლილი. შედეგად დასავლეთი მოუმზადებელი დახვდა ტერორისტული ომის ახალ ტალღას: მას არ გააჩნია ანტიტერორისტული ბრძოლის მეტ-ნაკლებად კონსოლიდირებული სტრატეგია. დღეს სახეზეა სიტუაცია, როდესაც ტერორისტები იერიშზე დგანან:  შემოგვეჭრნენ სახლში, ცდილობენ დაანგრიონ ის, რაც საუკუნეების განმავლოვაში გვიშენებია, კითხვის ნიშნის ქვეშ დაგვაყენებინონ ჩვენი ღირებულებები და მოგვიშალონ ცხოვრების წესი.

ისლამური სახელმწიფოს იდეოლოგიისა და ქმედებების მსოფლიოში მიმდინარე გარდაქმნების ჭრილში განხილვისას, ცხადი ხდება რომ, მისი ბრძოლა სწორედ ამ ცვლილებების წინააღმდეგ არის მიმართული. დაიშის მესვეურნი აცნობიერებენ, რომ ნახშირწყალბადებზე მოთხოვნის მოსალოდნელი დაცემის პირობებში, ფუნდამენტალური ხასიათის რიგი შინაგანი (და არა გარე) მიზეზების გამო, ისინი მომავალი მსოფლიო პარადიგმის პერიფერიაზე აღმოჩნდებიან. სწორედ ამ გარემოების გამოა, რომ კრემლი და დაიში ბუნებრივ მოკავშირეებად გვევლინებიან. რაც საკმაოდ ნათლად გამოიკვეთა სირიის კრიზისის მსვლელობაში. თუმცა, პირდაპირ კავშირებზე საუბარი, შესაბამისი ფაქტობრივი მასალის არქონის პირობებში, ნაადრევად მიმაჩნია.

რა თქმა უნდა, არ უნდა გამოირიცხოს გეოპოლიტიკური ფაქტორი. ისლამური სახელმწიფოს კონსოლიდაცია მოხდა მსოფლიო ძალის ცენტრებიდან გეოგრაფიულად დაშორებულ ტერიტორიაზე, პირობებში როდესაც რეგიონი მათს პრიორიტეტულ ინტერესებში არ ხვდება. რეგიონული ძალების შესაძლებლობები არ აღმოჩნდა საკმარისი კონფლიქტის გამწვავების თავიდან ასაცილებლად. ამან საშუალება მისცა რუსეთს გაეძლიერებინა თავისი სამხედრო ყოფნა და გავლენა მიმდინარე პროცესებზე. თუმცა ნათელია, რომ მოსკოვი ძალისხმევა მიმართულია არა კონფლიქტის ამოწურვისკენ, არამედ მისი გაღრმავებისკენ, რათა მომავალში მიაღწიოს დასავლეთის თანხმობას კონფლიქტის გაყინვაზე. ეს მას საშუალებას მისცემს მომავალშიც მოვლენების ნეგატიური განვითარების მუქარის ქვეშ ამყოფოს რეგიონი და მთლიანად მსოფლიო.

სწორედ ამგვარი განვითარებისგან თავის არიდებისკენაა მიმართული დასავლეთის ძალისხმევა, რომელიც რიგი დამკვირვებლების მიერ რიდად, თუნდაც შიშად აღიქმება. მოსკოვი ცდილობს სამყარო ცივი ომის პერიოდის ლოგიკას დაუბრუნოს, როდესაც ორპოლუსიანი მსოფლიო სისტემის პირობებში იგულისხმებოდა, რომ ბლოკის შიგნით წარმოშობილი წინააღმდეგობები მეორე მხარის ჩარევის გარეშე უნდა მოგვარებულიყო. რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის კონცეფცია მომავალ მსოფლიოს მულტიპოლარულად მოწყობილს ხედავს. რაოდენ ანაქრონულადაც არ უნდა ჩანდეს, ამაში მოსკოვი, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ექსკლუზიური ინტერესების ზონის შექმნას გულისხმობს. სხვა სიტყვებით, ისეთი რეგიონის ინტეგრაციას, სადაც თამაშის წესებს თავად კრემლი დააწესებს და გააკონტროლებს.

