ENG / RUS       12+

ქრისტი ბოტკოველისა და ბექა ზარიძის მოხატული ფოთლების ისტორია

რესპოდენტის შესახებ

ქრისტი ბოტკოველი, იგივე Nancy Woland-  და ბექა ზარიძე. ადამიანები რომლებმაც საზოგადოებას  თავი საკუთარი შემოქმედებით შეაყვარა. მათი ნამუშევრები ინდივიდუალური და განსხვავებულია. როგორ დაიწყო  მოხატული ფოთლების ისტორია. ამ საკითხზე ”ჯი-ეიჩ-ენი”  ნენსის და ბექას ესაუბრა.

მოგვიყევით თქვენს შესახებ...

ნენსი: სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე მეცნიერებათა ხელოვნების ფაკულტეტზე, ილიას უნივერსიტეტში. შემდეგ მობილობით გადავედი  სამხატვრო აკადემიაში, კინო და ტელე მხატვრობის ფაკულტეტზე,თუმცა მივხვდი  არც აქ იყო ჩემი ადგილი და ჩემი სურვილი იყო ფერწერაზე მოხვედრა.ჩავაბარე თუმცა იქ ჩარჩოებში ჩასმული ხელოვნება დამხვდა. ჩემი ნახატები ჩემი დიპლომია.

ბექა: პროფესიით ღვინის ტექნოლოგი ვარ. იმის გამო რომ საქართველოში თითქმის შეუძლებელია  შენი პროფესიით მუშაობა სხვადასხვა ადგილას ვმუშაობდი. მერე ისტორიამ გამიტაცა და ისტორიულზეც ჩავაბარე თუმცა ჯერ სწავლა არ დამისრულებია.

 როდის გაიცანით ერთმანეთი  და როდის დაიწყეთ საერთო  პროექტი 24 fallen Leaves “?

-ბექა : მე ნენსი თავისი  ნახატებით გავიცანი. ჩემს ტელეფონში მქონდა ჩაწერილი. ნენსის მეგობარმა ნახა და მითხრა, თუ გინდა გაგაცნობ, მეც დავთანხმდი. ძალიან მომწონდა ნენსის ნახატები. მეორე დღეს გავიცანი. საინტერესო ადამიანები აღმოვჩნდით ერთმანეთისთვის და აეწყო ჩვენი ურთიერთობაც.

-ნენსი: ბექა ყველაზე ძვირფასია ვინც ცხოვრებაში გამაჩნია. მე აქამდე რასაც ვხატავდი, ვხატავდი მაშინ როცა  ცუდად ვიყავი. რაც ბექა გავიცანი ვხატავ მაშინ როცა ბედნიერი ვარ. ბექა რომ არ ყოფილიყო არ ვიცი შეიძლება არც მოსულიყო იდეა მეხატა ფოთლებზე. მაღაზიის სახელზე დიდად არ გვიფიქრია. ეს სახელი ”24 დაცვენილი ფოთოლი” ჩვენი  გაცნობის ისტორიას უკავშირდება, ერთმანეთი 24 რიცხვში გავიცანით.

-როგორ მოვიდა იდეა გემუშავათ ფოთლებზე და რა იყო პირველი ნამუშევარი ?

ბექა : ფოთლებზე ხატვის იდეა მოვიდა მაშინ, როცა  დედაენის ბაღში ვსეირნობდით.  დავინახეთ დიდი  ფოთოლი ავიღეთ, გადავხედეთ ერთმანეთს და  მივხვდით ამ ფოთლისთვის რაც უნდა გვექნა. ნენსიმ წაიღო სახლში და მოხატა. იდეა  სიყვარული იყო.   პირველი ფოთოლი  როცა მოვხატეთ, ფოტო გადავუღეთ და  facebook-ზე დავდეთ. ჩვენმა მეგობრებმა მოიწონეს, მერე ვიფიქრეთ სხვა ფოთლებიც მოგვეხატა. ნიჭი თუ აქვს ადამიანს არ დაიკარგება. ტილოზეც ვმუშაობ.

- ნენსი: თავიდან 2 ფოთოლი მოვხატეთ, ჩარჩოში ჩავსვით, ფოტო გადავუღეთ და facebook-ზე ავტვირთეთ. მოგვივიდა შეტყობინება მეგობრისგან, რომელსაც ჩვენი ნამუშევრების შეძენა უნდოდა. პირველი ნამუშევარი ჩვენმა მეგობარმა საკმაოდ კარგ ფასად შეიძინა, დაგვიფასა შრომა. გავყიდეთ ეს ფოთლები. ცოტა ხნის  შემდეგ, ერთმა პოეტმა ლაშა მარგიანმა მოგვწერა და 80 მოხატული ფოთოლი შეგვიკვეთა. მივხვდით რომ ხალხს ძალიან მოსწონდა ის რასაც ვაკეთებდით.

- როგორ ფოთლებს იყენებთ და როგორ ამუშავებთ მათ ?

-ბექა  ლამაზი უნდა იყო. სხვადასხვანაირი ფოთოლი შეიძლება გამოიყენო. ფოთოლს ნახატი უნდა შეურჩიო. მაგალითად როცა პატარა უფლისწულს ვხატავთ, ვხატავთ მუხის ფოთოლზე. ისე არცერთი ფოთოლი არ უხდება ამ ნახატს, როგორც მუხის. მუხის ფოთლისთვის არის მგონი ეს ნახატი შექმნილი.

-საიდან მოგაქვთ ფოთლები ?

