თარიღი    დრო

ზაზა ფირალიშვილი:  ჩვენი პოლიტიკოსების უდიდესი ნაწილი უგრძნობელია საზოგადოებრივი განწყობების მიმართ

საქართველო, თბილისი - 19:39 08.05.2016 10064

„ჯი-ეიჩ-ენის“ კითხვებს ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი პასუხობს.

ბატონო ზაზა, ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობს. დიდი დაკვირვება არ სჭირდება იმას, რომ ამ არჩევნებზეც არ გააკეთებს ამომრჩეველი თავის არჩევანს პოლიტიკური პარტიების პროგრამების საფუძველზე. კვლავ პიროვნული სიმპატიები და კვლავ „წარსულის გაკვეთილები“ გახდება არჩევნების ბედის გადამწყვეტი. რამდენად სასარგებლო იქნება ასე გაკეთებული არჩევანი ქვეყნისთვის და თუნდაც კონკრეტული ამომრჩევლისთვის?

როგორც კი საკითხს ასე პესიმისტურად დასვამენ ხოლმე, მაშინვე მიჩნდება სურვილი, შევეწინააღდეგო და ვითარებას სხვა მხრიდან შევხედო. ალბათ, მართალიც ვარ, რადგან სიტუაცია არასოდეს აღიწერება ცალსახად. შესაბამისად, ჩვენი მდგომარეობაც არ არის რადიკალურად პესიმისტური შეფასების ღირსი. ჩვენში ხშირად ჩივიან, რომ ამომრჩეველი უგრძნობელია წინასაარჩევნო პროგრამების მიმართ და აქცენტს პიროვნებებზე აკეთებს. ეს, მართლაც, ასეა და ვერ ვიტყვი, თუკი სადმე სხვაგან სხვაგვარადაა.  გაიხსენეთ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები. თუ მკითხავთ, ჩვენში მოქმედებს სრულიად ჯანსაღი ცოდნა იმისა, რომ ყოველი პროგრამის მიღმა დგას ადამიანი, ვინც თავის უნარიანობაში უნდა დაგვარწმუნოს. ღმერთმა იცის, რამდენ პოლიტიკურ ჯგუფს ჰქონდა უფრო დახვეწილი და რეალისტური პროგრამა, ვიდრე -  გამსახურდიას, შევარდნაძეს, სააკაშვილს ან  ივანიშვილს, მაგრამ გადამწყვეტი როლი ითამაშა რწმენამ, რომ სწორედ ეს პიროვნებები შეძლებდნენ თავისი დაპირებების რაღაც მინიმუმის შესრულებას.  ვფიქრობ, ეს არ არის ურიგო რამ. ჩვენი ამომრჩეველი წლების მანძილზე არ ენდობოდა არც დოქტრინიორებს და არც პოპულისტებს, სამაგიეროდ ნდობას უცხადებდა იმათ, ვისშიც იმ კონკრეტულ ისტორიულ მომენტში რაღაც ძალზე მნიშვნელოვანის გაკეთების უნარს გრძნობდა, ხოლო როდესაც ეს კონკრეტული მავანი საკუთარი თავის განმეორებას იწყებდა და სიტუაცია ჩიხში შეჰყავდა, უკუაგდებდა მას.

პოლიტიკა არც მხოლოდ პროგრამული დოკუმენტების შექმნის უნარია და არც მხოლოდ პიარი. მე ისეთი პოლიტიკური ჯგუფებიც მინახავს, ვისაც არაჩვეულებრივად დახვეწილი საპროგრამო დოკუმენტი შეუქმნიათ და ბეჯითი მოწაფეებივით ასრულებდნენ პიარის უცხოელი სპეციალისტების დავალებებს (რომლებმაც, როგორც წესი, ძალიან ცუდად იციან ჩვენი საზოგადოებრივი გარემო) მაგრამ არაფერი გამოსვლიათ. შემდეგ კი, ცხადია, ჩიოდნენ და კიდევ დაიჩივლებენ, რომ მათ ვერ გაუგეს და რომ არავინ ჩაიხედა მათ პროგრამებში.