შესაბამისად, ცივ ომში ჩათრევის მოსკოვურ მცდელობებზე დასავლეთის საპასუხო პოლიტიკა, სტრატეგიული თვალსაზრისით სავსებით გამართლებული და თანმიმდევრულია.

რადგან რუსეთზე გავამახვილეთ ყურადღება, საინტერესოა, რუსეთის თავდაცვის მინისტრის „ანალიზი“ კავკასიასა და შუა აზიაში სირიის ანალოგიური კრიზისების შესაძლებლობის შესახებ. რამდენად იკვეთება ამ „შესაძლო“ კრიზისში თავად რუსეთის ინტერესი და აქვე, რამ შეიძლება მოთოკოს, შეაჩეროს რუსეთის იმპერიული ამბიციები?

რუსეთის „იმპერიული ამბიციების“ მოთოკვა შეუძლებელია, თუმცა მათი აქტუალიზების რაოდენობრივი და თვისობრივი მახასიათებლები შესაძლებელია დროში შეიცვალოს. ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ხარჯზე საკუთარ ინტერესებზე მორგებული ეკონომიკური და პოლიტიკური სივრცის ინტეგრირება, მოსკოვის სტრატეგიული ხასიათის არჩევანია და გრძელვადიან პერიოდში შენარჩუნდება. ეს განპირობებულია იმ ღრმა კრიზისით, რომელშიც დღევანდელი რუსული სახელმწიფო და საზოგადოება იმყოფება.

დამოუკიდებელობის 25 წლიანი პერიოდის მიუხედავად კვლავაც აქტუალურია საერთოეროვნული იდენტობის პრობლემა, რაც დეზინტეგრაციის პერმანენტული გამოწვევის წინაშე ამყოფებს სახელმწიფოს. მოსკოვმა ვერ მოახერხა მეტ-ნაკლებად კონკურენტუნარიანი ეკონომიკის, საგანმანათლებლო თუ სამეცნიერო სისტემის შექმნა. ამის მიზეზია კორუფციასა და ნეპოტიზმზე დაყრდნობილი მართვის მანკიერი სისტემა, რომელიც ამ სახელმწიფოში ჩამოყალიბდა. ქვეყნის ხელმძღვანელობა აღიარებს რეფორმების გატარების აუცილებლობას, მაგრამ იმასაც აცნობიერებს, რომ ცვლილებების დაწყების შემთხვევაში შესაძლოა დაკარგოს კონტროლი სიტუაციაზე.

ეს და მრავალი სხვა პრობლემის ნიველირების სურვილი განაპირობებს კრემლის სწრაფვას მთავარი აქცენტები საგარეო პოლიტიკაზე გადაიტანოს. ამავდროულად, რუსეთს გააჩნია შეერთებული შტატების პარიტეტული ბირთვული პოტენციალი და საკმაოდ ძლიერი ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალები და ცდილობს მაქსიმალური ეფექტურობით გამოიყენოს ეს უპირატესობა.

სწორედ ამ კონტექსტში უნდა იქნას განხილული რფ-ის თავდაცვის მინისტრის ხსენებული განცხადება. არავითარი რეალური საფუძველი მის „ანალიზს“ არ გააჩნია, ეს არის ელემენტარული მუქარა, უხეში ჩარევის მუქარა, რომლის სამიზნე არა მხოლოდ დასახელებული რეგიონებია.

თურქეთის კრიზისი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. ნატოს წევრი ქვეყანა ღიად ადანაშაულებს ალიანსის უმთავრეს მოთამაშეს - აშშ-ს ტერორიზმის მხარდაჭერაში. ცხადია, რომ ვაშინგტონი ანკარას გიულენს არ გადასცემს. ამავე დროს, ფაქტობრივად, პარალიზებულია ნატოს სამხედრო ბაზის ფუნქციონირება თუქრეთის ტერიტორიაზე. რა გამოსავალი არსებობს ვითარების განსამუხტავად, ან რამდენად არის შესაძლებელი კრიზისის გაღრმავება და თუნდაც ის, რომ ანკარა და მოსკოვი პარტნიორებად ვიხილოთ?

