ENG / RUS       12+

აფხაზეთის ჩაფლავებული «რეფერენდუმი»

აფხაზეთის ფეიკურმა «სახელმწიფომ» მორიგი რეკორდი დაამყარა: ე.წ. «რეფერენდუმზე», რომელიც თავისთავად უნიკალური მოვლენა იყო, რაკი რიგგარეშე არჩევნების ჩატარება - არჩატარებას (ანუ, მოქმედი ხელისუფლების ნდობა-უნდობლობას) ეხებოდა, ამომრჩეველთა სულ 0,99% გამოცხადდა.

 ახლა კი წელავენ ამ ციფრს და ამტკიცებენ: «არა, 1% მაინც მოვიდაო». თუმცა ამით საქმეს არაფერი ეშველება: დადასტურდა, რომ აფხაზეთი არა დამოუკიდებელი სახელმწიფო, არამედ ნამდვილი «ბანანის (პალმების) რესპუბლიკაა», რომელიც მთლიანად, ასი პროცენტით რუსულ დახმარებას ეყრდნობა და მეტს არაფერს. საკმარისია მოსკოვმა მოინდომოს და ეს «დამოუკიდებელი სახელმწიფო» უმალ გადაეშვება სისხლიანი ანარქიის ჭაობში.

სხვათა შორის, ამის დადასტურება ძალიან «სასარგებლოა» ზოგიერთი ჩვენი პარტნიორი ქვეყნისთვის (რუსეთს არ ვგულისხმობ რასაკვირველია), რომელიც ბოლო დროს საეჭვოდ «უქიცინებს კუდს» აფხაზ სეპარატისტებს. ერთ-ერთ მაგალითად საკმარისია გავიხსენოთ ორი გულდაგულ მიჩქმალული ფაქტი: იაპონიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ოფიციალური დელეგაციის ვიზიტი აფხაზეთში და შემთხვევა, რომელიც ჟენევის დისკუსიათა ერთ-ერთი რაუნდის წინ მოხდა და ქართული დიპლომატია გაფაციცებით გვიმალავს: მაშინ ქართველმა დიპლომატებმა, რაღაც პროტესტის ნიშნად, «შესაძლო ბოიკოტზე» მიანიშნეს, მაგრამ,   მათდა გასაკვირად აღმოჩნდა, რომ ამ ბოიკოტის (ესე იგი შეხვედრის გადადების) იდეას  არა მხოლოდ რუსები, არამედ ხსენებული «პარტნიორებიც» არ იზიარებდნენ: «თქვენ თუ არ ჩამოხვალთ, შეხვედრა მაინც გაიმართება და ჩვენ აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას თქვენს გარეშეცო».

არის სხვა საეჭვო ნიშნებიც. მათ შორის საინფორმაციო სფეროში.

ანუ, «1%-იანი რეფერენდუმი» და ის ყოველივე, რაც ამ «რეფერენდუმს» წინ უძღოდა, «კუდის მოქიცინეთათვის» იმის დადასტურება იქნება, რამდენად ბუტაფორიულია ეს წარმონაქმნი -  «აფხაზეთის სახელმწიფო» -  და რამდენადაა იგი დამოკიდებული კრემლის ნება სურვილზე, ანუ, რეალურად, სულაც არაა დამოუკიდებელი: აფხაზ სეპარატისტებთან სოციალურ ქსელებში დისკუსიისას ხშირად მოისმენ და წაიკითხავ: «სერიოზული სახელმწიფოები ჩვენს დამოუკიდებლობას არ სცნობენ, რაკი ამერიკა უკრძალავთო».  სინამდვილეში, სიღრმისეული მიზეზი (ამას ვერაფრით აღიარებინებ) ისაა, რომ საქართველოსგან დამოუკიდებლობა სულაც არ ნიშნავს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას, როგორც ასეთს.

ხოლო «რეფერენდუმით» დადასტურდა, რომ არ ნიშნავს არც სტაბილურ სახელმწიფოებრიობას! აბა სად გაგონილა, დემოკრატიულ ქვეყანაში რეფერედუმი ტარდებოდეს მოქმედი ხელისუფლების ნდობა-არნდობის საკითხზე? მაშინ არჩევნები რისთვისღაა?