კიდევ გარკვეული დროა საჭირო, რომ ჩვენმა ამომრჩეველმა პიროვნულ უნართან ერთად საპროგრამო დოკუმენტიც დააფასოს და მხოლოდ მავანის ზოგად განცხადებებს არ დასჯერდეს. ეს პროცესი უკვე მიდის. ჩვენმა ამომრჩეველმა უკვე იგრძნო, რა ხეირს უქადის მას პოლიტიკურ ძალათა შორის კონკურენცია. ამით მისი დამოკიდებულება პოლიტიკური ცხოვრების მიმართ თანდათან, მაგრამ საიმედოდ  იცვლება.

როგორც კი ამომრჩეველი იგრძნობს, რომ პოლიტიკოსი მასზე მაღლა აყენებს თავს და  ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების სიმაღლიდან ერთგვარ პედაგოგიურ ფუნქციას კისრულობს, ჩათვალეთ, რომ ის გაირიყება და მარცხისთვის არის განწირული. არ დავასახელებ კონკრეტულ მაგალითებს. თქვენც კარგად მოგეხსენებათ, რომლებია ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებმაც ეს შეცდომა დაუშვეს.

დაბოლოს, თუ ამომრჩეველი პოლიტიკოსში ვერ გრძნობს გულწრფელობას, ნებას და ენერგიას, ჩავთვალოთ, რომ მას ტყუილად უთენებია ღამეები საპროგრამო დოკუმენტების შესაქმნელად. ჩვენი ამომრჩეველი თავისი თავის პიარ ხრიკებით გაბითურებაზეც ხუჭავს თავს, თუ მიიჩნებს, რომ „ახლა ასეა საჭირო“ და რომ ამჟამად  ალტერნატივა არ არსებობს. მე თუ მკითხავთ, ამაშიც ჩანს მისი პრაგმატული სიბრძნე. სააკაშვილის წარმატებისა და მარცხის საიდუმლო სწორედ აქ მეგულება. რაღაც დროის განმავლობაში უბრალო მოქალაქე მზად იყო, მოეთმინა ჰიპერტროფირებული პიარიც და ძალადობაც, სანამ გრძობდა, რომ ყველაფერი ეს საშუალებას აძლევდა ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი შლაკისაგან გათავისუფლებულიყო. მერე კი, როდესაც ყველაფერი ეს წრეზე დატრიალდა და ტკივილისა და ტოტალური სიცრუის მეტი არაფერი მოჰქონდა, ახალი არჩევანი გააკეთა.

მოკლედ, ჩვენ ყველანი ახლაღა ვიძენთ იმ გამოცდილებას, რომლის შეძენის საშუალებაც აქამდე არ გვქონია.    

რატომ არ ვიზრდებით, ან რატომ ვიზრდებით ძალიან ნელა. რატომ გვიჭირს ღირებულებებში გარკვევა და რა რის იმის მიზეზი, რომ ქვეყანაში სადაც ყველა პოლიტიკოსი და ყველა პოეტია „სამშობლო“ დავკარგეთ?

ნამდვილად ვიზრდებით და ნელ-ნელა გამოვდივართ იმ ინფანტილიზმიდან, რომლის გახსენებაც დღეს გვრცხვენია. დღეს თითქმის ყველამ იცის, რომ არ შეიძლება ყველა პასუხისმგებლობის ერთი ადამიანისათვის გადაბარება და რომ, საბოლოოდ, ეს ერთი მავანი აუცილებლად თავის ინტერესებსა და გემოვნებაზე მორგებულ მახინჯ სისტემას შექმნის. ნელ-ნელა ვიაზრებთ, რომ ყველა პასუხისმგებლობის სხვისთვის გადაბარება იმ მოჩვენებით სიმშვიდეს ქმნის, რომელიც, უმალ, ჭაობია და ამგვარი ჭაობიდან მხოლოდ მონსტრები იბადებიან.

