ENG / RUS       12+

როგორ «გვაბოლებს» თინიკო ხიდაშელი

«ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის» ვარშავის სამიტი სულ უფრო გვიახლოვდება, თუმცა რაიმე განსაკუთღებული მღელვარება ამის გამო არც ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ეტყობა და არც საზოგადოებას: ბევრად უფრო მღელვარედ და ვნებიანად ბაზალეთის სასტუმროში გადაღებული ადიულტერის კადრები და მასთან დაკავშირებული «მძიმე» თუ «მანტგუსტა» ფეიკები განიხილება.

მაგრამ ის ქართველი პოლიტიკოსები, რომელთა დღის წესრიგი სწორედ «ნატოსთან ინტეგრაციის» იდეაზეა აწყობილი, დრო და დრო მაინც ცდილობენ საკუთარი თავის კორექტირებას, რაკი მათი ადრინდელი განცხადებები რეალობისგან სრულიად აცდენილი აღმოჩნდა.

მაგალითად, თავდაცვის მინისტრი, ქალბატონი ხიდაშელი, სულ ცოტა ხნის წინ აცხადებდა: «ჩვენი მოთხოვნაა MAP და არა გვაქვს სხვა წინადადება მოლაპარაკების მაგიდაზე» (იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ); «თუ საქართველო ვარშავაში MAP–ს არ მიიღებს, ქვეყნის პროდასავლურ კურსს ეგზისტენციური საფრთხე დაემუქრება», «პრორუსული ძალები მომავალ პარლამენტში სერიოზულ პოზიციებს მოიპოვებენ» და, საერთოდაც, თუ დასავლეთი  მეტ პრინციპულობას არ გამოიჩენს რუსული აგრესიის მიმართ (მათ შორის საგზაო რუქის საკითხში) «ეს ქვეყანა შეიძლება საერთოდაც გაქრეს რუქიდან», «მზად ვართ გმირულად დავიხოცოთ ყველანი» (BBC) და ასე შემდეგ  და ასე შემდეგ.

მაგრამ შემდეგ, როგორც ჩანს, ქალბატონი თინათინი რესპუბლიკური პარტიის «აიათოლლებმა», ანუ ძმებმა ბერძენიშვილებმა გააფრთხილეს, რომ საკითხის ასე კარდინალურად დასმა ელემენტარულად კონტრპროდუქტიული და საშიშიცაა: «დავუშვათ არ მოგვცეს ვარშავაში MAP მერე რას ვაკეთებთ?» –ეს კითხვა სხვამაც ბევრმა წამოჭრა. არადა, ეჭვიც აღარავის ეპარება, რომ საქართველო ვარშავის სამიტზე «გაწევრების გეგმას» ვერ მიღებს. ეს გამორიცხულია. მაშ რა აზრი აქვს ყალბი მოლოდინების შექმნას?

ამ სრულიად ლეგიტიმურ და გონიერ კითხვას თავდაცვის მინისტრმა, საბოლოოდ ვერაფერი დაუპირისპირა და ისევ ჩვეულ ტექნოლოგიას დაუბრუნდა, როდესაც «მოძრაობა ყველაფერია», ხოლო საბოლოო მიზანი  მეორე პლანზე გადადის. თავდაცვითი უწყების ხელმძღვანელი ახლა უკვე ამბობს, რომ ითხოვს პირდაპირ ალიანსში გაწევრიანებას, ხოლო  MAP-ი საქართველოსათვის „წარსულია“ და ვარშავის სამიტზე ქვეყანას  გაცილებით მეტი მოლოდინი აქვს.

„MAP-ი არის ერთგვარი წარსული საქართველოსთვის. 2015 წლის დეკემბრის მინისტერიალზე ეს, პრინციპში, ასეც ითქვა, რომ MAP-ი გახდა პოლიტიკური პროცესის ნაწილი და მას არაფერი საერთო აღარა აქვს პრაქტიკულ ინსტრუმენტებთან. იმიტომ რომ, შეგახსენებთ: დოკუმენტში ცალსახად ჩაიწერა, რომ საქართველოს აქვს ყველა ინსტრუმენტი გაწევრიანების გზაზე“, - განაცხადა ხიდაშელმა. მან განმეორებით თქვა, რომ «გაწევრიანების გზაზე საქართველოსთვის ამოცანა არის არა MAP-ი, არამედ ნატოში გაწევრიანება».

 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ამგვარი რაფინირებული დემაგოგია სრულად შეესაბამება იმ ტექნოლოგიას, რომელიც ზოგადად, ქართულმა ისტებლიშმენტმა აირჩია  მტკივნეულ საკითხში, როდესაც, ძალაუნებურად, წლების განმავლობაში, თავად შექმნა ფუჭი მოლოდინები და იმედები ხალხში, ახლა კი უწევს მოიფიქროს ამ მოლოდინთა გაცრუებაზე რეაგირების ზომები.