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ამ «რეფერენდუმს» წინ უძღოდა მოვლენები აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის წინ: ასეულობით ადამიანმა ჭიშკარი შეამტვრია, ეზოში შეიჭრა და მინისტრ ძიაპშპას გადადგომა მოითხოვა; პრეზიდენტმა ხაჯიმბამ ის დაუყოვნებლივ გადააყენა. წინააღმდეგ შემთხვევაში, უკვე მას შეუვარდებოდნენ და ცხვირ-პირს დაამტვრევდნენ.

დემონსტრანტები ასევე მოითხოვდნენ რეფერენდუმის გადატანას შემოდგომისთვის, რაკი ხელისუფლებას გაყალბების მცდელობაში ადანაშაულებდნენ. თავისთავად, ეს მოთხოვნაც აბსურდული იყო, რადგან თუ შემოდგომაზე უნდოდათ კენჭისყრის გამართვა, განაცხადი ივლისში უნდა შეეტანათ და არა აპრილში. აფხაზური კანონის თანახმად კი, კენჭისყრა ინიშნება სამი თვის თავზე. ჰოდა დანიშნეს კიდეც, რაკი სხვა გზა არ ჰქონდათ. თუმცა, ოპოზიციას ივლისში გარდაუვალი დამარცხება არ სურდა, ამიტომ ეს საბაბი მოიგონა: «შინაგან საქმეთა მინისტრი გაყალბებას აპირებსო».

სამინისტროსთან დაპირისპირება უფრო სერიოზულ თავპირისმტვრევაში და სროლაში მხოლოდ იმიტომ არ გადაიზარდა, რომ «პრეზიდენტმა ხაჯიმბამ» შინაგან საქმეთა მინისტრს უფლებამოსილება შეუჩერა. თუმცა, სისხლი მაინც დაიღვარა: უკვე ამ მოვლენების შემდეგ, სოხუმის ცენტრში რამდენიმე ადამიანი დაიჭრა სროლის შედეგად. ზოგიერთი ცნობით, ერთი მათგანი გარდაიცვალა კიდეც; თუმცა ამ ფაქტს აფხაზური და რუსული მედია გულდაგულ ჩქმალავს

«პრეზიდენტმა ხაჯიმბამ» კი, ამ დაპირისპირების შემდეგ გაავრცელა უტიფარი განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ (თურმე) «დაუშვებელია ქუჩიდან ხელისუფლების შეცვლა». თითქოს თვითონ  ამ გზით არ მოვიდა მას შემდეგ, რაც 2014 წელს, სწორედ ქუჩიდან ზეწოლით და ძალადობის მუქარით, აიძულა წინამორბედი პრეზიდენტი ანქვაბი სოხუმიდან გაქცეულიყო.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ძალიან საინტერესოა, აგრეთვე, თუ რა გახდა მაშინ ამ «საზოგადოებრივი მძვინვარების» მთავარი საბაბი: «გალში მცხოვრებ ქართველებს ადამიანებად რატომ თვლით, იქ ქართული სკოლები რატომ ფუნქციონირებს, ქართველებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება რატომ აქვთ და რატომ არ აკეთებთ ყველაფერს გალიდან ქართველების გასაძევებლად ან მათი იძულებითი ასიმილაციისთვისო», რაც სხვათა შორის, საერთაშორისო სამართლით გენოციდის ფორმაა, რადგან გენოციდად ითვლება არა მხოლოდ ფიზიკური განადგურება, არამედ იდენტობის იძულებითი შეცვლა.

ხაჯიმბამ, ამ მხრივ, თავის ხალხს დაპირება პირნათლად შეუსრულა: ქართული სკოლები დახურა და მოსახლეობა დაატერორა. თანაც,  იმ ვითარებაში, როდესაც გალში მცხოვრებ ქართველ ეზუგბაიას საქართველოს ხელისუფლება (პაატა ზაქარეიშვილი) უფასოდ მკურნალობაზე უარს ეუბნებოდა: შენ ხომ ქართველი ხარ? აი, ეზუღბა რომ იყო, სხვა საქმე იქნებოდა - მაშინ უფასოდ გიმკურნალებდითო.