ბუნებრივია ჩვენი სურვილი, რომ ყველაფერი ეს ჩვენს თვალწინ გამოსწორდეს, მაგრამ ისტორიას თავისი ტემპი და რიტმი აქვს.  თქვენი განწყობა ბუნებრივიცაა და სამართლიანიც. და მაინც, თუ თუნდაც ჩვენს მეზობლებს გადავხედავთ, პროგრესი აშკარაა. უფრო მეტიც, თუ ობიექტურები ვიქნებით, ჩვენი ელიტების სრული განადგურებისა და გადაგვარების შემდეგ ასეთი პროგრესი მოსალოდნელი არც იყო. ერთი წამით გავიხსენოთ 90-იანი წლების საქართველო თავისი მუცლითმეზღაპრეობით, კრიმინალის საყოველთაო ბატონობით, პოპულისტი პოლიტიკოსების აღლუმით, ელემენტარული სოციალური ჩვევების არქონით და ა.შ. და აღმოვაჩენთ, რომ სულ ორი ათეული წლის განმავლობაში გაგვივლია ის გზა, რომლის გასავლელადაც ბევრ დიდმა ერმა გაცილებით დიდი დრო დახარჯა.

როგორ ფიქრობთ, ამ არჩევნებზე, რა იქნება მთავარი ღირებულება, რომელიც ამომრჩეველს საარჩევნო უბნებში მიიყვანს და კონკრეტული პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ გააკეთებინებს არჩევანს?

ძნელი სათქმელია. ერთი კი ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ამ არჩევნებზე ჩვენი ამომრჩეველი გაცილებით უფრო პრაგმატული იქნება და კოლექტივისტური ენთუზიაზმი, რომლის წყალობითაც გამარჯვებული პოლიტიკური ძალა არაბუნებრივი პროცენტული მაჩვენებლით მოდიოდა ხელისუფლებაში, ამ არჩევნებზე დიდ როლს არ შეასრულებს. ჩვენ ყველანი ვხედავთ, ძირითადი აქტორები როგორ ცდილობენ ამ ენთუზიაზმის აღძვრას, მაგრამ ბევრს ვერაფერს აღწევენ. თუ დღევანდელი ამომრჩეველი პასიურია, მე ამას რაციონალურ პასიურობას ვუწოდებდი. დღევანდელ პოლიტიკურ სივრცეზე არ მოიძევება ისეთი ძალა, რომელიც შეძლებს და მოსახლეობის უდიდესი ნაწილის უპირობო მხარდაჭერას მოიპოვებს.  ბოლო ათწლეულების განმავლობაში შემუშავებული პრაგმატიზმი კი ჩვენს ამომრჩეველს, როგორც ჩანს, უკარნახებს, რომ დიდად არ შეცვალოს არსებული პოლიტიკური კონფიგურაცია, რადგან ის, ამ ეტაპზე მაინც, ამართლებს, უკეთესი კი არ ჩანს.

საქართველოში პრპრუსული და პროდასავლური ძალების ბრძოლა მიმდინარეობს, პრორუსული ძალების „კოზირი“ უფროს ძმასთან წარსულში კარგი ურთიერთობებია, რომ მოსკოვს შეუძლია დაგვიბრუნოს აფხაზეთი და ცხინვალი, რომ აუცილებელია დავთმოთ იმისათვის, რომ მივიღოთ. მათივე კოზირია, რომ „დასავლეთი  გარყვნილია“. ამ დროს ყველას უნდა ვილა ნიცაში, სახლი ნიუ-იორკში და ყველა ფიქრობს რომ თუნდაც ევროპის რომელიმე ქვეყანაში მისი შრომა მეტად დაფასებული იქნებოდა. რა ფენომენი განსაზღვავს ასეთ მიდგომებს და რა არის რეალობა, რომლითაც უნდა იხელმძღვანელს მოსახლეობამ?

