საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური მიიჩნევს, რომ NDI და IRI ორკესტრირებულად მუშაობენ ”ნაციონალურ მოძრაობაზე”.
ამის შესახებ მან IRI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევების შედეგების შეფასებისას განაცხადა.
,,ეს ორგანიზაციები ორკესტრირებულად მუშაობენ ”ნაციონალურ მოძრაობაზე”. ერთგვარი შემზადება ხდება საზოგადოებრივი აზრის, რომ შემოდგომაზე ზოგიერთმა პოლიტიკურმა ძალამ ეჭვქვეშ დააყენოს არჩევნების შედეგები - სურვილი აქვთ, რომ უკრაინული ვარიანტის მსგავსი რამ აქაც გაიმეორონ, მაგრამ მეეჭვება ეს მოახერხონ. ისინი აბსოლუტურად გაკოტრებულები არიან თავიანთ სატელიტებთან ერთად, იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან”, - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინტიტუტის (IRI) კვლევების შედეგების თანახმად, მომდევნო კვირას რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართებოდეს, გამოკითხულთა 20% ხმას „ქართულ ოცნებას“, 19% კი - „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცემდა. ასევე, გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 70 % მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.