და, ამის შემდეგ,  საქართველოში ვინმეს კიდევ ენა მოუტრიალდება ის ეზუგბაია რაიმეში დაადანაშაულოს, თუკი გვარს ეზუღბად გადაიკეთებს და აფხაზად «ჩაეწერება?»

საერთოდ, «უმოკლეს ვადებში გადასაყენებლად» გამზადებული რესპუბლიკელი მინისტრებიდან, ყველაზე წარმტებულად ტრაგი-კომიკური სწორედ პაატა ზაქარეიშვილის ფიგურაა, რომელიც, როგორც ჩანს, თავად ვერ აცნობიერებს,  როგორ იქცა ტერმინ «ჩაფლავების» ილუსტრაციად. განსაკუთრებით გიგი ოთხოზორიას მკვლელობისა და მისი მკვლელისთვის შინაპატიმრობის (!) მისჯის შედეგად.

ერთადერთი, რაც 21 მაისის საზარელი მკვლელობის და სეპარ-ნაცისტთა ცინიკური რეაქციის (შინაპატიმრობა!)  პასუხად თეორიულად საქართველოს  შეეძლო, ჟენევის დისკუსიათა ბოიკოტირება იყო; მაგრამ ქართული დიპლომატია ამასაც ვერ ახერხებს ზემოთხსენებული მიზეზის გამო:  მეგობრები და პარნტიორები ეუბნებიან - «თქვენ თუ არ ჩამოხვალთ ჟენევაში, ჩვენ მაინც ჩავალთ და აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჩირიკბას უთქვენოდაც დაველაპარაებითო».

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

თუმცა, ყველაზე მთავარი მაინც ის სიღრმისეული მიზეზია, რამაც მთელი ეს აჟიოტაჟი და დაპირისპირება გამოიწვია: ხაჯიმბამ არ შეუსრულა მოსკოვს მთავარი დაპირება და არ მიიღო კანონი ბინების ყიდვა-გაყიდვის შესახებ. ანუ, იგულისხმება, რუსებზე გაყიდვისა, თორემ თურქი აფხაზები (იგივე გიგას მკვლელი ყანჯი ოღლი, ვისაც სულ ტყუილად აცხადებენ «ლაზად»), რაკი აფხაზური პასპორტები აქვთ, თავისუფლად ყიდულობენ ბინებს.

მოსკოვში ამ პროცესს აკვირდებიან  და ძალიან არ მოსწონთ, რაკი აფხაზეთი რუსებისთვის უნდათ და არა აფხაზებისთვის; მით უმეტეს თურქებისთვის.

ამიტომ, პუტინმა სეპარატისტულ რეჟიმს ერთი მესამედით (!) შეუმცირა დაფინანსება. და ამას დაუყოვნებლივ მოჰყვა ასეთი რეაქცია, რაც მოჰყვა!   ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა ამბავი დატრიალდება აფხაზეთში, თუ მოსკოვი ზეწოლის სხვა ბერკეტებსაც აამოქმედებს: დაფინანსებას საერთოდ შეწყვეტს და ფსოუზე საზღვარს ჩაკეტავს.

თუ მოსკოვი ამას დღემდე არ აკეთებს, არ აკეთებს ერთადერთი მიზეზით: მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ სეპარატისტებს აქ (თბილისში) ჰყავთ ისეთი «სასარგებლო გენიოსი», როგორიც ზაქარეიშვილია, რომელიც მაშინვე გამოვარდება და იტყვის: «ძმებო, ჩვენ გაგიხსნით საზღვარს არაფრის სანაცვლოდ (თუნდაც ქართული სკოლების აღდგენისა)  და ავიარეისსაც დაგინიშნავთ, რათა, ყანჯი ოღლის მაგვარმა კეთილშობილმა ადამიანებმა თურქეთიდან იოლად ჩამოაღწიონ  აფხაზეთში».

ისევე, როგორც ჩამოაღწიეს ფეხბურთში «მსოფლიოს ალტერნატიული ჩემპიონატის» მონაწილებმა, რომელთა დიდი  ნაწილი, როგორც ახლა ირკვევა, სწორედ ზუგდიდიდან გადავიდა აფხაზეთში, რაკი რუსებმა  სოჭიდან არ შეუშვეს.

„ჯი-ეიჩ-ენი“, მიხეილ გეწაძე

ავტორი: . .