ENG / RUS       12+

სოსო ცისკარიშვილი: ალიანსში გაწევრიანების მოთხოვნები იმდენად აგრესიული იყო, რომ ამან გარკვეული დისტანცირება გამოიწვია

რესპოდენტის შესახებ

უკვე ცნობილია, რომ 2016 წლის ზაფხულისთვის დაგეგმილ ვარშავის სამიტზე დიდი გეოპოლიტიკური ცვლილებები არ მოხდება და საქართველო MAP-ს ვერ მიიღებს. სოლიდარობა და მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწარფებებთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, ასეთი იქნება ნატოს წევრი ქვეყნების პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში. „არც ერთხელ არ მომითხოვია არცერთ მინისტერიალზე MAP-ი. მე ვითხოვ საქართველოს წევრობას NATO-ში. ყველაფერი, რაც ეხმარება საქართველოს გაწევრიანებას NATO-ში, არის ჩემი ამოცანა. მე მინდა, ვარშავიდან დავბრუნდეთ უფრო მეტი ინსტრუმენტებით იმისთვის, რომ ჩვენი ფანჯარა როდესაც გაიღება, ვიყოთ მზად მასში შესასვლელად. MAP-ი საქარათველოსთვის წარსულია“ - აცხადებს თავის მხრივ, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი. კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ჯეიმს აპატურაი კი ფიქრობს, რომ საქართველოსთვის უკეთესი იქნება აქცენტი იმპლემენტაციაზე გააკეთოს, რადგან MAP-ის მიღება ახლა ვერ მოხდება, რადგან საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების საკითხზე თანხმობა ჯერ არ არსებობს.

აღნიშნული საკითხის დეტალებზე „ჯი-ეიჩ-ენი“ პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა:

 

- შარშანდელი მოლოდინების ნაცვლად, რას ნიშნავს ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წამომადგენლის განცხადება და რატომ არ არიან ნატო-ს წევრები მზად, საქართველოსთან დაკავშირებით მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება?

 

-დიდი ალბათობით, ალიანსის თავშეკავება გამოწვეულია იმ არაერთი გაუგებრობით, რასაც ადგილი აქვს საქართველოში. თუმცა, არსებობს მეორე ვერსიაც: საქართველოს მხრიდან გაწევრიანების მოთხოვნები იმდენად აგრესიული იყო, რომ ამან გარკვეული დისტანცირება გამოიწვია. რასაკვირველია, ნატოს ლიდერებისთვის მთავარ არგუმენტად რჩება რუსეთის პოზიცია. რა სახის კომუნიკაციები და ურთიერთშეთავაზებები მიმდინარეობს რუსეთსა და აშშ-ს შორის, ეს ჯერჯერობით ცნობილი არ გახლავთ. თუმცა, ფაქტია ისიც, რომ 1992 წლის ამერიკის დიპლომატიის პატრიარქი, ჰენრი კისინჯერი უბრალოდ არ ჩაფრინდებოდა მოსკოვში, ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად. არ მინდა გულგატეხილობის წინაპირობა შევქმნა, მაგრამ ეჭვი არ უნდა ეპარებოდეთ ჩვენში და ეს მუდმივი შფოთი, რომელიც სუფევს ქვეყანაში, არ გეგონოთ, რომ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მასშტაბებით არის განსჯადი. ფაქტია, რომ ნატოს საქართველოსთან თანამშრომლობა ნამდვილად სურს. შესაბამისად, ჩვენ უნდა შევძლოთ ნატოს ხელმძღვანელების ეს სურვილი რეალობად ვაქციოთ გონიერი ნაბიჯებით და არა შეტევითი მოთხოვენებით.

-სამხედრო კუთხით საქართველომ ყველა დავალება შეასრულა, მაგრამ პოლიტიკურ ნაწილში წარმატებას ვერ აღწევს. იქნებ, ამ ვითარებაზე პასუხისმგებელია თავად ალიანსი, რადგან მათი მხრიდან არ იქნა შესაბამისი ნაბიჯები გადადგმული, რომ საქართველოს პოლიტიკური მხარდაჭერა მოეპოვებინა?