თურქეთმა გაასრულა თავისი ისტორიის ერთი, ასე ვთქვათ საკუთარ თავში ჩაკეტვის, ეტაპი და ახალ ეტაპზე გადავიდა, რომელიც, მათ შორის, უფრო აქტიურ საგარეო პოლიტიკასაც გულისხმობს. ანკარას გააჩნია პოზიტიური საინტეგრაციო პროგრამა რეგიონისთვის, რომლის განხორციელების ფარგლებში იგი მისთვის უმნიშვნელოვანეს ქურთების პრობლემასაც აგვარებს. სამართლიანობისა და განვითარების პარტიის მმართველობის პერიოდში არ ყოფილა შემთხვევა, რომ ან აშშ-ს ან სხვა რომელიმე დასავლელ მოკავშირეს ხელი შეეშალა მისთვის თავისი გეგმების განხორციელებაში. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ თურქეთის პარტნიორობა ნატოსთან მყარ სტრატეგიულ საფუძველზე დგას.განსხვავებით რუსეთისაგან, რომლის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებიდან ჯერ წელიწადიც კი არ არის გასული. ვინც მოვლენებს თვალყურს ადევნებდა, კარგად ახსოვს, როგორ ცდილობდა მოსკოვი ამ ფაქტის მიჩქმალვას. ეს ლაპარაკობს მოსკოვსა და ანკარას შორის არსებული წინააღმდეგობების ძნელადგადასალახავ ხასიათზე. ასევე საშუალებას იძლევა ვივარაუდოთ, რომ ეს წინააღმდეგობები თურქეთის სტრატეგიულ საგარეოპოლიტიკურ გეგმებს უქმნიან საფრთხეს. ამდენად, თურქეთისა და რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური დაახლოება, თუნდაც ტაქტიკური ამოცანების ერთობლივი გადაჭრის მიზნით, მეტად პრობლემატური ჩანს და ნაკლებადსავარაუდოა.

მიუხედავად იმისა, თუ როგორი იყო ფეთუჰლა გიულენის როლი გადატრიალების მცდელობაში, თურქეთი და შეერთებული შტატები გამოძებნიან საერთო ენას და მოკავშირეებად დარჩებიან. უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ურთიერთობების გამოსწორება ახალი პრეზიდენტის მიერ თანამდებობის დაკავების შემდეგ დაიწყება.

ამ ვითარებაში რა არის ის ოქროს შუალედი, რომელიც საქართველოს კატაკლიზმების ეპიცენტრში არ მოახვედრებს და შესაძლებელი გახდება სარგებელი თუ არა, დანაკარგების გარეშე გადავრჩეთ?

რეგიონში მიმდინარე რთული და არაერთმნიშვნელოვანი პროცესების მიუხედავად, მე საქართველოსთვის პროცესების კატაკლიზმური სცენარით განვითარების საფრთხეს ვერ ვხედავ. ჩვენს მთავარ საფრთხედ რჩება რუსეთი. მას საქართველოს წინააღმდეგ პირდაპირი სამხედრო აგრესიისთვის აუცილებელი რესურსი დღეს არ გააჩნია. უნდა გავაგრძელოთ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებისა და რისკების განეიტრალებაზე მიმართული კურსი. რაც, უპირველეს ყოვლისა, მოკავშირეების შეძენასა და მათთან თანამშრომლობის გაღრმავებას გულისხმობს.

და ბოლოს, ჩვენ ვხედავთ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების სრულ უმოქმედებას. გაერო ვერანაირ გავლენას ვერ ახდენს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე, ასევე არანაირი გავლენა არ აქვს ევროსტრუქტურებს თუნდაც უკრაინის კონფლიქტზე - ეკონომიკური ემბარგო ვერ ხდება ვითარების განმუხტვის რეალური ბერკეტი, პრობლემებია ნატოს შიგნითაც. ამ ვითარებაში, რამდენად არის აუცილებელი, რომ მსოფლიოს დემოკრატიული ქვეყნები ახალი, უფრო მოქნილი, ორგანიზაციების ჩამოყალიბებასა და მსოფლიო პოლიტიკური თამაშის ახალ წესებზე შეთანხმდნენ? თუნდაც. იმავე რუსეთის ქმედებები საქართველოსა და უკრანის წინააღმდეგ თვალნათლივ მიუთითებს რომ დეკლარაციები, ხელშეკრულებები, ქარტიები, რომლებასაც წევრი სახელმწიფოები აწერენ ხელს მხოლოდ პოზაა და რუსეთი ათასგვარი ინტერპრეტაციებით არღვევს საერთაშორისო შეთანხმებებს.

რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ეკონომიკური სანქციები იმთავითვე არ ყოფილა მეყსეულ ეფექტზე გათვლილი. რაც შეეხება მათს არაეფექტურობას, ამაზე საუბარი გადამეტებულ სკეპსისად მიმაჩნია. სწორედ სანქციებმა აიძულა მოსკოვი უარი ეთქვა თავის თავდაპირველ გეგმაზე უკრაინაში და მოლაპარაკებების მაგიდასთნ დამჯდარიყო. სწორედ მოქმედი და მოსალოდნელი ახალი სანქციების შიში არის ის ძალა, რომელიც აიძულებს რუსეთს თავი შეიკავოს ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციისაგან უკრაინაში.

რაც შეეხება საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათი გარდაქმნა-რეფორმირების აუცილებლობაზე საუბარი დიდი ხანია მიდის. თანამედროვე საერთაშორისო სისტემას იალტის წესრიგსაც უწოდებენ. ის მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებულმა ქვეყნებმა შექმნეს ვერსალის გაკვეთილების გათვალისწინებით, იმ გათვლით, რომ სამუდამოდ გამოერიცხათ დამარცხებულების მხრიდან რევანშის მცდელობები. ვერსალი იმიტომ ვახსენე, რომ მეორე ომი პირველის გაგრძელება იყო და ითვლება, რომ „სწორ“ ზავს შეეძლო მეორის აცილება.

აქ უპრიანია გავიხსენოთ, რომ როგორც პირველი, ისე მეორე მსოფლიო ომი არა მხოლოდ გერმანიის, არამედ  რუსეთის ჰეგემონისტურმა მისწრაფებებმაც გამოიწვია. გერმანიის აგრესიულობა ომში დამარცხებამ მოსპო. მაგრამ არსად გამქრალა რუსეთის აგრესია, რომელიც მეორე ომის შემდეგ გამარჯვებულთა რიგებში აღმოჩნდა. მან გააგრძელა ბრძოლა მსოფლიო ბატონობისთვის, რომელიც ცივი ომის სახელით არის შესული ისტორიაში. ცივი ომი ჩვენი თაობის სიცოცხლეში დასრულდა რუსეთის დამარცხებით. სამწუხაროდ, არ მომხდარა ომის დასრულების შედეგების შესაბამისი საზავო ხელშეკრულებით გაფორმება, რომელიც საშუალებას მისცემდა გამარჯვებულ მხარეს, ისევე როგორც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კოალიციის ქვეყნებს, სამუდამოდ აღეკვეთა რუსეთის ჰეგემონისტური მისწრაფებები.

იმის თქმა მინდა, რომ თანამედროვე საერთაშორისო სისტემა, რომლის მთავარი გარანტორია გაერო, ასახავს არა დღევანდელ, არამედ მეორე მსოფლიო ომის დასრულებისდროინდელ რეალიებს. იმის მაგალითად, თუ რა შედეგები შეიძლება მოიტანოს ამ ანაქრონიზმმა, გამოდგება თუნდაც რუსეთის მიერ ვეტოს უფლების ფლობა.

სამწუხაროდ, რუსეთის აგრესიული ჰეგემონიზმის ალაგმვის შესაფერისი მომენტი, როგორც აღვნიშნე, გაშვებულია. პუტინის პერიფრაზი რომ ვიხმარო: მეოცე საუკუნის ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური შეცდომა იყოს ის, რომ ცივ ომში დამარცხებული საბჭოთა კავშირი არ იქნა განიარაღებული და მის ტერიტორიაზე არ იქნა შემოღებული გამარჯვებულთა საოკუპაციო მმართველობა.

იმედი ვიქონიოთ, რომ ეს შეცდომა არ მიგვიყვანს ახალ ცივ ომამდე, თავისუფალი სამყაროს მშვიდობიანი ძალისხმევა გამოიღებს შედეგს, კრემლი აგრესიულობას კონსტრუქციულობით შეცვლის და საქართველოს მიეცემა დემოკრატიული განვითარების საშუალება.

„ჯი-ეიჩ-ენი“, ესაუბრა გეგა სილაგავა

ავტორი: . .