ამ ბრძოლაში პრორუსული ძალები იმთავითვე დამარცხებულები იყვნენ. როგორ პრორუსულ სენტიმენტებსაც არ უნდა გამოხატავდნენ ადამიანები, ყოველი მათგანის სულში თანდათან გაიღვიძა საკუთარი ღირსების გრძნობამ იმის გამო, რომ მისი სახელმწიფო დამოუკიდებელია და რომ მას გააჩნია ის, რაც დასავლურ კურსთან ასოცირდება - პიროვნული თავისუფლება. მართალია, ამ პიროვნულ თავისუფლებას ზოგი ჩვენი  დოქტრიონერი მედასავლეთე ისეთი ფორმებით უხატავს, რომ უმალ აფრთხობს, ვიდრე ამ თავისუფლების გამო სიხარულს აგრძნობინებს, მაგრამ ჯანსაღი ინსტიქტი თავის საქმეს აკეთებს. რუსული ძალები ცდილობენ შექმნან ერთგვარი იდეოლოგიური „ხის რკინა“ - ქართული ეროვნული იდეისა და რუსული იმპერიული რევანშიზმის ნაზავი პოლიტიკური მართლმადიდებლობის  საფუძველზე. ლამის ყოველდღიურად ვკითხულობთ თუ ვისმენთ ამ უცნაურ მისტიკურ გეოპოლიტიკას. გარკვეულ  წრეებზე მას საკმაო გავლენა აქვს, მაგრამ, როგორც საზოგადოებრივი აზრის ყველა გამოკითხვიდან ჩანს, ეს გავლენა ჩვენს უახლოეს მომავალზე ზეგავლენას ვერ მოახდენს. ბევრი არგუმენტის ჩამოთვლა შეიძლებოდა. მთავარი ჩემთვის ისაა, რომ ამ ეტაპზე დასავლური ორიენტაციის ამომრჩეველი უკეთ არის მობილიზებული და სიმართლის გრძნობაც აქვს. პრორუსულ ელექტორას კი თავიდან ვერ მოუშორებია უხერხულობის გრძნობა. გარდა ამისა, ელექტორალურ აქტივობაში უკვე ჩართულები არიან ადამიანები, ვისთვისაც რუსული ცხოვრების ყაიდა გაცილებით უფრო უცხოა, ვიდრე დასავლური.

დაახლოებით 2006-2007 წლიდან რუსული პოლიტიკა შეეცადა ჩვენი საზოგადოება დაეყენებინა შემდეგი არჩევანის წინაშე: ან სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა, ან რუსული ორიენტაცია. ეს ბევრ რამეში ჩანდა და საბოლოოდ 2008 წელს პოკლონნაია გორაზე ცნობილი ვიზიტით გაჟღავნდა. რუსებმა მიმართეს სრულიად გამჭირვალე ხერხს. წინა ხელისუფლების ყველა დანაშაული მისი დასავლური ორიენტაციით უნდა ახსნილიყო.  საბედნიეროდ საქართველოში ვერ მოიძებნა  საზოგადოებაზე რეალური გავლენის მქონე ისეთი პოლიტიკოსი, ვინც სათავეში ჩაუდგებოდა ამ განწყობებს. მხოლოდ ორიოდე მარგინალმა ან უკვე შემდგომში მარგინალიზებულმა გაბედა ეს. მათი ოდენობა ლეგიონია, მაგრამ ვხედავთ, რომ ჯამში თითქმის არაფერს იძლევიან, რადგან დღეს საქართველოში, მას შემდეგ, რაც გადავიტანეთ რუსულ იმპერიასთან ომი, მას შემდეგ, რაც აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან განიდევნა ასი ათასობით ადამიანი, მას შემდეგ, რაც როგორც კი საბაბი მიეცათ, სეპარატისტული რეგიონები აღიარეს და კვლავაც ცდილობენ ახალი სეპარატიზმის გაღვივებას, მას შემდეგ, რაც ყოველდღიურად გვესმის, თუ როგორ შეიმუშავებენ ჩვენი ქვეყნის პირისაგან მიწისა აღგვის გეგმებს, არ მინდა დავიჯერო, რომ რუსული პოლიტიკა თავისი ბოდვითი იდეოლოგიითა და ყალბი მორალიზმით რამე საგრძნობ წარმატებას მიაღწევს. ჩვენში გაჩნდა თავისუფალი ადამიანი, რომელიც თავისუფლად მოძრაობს თანამედროვე ცივილიზაციაში, გაჩნდა ახალი, თავისუფალ გარემოში დაბადებული და ასპარეზზე გამოსული თაობა. ამიტომაც არის ძნელი წარმოსადგენი რევოლუცია მონობის სახელით. ვფიქრობ, ეს ჩვენზე კარგად რუსეთში იციან და ამიტომაც ვერ ამბობენ უარს ძალადობაზე - იტაცებენ ადამიანებს, ცვლიან საზღვარს,  პოლიტიკური მოტივებით უარს ამბობენ ჩვენი საქონლის რუსეთში შეტანაზე და ასე შემდეგ, რათა  ჩვენს სულმოკლეობაზე ითამაშონ, იმაზე, რომ ერთხელაც იქნება ქართველ კაცს ეს პოლიტიკური ბანდიტიზმი „სტოკჰოლმის სინდრომით“ შეუყვარდება.