მიშასათვის ეს იყო ბუქარესტის სამიტზევე გაჟღერებული სლოგანი: «MAP – ზე უკეთესის» შესახებ. როგორც ჩანს, ქალბატონმა ხიდაშელმა პირდაპირი მნიშვნელობით გაიგო, რადგან «MAP – ზე უკეთესი» მხოლოდ უშუალო წევრობაა.

არადა, ზუსტად იმ დოკუმენტებში, რომელსაც იგი ახსენებს, აგრეთვე იმავე სტოლტენბერგისა და სხვა ჩინოსანთა ოფიციალურ (თუმცა კი დილომატიურად «შეფუთულ») განცხადებებში შავით თეთრზე,   ხმოვან – თანხმოვანით პრეს–კონფერენციებზე არაერთგზის დაიწერა და ითქვა: ვერც ერთი ქვეყანა, მათ შორის, რასაკვირველია, ვერც საქართველო, MAP–ს ვერ აცდება. ეს  აბსოლუტურად გამორიცხულია! 

ოღონდ იმიტომ კი არა მხოლოდ, რომ «რუსი დათვის გაღიზიანება არ უნდათ», არამედ არანაკლებ (თუ მეტად არა) მნიშვნელოვანი მიზეზით: საქართველოს გულისთვის NATO არ შეცვლის თავის ფუძემდებლურ დოკუმენტებს, არ შეცვლის ისტორიულად ჩამოყალიბებულ მიდგომებს, გაფართოების წესს და არ დაუშვებს ისეთ პრეცედენტს, რომელიც დადგენილ პროცედურას დაარღვევს.

ბოლოს და ბოლოს, ეს მარტო «ატლანტიკური ქარტია» როდია, რომელსაც ფრანკლინ დელანო რუზველტი და უინსტონ ჩერჩილი წერდნენ ვაშინგტონის სასტუმროში 1944 წელს, არამედ თუნდაც 1999 წლის საიუბილეო სამიტის რეზოლუცია, რომელმაც მკაცრად დაადგინა პროცედურა.

ხსენებული პროცედურა ერთდროულად მარტივიცაა და რთულიც. მარტივია იმიტომ, რომ მკაფიოდაა გაწერილი ყოველი ეტაპი. ხოლო რთულია შესასრულებლად, ყველა ეტაპის გასავლელად და კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად.

ამ კრიტერიუმთა შორის ეჭვმიუტანელია, რომ სრულუფლებიანი წევრი ვერ გახდება სახელმწიფო, თუკი აქვს გადაუწყვეტელი ტერიტორიული პრობლემები. თუმცა სავსებით შეიძლება მიიღოს MAP, ანუ ჩაითვალოს კანდიდატად.

ესე იგი, ის, რომ საქართველო ვერ აკოტროლებს აფხაზეთსა და «სამხრეთ ოსეთს», მაშასადამე ვერ აკონტროლებს საკუთარ, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს (მათ შორის საზღვაო აკვატორიის 60%) სულაც არ ქმნის იურიდიულ და ფორმალურ  წინაღობას «MAP»–ს მისაღებად. სამაგიეროდ, გადაულახავი წინაღობაა წმინდად იურიდიული თვალსაზრისითაც (რომ აღარაფერი ვთქვათ პოლიტიკურ პრობლემატიკაზე) სრულუფლებიანი წევრობისთვის.

ამიტომ, როდესაც ქართველი პოლიტიკოსი ამბობს, «MAP–ისთვის  კი არა პირდაპირ წევრობისთვის ვიბრძვითო», ან სრულიად უმეცარია, ან . . .  უბრალოდ «გვაბოლებს» და მეტი არაფერი.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რაც შეეხება NATO–ს ფუძემდებლურ დოკუმენტებს და მათში გაწერილ პროცედურას, აგრეთვე 1992 წლიდან დამკვიდრებულ პრაქტიკას, იგი შემდეგ ეტაპებს მოიცავს