- ბექა შემოდგომაზე მოვიმარაგეთ . როცა ფოთლების  მარაგი ამოგვეწურა, მერე უკვე ზამთარში დავდიოდით ტყეში, ვეძებდით ფოთლებს. ამაზე  ერთი კურიოზიც გვაქვს. ერთხელ ნენსის კოჯორში უნდა ავეყვანე ფოთლებისთვის და ამიყვანა შინდისის დაჩებში. ავტობუსი აერია. ვუყურებთ იქაურობას და საერთოდ ერთი  ხე არ იდგა. ფოთლებს თბილისში უფრო ვაგროვებთ. არ ვიყენებთ მხოლოდ ჭადარს.

- რა დრო გჭირდებათ ერთი ნამუშევრის შექმნისთვის ?

-ნენსი:  ყველას სჭირდება სხვადასხვა დრო. გააჩნია რა სირთულის ნამუშევარია. გვაქვს ისეთი ნამუშევარი რომელიც ერთ საათში მოვხატეთ. საშუალოდ 1-დან 5 საათამდე გვჭირდება.

- გქონიათ გამოფენები ?

 ნენსი : მე მქონდა შარშან 28 თებერვალს გამოფენა ჩემი ნახატების. თავი სხვის გამოფენაზე მეგონა.  ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა. ისიც იმიტომ რომ, თავის დროზე გავაცანი საზოგადოებას ჩემი თავი. არ მინდოდა  ჩემი შემოქმედება ხალხს ჩემი სიკვდილის მერე გაეცნო. ბექა ხატავს  და აგროვებს  ნახატებს  გამოფენისთვის.

რას ხატავთ ყველაზე ხშირად  ?

ნენსი: ვხატავ ემოციებს, ვარსკვლავებით  მოჭედილ ცას , მთვარეს, კოსმოსს. ჩემთვის კოსმოსი ასოცირდება თავისუფლებასთან. მიყვარს სივრცე. სულ ვამბობ როცა მოვკვდები კოსმოსში გამიშვან კაფსულით (იცინის) .

-ბექა : ვხატავ თევზს. მეც ვხატავ კოსმოსებს, მაგრამ  დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. როცა ვხატავ, არ ვამბობ იდეას, თუ  რა ემოცია მაქვს ჩადებული. მაინტერესებს სხვა რას ფიქროს ჩემს ნახატზე და მიხვდა თუ არა რა ჩავდე ამ ნახატში. ყოფილა შემთხვევა სიზმარში ნანახი გადმომიტანია და დამიხატავს. შემიძლია უბრალო ჭიქა დავინახო   და რამე დავხატო.

-რა თანხით შეუძლია საზოგადოებას შეიძინოს თქვენი ნამუშევარი ?

- ბექა: ფოთლებს რაც შეეხება მინიმალური ფასი აქვს. ვცდილობთ მაინც ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის. გააჩნია ნამუშევრის ზომას, მაგრამ დაახლოებით 15-დან 50 ლარამდეა მისი ღირებულება. ამ ნამუშევრებში ჩვენი დადებითი ენერგია ჩადებული. ყოფილა შემთხვევა, როცა მოუწერიათ სახლი აქამდე არ იყო ასეთი მშვიდი, და ამ პატარა ფოთოლმა სიმშვიდე შემოიტანაო. მჯერა მე ენერგიის. იმდენ ემოციას ვდებ ნახატებში, რომ დავამთავრებ ხატვას  ვკანკალებ, ისე მაქვს ემოციები მოზღვავებული. ნახატს რომელსაც დავხატავ არ ვინახავ მხოლოდ ჩემთვის. მიყვარს კაცობრიობისთვის გაზიარება. როცა მე ვიღებ სიამოვნებას, მინდა სხვამაც იგივე  მიიღოს. მინდა საზოგადოებამ,  ის აგრესია, რაც დღეს მათშია  უკან დაწიოს და წინ  ჰარმონია და ერთმანეთის სიყვარული წამოწიონ. არ დაჩაგრონ განსხვავებული. ყველა ადამიანი არის ინდივიდუალური და აქვს უფლება ისე იცხოვროს როგორც სურს. საკუთარ თავს უფრო მიაქციონ ყურადღება ვიდრე სხვას.

-ნენსი : იმ ადამიანებს რომლებსაც საკუთარი თავი დაკარგული აქვთ, გააკეთონ საკუთარი თავის რეალიზაცია. ბევრი ამას შიშის გამო  არ აკეთებს, ზოგს ჰგონია  როცა ნაბიჯს გადადგამს  წაბორძიკდება და დაინგრევა ყველაფერი. მე ბევრჯერ დამნგრევია რაღაცეები, ყველა მხრივ.  რაც არ უნდა იყოს არ უნდა დაიხიო უკან, თუ მართლა გულით გრძნობ რომ ეს შენია. მე მიყვარს ჩემი საქმე, მიყვარს ის რასაც ვაკეთებ.

-სამომავლო გეგმები.?

-ბექა. ჩვენი მაღაზია  თავისუფლების მიწისქვეშა გადასასვლელში მდებარეობს. ჩვენს სამომავლო გეგმებში პირველ რიგში ზემოთ ასვლაა. უფრო დიდი მაღაზია და ცალკე სამუშაო კუთხე გვინდა გვქონდეს. აქ თავი აკვარიუმში გვგონია.

„ჯი-ეიჩ-ენი“, ესაუბრა ეკა ფანცულაია  

ავტორი: . .