ტიპიური რუსი პოლიტიკანისათვის და არა მხოლოდ მისთვის ქართველი კაცი სწორედ ისეთია, როგორებადაც რუსულ ფილმებში გვხატავდნენ: უსასრულოდ ბრიყვი ეგზოტიკური არსება, რომელსაც თავადაც ვერ გაუგია, რატომ უყვარს სიცოცხლე და არავითარი სიღრმე არა აქვს. და სანამ ასე იქნება, სანამ არ აღიარებენ, რომ ჩვენს მიმართ ასეთი იმპერიულ მოწყალე-მოძალადე დამოკიდებულებით მხოლოდ აგებენ, სანამ არ მიხვდებიან, როგორი ამაოა ჩვენთან ურთიერთობა კოლონიზატორი-აბორიგენის მოდელით ააგონ, საქართველოში რუსული იმპერიული პოლიტიკის გამარჯვების შანსს ვერ ვხედავ. მითუმეტეს, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ძნელია გამოძებნო ასე თუ ისე სერიოზული პოლიტიკოსი, ვინც სერგო ორჯონიკიძის როლს იკისრებს. მარგინალები კი ყოველთვის ყველგან იარსებებენ.

ის, რაც ძიებების სიღრმით და ადამიანის ულმობელი გაშიშვლებით, სიკვდილის იდეასთან მახლობლობით აღტაცების მომგვრელია დოსტოევსკისთან ან პლატონოვთან, პოლიტიკაში გადმონაცვლებისთანავე მილიონობით ადამიანის კოშმარად იქცევა სხვადასხვა ფორმით და ეს ჩვენში ბევრს ესმის. 

თუმცა კი თავი ზედმეტად არ უნდა დავიმშვიდოთ. რუსული პოლიტიკისათვის რაც უფრო აშკარა გახდება, თუ რა ამაოა ამგვარი სტრატეგიებით გამარჯვების იმედი, მით მეტია საშიშროება, რომ რაღაც უკიდურესს და უგვანოს მოიმოქმედებენ. ეს კარგად უნდა გაიგონ ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმაც.

რა განსაზღვრავს ჩვენს ცნობიერებას, ისევ და ისევ ყოფიერება? აბჯარასხმული ქართველი გლეხები, რომელიც ისტორიამ გმირებად აქცია განა საკუთარი ყოფიერებით ცალკეულ ქართველ ერისთავებზე ცუდ ყოფაში არ იყვნენ? რა იყო თუნდაც ცხრა ძმა ხერხეულიძის მოტივი, როდესაც მათ შეეძლოთ თავი შეეკლათ მტრისთვის. ამ კითხვას აგვისტოს ომის კონტექსტში ვსვამ. დღეს ხშირად გაიგონებთ, რომ დამნაშავეა ხელისუფლება. რომელმაც ქართველები რუსებს შეაკლა. რომ დიდ სახელმწიფოებთან ბრძოლა და ომი არ შეიძლება. მართებულია ეს ფორმულა?

არის სიტუაციები, როდესაც ომი გარდუვალია და ეს პოლიტიკოსებზე ნაკლებად არის დამოკიდებული. როდესაც ნაციონალების ხელისუფლებას ვადანაშაულებთ უნდა გავითვალისწინოთ, თუ როგორ საგანგებოდ ზრუნავდა რუსული მხარე, რათა სისხლისნი შეტაკების პროვოცირება მოეხდინა. ეს კარგად უნდა გავაგებინოთ ჩვენს უცხოელ პარტნიორებსაც. თუმცა ჩვენთვის ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ ამ პროვოკაციაზე წამოეგო ადამიანი, რომელმაც 2007 წელს იგრძნო, თუ რა კრიტიკულად დაბალი იყო მის მიმართ ნდობა. ამ დროს იოლია ვირწმუნოთ, რომ ერთგვარი ბონაპარტისტული დემარშით შეეცადა სიტუაციის გამოსწორებას და პროვოკაციას „წამოეგო“.  ამ მრავალსახა ვითარების მიზეზითაა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს უჭირთ ამ ომის გამომწვევ მიზეზთა ცალსახა შეფასება. ეს ართულებს იმასაც, რომ 2008 წლის ომი საერთაშორისო დონეზე უკრაინის ამბებთან ერთად მუდმივად ერთ კონტექსტში მოიხსენიებოდეს. თუმცა, ერთისმხრივ, აშკარაა, რომ  აქ ჩვენი დიპლომატიაც აკლებს ხელს, ხოლო, მეორესმხრივ, ევროპაში მრავლად არიან ისეთი პოლიტიკოსები, რომელთა საჯარო „აზრსაც“ მათი გაზპრომთან   ურთიერთობა განსაზღვრავს.