  • პროგრამა პარტნიორობა მშვიდობისათვის, რომელიც ალიანსმა საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე შეიმუშავა და გულისხმობდა ფართო, თუმცა ზოგად კონსულტაციებს წითელი იმპერიის ნანგრევებზე წარმოშობილ ახალ სახელმწიფოებთან. მათ შორის საქართველოსთან და რუსეთთან.
  • ინდივიდუალური პარტნიორობა, როდესაც NATO უკვე დიფერენცირებულად აკვირდება თითოეულ პარტნიორს და მუშაობს ყოველ ცალკეულ შემთხვევაში რელევანტურ პროგრამებზე ამ სახელმწიფოთა რაობის, მათი გეოპოლიტიკის, წეს–წყობილების (დემოკრატიის ხარისხის, არჩევითი დემოკრატიის არსებობის და ა.შ) გათვალიწინებით. ამ ეტაპზე აღსანიშნავია 2001 წლის «წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა».
  • ინტენსიური დიალოგი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია. საქართველო მასზე 2006 წელს გადავიდა ნიუ-იორკის მინისტერიალის შედეგად. სწორედ მის ფარგლებში განახორციელა NATO–მ რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი. მათ შორის ერთობლივი წვრთნები და ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის გახსნა ვაზიანში
  • MAP - კატეგორიულად აუცილებელი ეტაპი, როდესაც სახელმწიფი უკვე ითვლება ოფიციალურ კანდიდატად, თუმცა ფორმალურად შეიძლება არ აკმაყოფილებდეს ყველა კრიტერიუმს (იგივე საზღვრები, ტერიტორიული პრობლემები, დემოკრატიის ხარისხი და ა.შ), მაგრამ ამ ეტაპზე NATO უკვე აცხადებს, რომ  მზადაა იმოქმედოს კონკრეტული სამოქმედო გეგმით. ესე იგი,  მზადაა პარტნიორ სახელმწიფოსთან ერთად შეიმუშაოს პუნქტობრივად გაწერილი, თუნდაც ხანგრძლივი გეგმა, თუ კონკრეტულად რა უნდა გააკეთოს კანდიდატმა სახელმწიფომ, რათა გახდეს ალიანსის სრულუფლებიანი წევრი
  • სრულუფლებიანი წევრობა და «კოლექტიური თავდაცვის» შესახებ NATO–ს წესდების მეხუთე პუნქტის გავრცელება ახალ წევრ სახელმწიფოზე, როდესაც მასზე თავდასხმა ნიშნავს ყველაზე თავდასხმას

ზემოთთქმულიდან გამომდინარე, პოლიტიკოსი, რომელიც გვიმტკიცებს, თითქოს საქართველო შეიძლება გახდეს NATO–ს წევრი ისე, რომ არ გაიაროს მეოთხე ეტაპი («სამოქმედო გეგმა», იგივე «საგზაო რუქა») უბრალოდ გვატყუებს. გვატყუებს ურცხვად და უტიფრად!

არანაკლები ცრუპენტელობაა იმის მტკიცება, თითქოს ის ინსტრუმენტები, რომლებიც ახლა გვაქვს  («ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი», «ინტენსიური თანამშრომლობის არსებითი პაკეტი» და სხვა) რაიმენაირად ჩაანაცვლებს MAP–ს.

ვერ ჩაანაცვლებს. იმიტომ, რომ ყველა ეს ინსტრუმენტი თავსდება მესამე ეტაპის ფარგლებში და არ სცილდება ამ ფარგლებს!

ისევე, როგორც მხოლოდ მესამე ეტაპის ფარგლებში დარჩება «ასოცირებული პარტნიორობის» პროგრამა (თუ სტატუსი) რომელსაც ვარშავის სამიტზე გვთავაზობენ. ძალიან კარგია, მაგრამ ვერაფერი  შეცვლის MAP–ს, რაკი გზა ნამდვილი წევრობისკენ, ესე იგი მეხუთე პუნქტის ამოქმედებისკენ (რისთვისაც გვჭირდება სინამდვილეში წევრობა) გადის მხოლოდ და მხოლოდ მეოთხე ეტაპზე!

რატომ ვერ მივაღწიეთ ამ ეტაპს, ამაზე ბევრი შეიძლება ვისაუბროთ. მთავარი მიზეზი მაინც ის «დაშოშმინების პოლიტიკაა», რომელსაც დასავლეთი ატარებს მოსკოვის მიმართ, რისი თვალსაჩინო მაგალითიცაა «ნატო–რუსეთის საბჭოს» მუშაობის აღდგენა, – პირველად ყირიმის ანექსიის შემდეგ, რაც ირიბად ნიშნავს ამ ანექსიის დე–ფაქტო აღაირებას და რეალობასთან შერიგებას! რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს ახლა ქალბატონმა მოგერინიმ, ასე არ არისო.

სინამდვილეში, უფრო  პერსპექტიული იქნებოდა, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი ურთიერთობის განვითარება ამერიკასთან, მაგრამ ვაშინგტონი, ჯერ–ჯერობით სიფრთხილეს ამჯობინებს და ცდილობს, ჩვენს რეგიონში მკვეთრი მოძრაობები არ გააკეთოს, რაკი 2008 წელს საქართველოში და 2014 წელს უკრაინაში ძალიან მწარე გაკვეთილი იწვნია – მოკავშირეებს  ვერაფერით დაეხმარა და იმიჯური თვალსაზრისით, სინამდვილეში, საკმაოდ  ბევრი დაკარგა.

”ჯი-ეიჩ-ენი”, მიხეილ გეწაძე

ავტორი: . .