ცოტა არ იყოს, ავცდი თქვენს კითხვას.   შუა საუკუნეების ადამიანის დამოკიდებულება ომის მიმართ განსხვავებული იყო. ომი ყოველდღიურობას წარმოადგენდა.  შეუიარაღებელ მამაკაცს იშვიათად ნახავდი. მაგრამ, ამასთანავე, შინდისის გმირები რომ მახსენდება, ვრწმუნდები, რომ ჩვენც არ გვაკლია ბრძოლის ნება.  ცხადია, დღეს სხვა სამყაროში ვცხოვრობთ და ქართველი კაციც სხვაა, თუმცა, დღესაც მოიძებნება 300 არაგველიც და 9 ძმა ხერხეულიძეც, თუმცა კი მათი გამჟღავნების გზა სხვაგვარი იქნება.

როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ ქართველი ამომრჩეველი წლიდან წლამდე ტყუვდება ან თავს იტყუებს, სათანადო ვერ გაიზარდა... საინტერესოა, რამდენად აკმაყოფილებს პოლიტიკური სპექტრი სახელმწიფოსთვის აუცილებელ სტანდარტებს. უფრო დავკონკრეტდები - რა არის ქართველი პოლიტიკოსების პლუსი და მინუსი?

ამ თემას ნაწილობრივ უკვე შევეხე. ქართველი ამომრჩეველი, ვფიქრობ, მკვეთრად გაიზარდა. პოლიტიკური სპექტრი სრულიად აშკარად ჩამორჩა მას და მუდმივად ცდილობს, ძველი პოლიტიკური რეცეპტურით გაგვიმასპინძლდეს. როდესაც ვერ ხვდები, რომ შენი თუნდაც ზედმიწევნით ლიბერალური განცხადება   საზოგადოების განწყობებს უპირისპირდება და ორიოდე ჰომო ენჯეოტიკუსის აღტაცება თუ მესამეხარისხოვანი დასავლელი მოღვაწის მოწონებას ამჯობინებ შენივე ადამიანებთან საერთო ენის მოძებნას, მარცხსაც წინასწარ უნდა შეეგუო. თანაც რა ლიბერალიზმზეა საუბარი, როდესაც მხედველობაში გაქვს აბსტრაქტული ადამიანის აბსტრაქტული უფლებები და არც გაინტერესებს ის რეალური კულტურული და ისტორიული გარემო, რომელშიც თავისუფლების იდეალების განხორციელებას ფიქრობ? ასეთი ლიბერალიზმი ნამდვილად არ ემსახურება თავისუფლების იდეალებს, ხოლო პუტინისტების წისქვილზე წყალს ასხამს. ხანდისხან უნდა მოვახერხოთ, იდეოლოგიური სნობიზმი  დავთმოთ და კარგად მივიხედ-მოვიხედოთ.

არასოდეს დამავიწყდება ერთ-ერთი არჩევნებისას გამოფენილი ლოზინგები: „გამჭირვალე მმართველობა“ და „გენდერული თანასწორობა“. თურმე, საკუთარი საზოგადოების ენაზე მეტყველებაც ნიჭიერებას საჭიროებს.

კოლექტიური გონი უცნაური რამეა. საკმარისია, შენმა ერთმა განცხადებამ ეჭვი გააჩინოს მოსახლეობაში, რომ შემდეგ უკვე ძალიან ძნელია ნდობის მოპოვება. როდესაც აცხადებ, რომ კონსტიტუციაში ქორწინების პუნქტის შეტანას მხოლოდ ტაქტიკური მოსაზრებებით უჭერ მხარს, სინამდვილეში კი  . . . და ა.შ. არ უნდა გაგიკვირდეს, თუკი ეს განცხადება შენს მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულებაზე აისახება. ცხადია, რიგითი ქართველი თანაუგრძნობს ადამიანს, ვის პირად ცხოვრებაშიც უკანონოდ და უზნეოდ შეიჭრენ.  მაგრამ მანაც არ უნდა აურიოს ერთმანეთში ადამიანური თანაგრძნობა და პოლიტიკური მხარდაჭერა. 

მოკლედ რომ ვთქვა, ჩვენი პოლიტიკოსების უდიდესი ნაწილი უგრძნობელია საზოგადოებრივი განწყობების მიმართ და ამ უუნარობას პიარით ან პოპულიზმით ანაცვლებს.  აქედან კი სულ მცირე მანძილია, რომ შენს გულწრფელობაში ეჭვი შეეპაროთ. ჩვენი პოლიტიკოსების დიდი ნაწილი იდეოლოგიური ექსტრემიზმით ცდილობს ყურადღების მიქცევას და ავიწყდება, რომ არსებობს რეალური ისტორიული გარემო თავისი ინტერესებით. საბედნიეროდ, არიან სხვაგვარებიც და, რაც დრო გავა, წარმატებას სწორედ ეს „სხვაგვარები“ მიაღწევენ.

და ბოლოს, 8 ოქტომბრის მოახლეოებასთან ერთად ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურა აიწევს. როგორ ფიქრობთ, რომელ ღირებულებით ორბიტაზე აღმოჩნდება 9 ოქტომბერს საქართველო და როგორია თქვენი სურვილები ამ მხრივ?

ასეა თუ ისე, ჩვენი საინფორმაციო სივრცე უკვე საფუძვლიანად აქვთ დაკავებული ნაციონალურ მოძრაობასა და ქართულ ოცნებას. ყველა ძირითადი ხდომილება მათ ირგვლივ ტრიალებს. სხვამ ვერავინ მოახერხა, ამ სივრცეზე შეჭრილიყო და ადგილი მოეპოვებინა.

ამიტომაც, როგორც ვთქვი, ძნელი წარმოსადგენია, თუ რაიმე განსაკუთრებული არ მოხდა, პოლიტიკური რელიეფი მკვეთრად შეიცვალოს. მთავარი მოვლენები არჩევნების შემდეგ გველის. მეორედ არჩევა ნებისმიერი ხელისუფლებისათვის დიდი გამოცდაა. გარდა ამისა, იმედი ვიქონიოთ, რომ ჩვენი პოლიტიკური სპექტრის რაღაც ნაწილი მაინც შეეცდება გათავისუფლდეს იდეოლოგიური სნობიზმისაგან, თვითკმაყოფილებისა და ნარციზიზმისაგან და რაღაც შეცვალოს. უკვე ახლა ვისურვებდი, არჩევნებისათვის საერთო ენა გამოეძებნათ დასავლური ყაიდის პოლიტიკურ ძალებს, მაგრამ ჩვენი პოლიტიკა ჯერაც იმ დონეზეა, როდესაც პოლიტიკოსებს ვერ დაუძლევიათ პირადი მესიანიზმი. განა დასავლელ პოლიტიკოსებს არ ახასიათებთ ეს, მაგრამ გამოცდილება აიძულებთ, რომ საკუთარი თავით არ დათვრნენ. ჩვენში კი ჯერაც ყოველი ლიდერი თუ პოლიტიკური ჯგუფი საკუთარ თავს წარსულში განცდილი წარმატების მწვერვალზე განიხილავს და არ სურს დაინახოს, რომ საზოგადოებრივ განწყობებში ბევრი რამ სწრაფად იცვლება და რომ სიტუაცია მათგან ცვლილებებს მოითხოვს.

ბედად, იგივე ეხებათ პუტინისტურ პოლიტიკურ ჯგუფებსაც.

რაც შეეხება სურვილს, არსებობს რამდენიმე სხვადასხვა და ხშირად ურთიერთდაპირისპირებულ პარტიებში გაფანტული ადამიანი, რომელთა პარლამენტში ყოფნაც აუცილებლად მიმაჩნია საიმისოდ, რომ პოზიტიური პროცესები შენარჩუნდეს. ჩამოთვლას აღარ შევუდგები.  

 

„ჯი-ეიჩ-ენი“, ესაუბრა გოჩა მირცხულავა




komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 83%
შემცირდა 13.9%
არ შეცვლილა 3.1%