-საქართველომ პოლიტიკური მზაობა უნდა მოახერხოს. რაც შეეხება ცალკე აღებულ ნატოს წევრ ქვეყნებს, რასაკვირველია, მათ ამ გადაწყვეტილების მიღება უჭირთ და მით უმეტეს მაშინ, როდესაც ევროპის სახელმწიფოთა სოლიდურ ნაწილს სანქციები აქვს დაწესებული რუსეთის წინააღმდეგ. მათ თვალწინ რუსეთი ბომბავს ჰოსპიტალს სირიაში, ასეთი უპასუხისმგებლო ხელისუფლების ხელშია დღეს რუსეთი. ამიტომ, საქართველოს ინტერესები ვერ იქნება უპირველესი არგუმენტი ნატო-ს თითოეული წევრი სახელმწიფოსთვის ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად. წარმოუდგენელია, რომ რუსეთი დიდხანს იყოს ისეთი, როგორიც დღეს არის. გარდა ამისა, დღეს ნატო-ს წვერი ქვეყნების მთავარი ტკივილი გახლავთ მათი პირადი ურთიერთობა რუსეთთან. საქმე ეხება სწორედ საკუთარი ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის საკითხებს. ცხადია, რომ ეს ინტერესები არ ემთხვევა რუსეთის ინტერესებს და აგერ უკვე, უკანსკნელი სამი წელია, ურთიერთსაწინააღმდეგო ნაბიჯების რეალური სურათი არ იცვლება.

-აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, ნატო-ს წევრი ზოგიერთი ქვეყანა შიშობს, რომ უსაფრთხოების გარანტიების გარეშე საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭება საქართველოსთვისვე რისკს გაზრდის. როდესაც ალიანსის მხრიდან ასეთი პოზიცია ფიქსირდება, როგორ ფიქრობთ, საქართველოს მხრიდან უნდობლობის ხარისხი მაქსიმალურად ხომ არ იზრდება?

- რასაკვირველია, მაგრამ არსებობს საწინააღმდეგო მოსაზრებაც, რომ რისკი გაიზრდება იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ნატო-ში გაწევრიანდება. ეს რისკი იქნება არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ნატო-ს წევრებისთვისაც და ცხადია, ამ რისკის საფუძველი გახლავთ რუსეთი, რომელიც უკვე მრავალი წელია იმუქრება. რა თქმა უნდა, ეს საფრთხე არსებობდა და ახლაც არსებობს. შესაძლებელია, მოხდეს ისეც, რომ როგორმე გავხდეთ ალიანსის პოლიტიკური ნაწილის წევრი. ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ თავად საფრანგეთი სამხედრო შემადგენლით 10 წლის განმავლობაში გამოსული იყო ალიანსიდან, მაგრამ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობდა. ჩემი აზრით, უფრო დიდი ნაბიჯი იქნებოდა, რომ ნატოს-თვის პოლიტიკურად მისაღები ვყოფილიყავით.

- საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯერ კიდევ 2015 წელში აცხადებდა, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობა იმსახურებს მიიღოს პასუხი, როგორც MAP-ზე, ასევე ალიანსში გაწევრიანებაზე. დღეს თავდაცვის მინისტრი საპირისპირო აზრს გამოხატავს. თქვენი აზრით, რამ განაპირობა თინათინ ხიდაშელის ტონალობის შეცვლა?

- არ გამოვრიცხავ, რომ თავდაცვის მინისტრის პირველი განცხადება საკმაოდ უჩვეულო ყოფილიყო ნატო-სთვის, რადგან ის ბრძანების ელფერს შეიცავდა. და თუ ასეა, ალბათ, გარკვეული რეაგირება იყო მათი მხრიდან, რისი შედეგიც არის ჩვენი თავდაცვის მინისტრის დღევანდელი პასუხი. მაქვს მოლოდინი, რომ აქტიური თანამშრომლობა იქნება ნატო-სთან და გარკვეული სიკეთე ექნება ჩვენი ქვეყნისთვის. მაგრამ, როგორც ჩანს, სრულფასოვანი წევრობა სერიოზული ფიქრის საგანია ნატო-ში შემავალი ყველა ქვეყნისთვის, რომელთაც საკუთარი პრობლემების გარდა, უკვე მოეძალათ საერთო პრობლემები რუსეთის სრულიად უპასუხო ქმედებების გამო.

-რას გულისხმობთ?

დღეს, ნატოს მთავარი საფიქრალი არის რუსეთის ბირთვული შეიარაღება, ვიდრე რომელიმე ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობა. ვცადოთ, დავრჩეთ ოპტიმისტებად და MAP-ის არმიღება არ შევაფასოთ მხოლოდ როგორც საფრთხე, რადგან ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, MAP-ი არ იყო ნატოს წევრობის აუცილებელი წინაპირობა. შევეცადოთ, საკუთარ თავში ვეძიოთ პასუხი კითხვაზე, რატომ გაჩნდა MAP-ის მიღების აუცილებლობა და ალბათ, ეს იქნება პასუხი იმაზე, რატომაც არ ვიღებთ MAP-ს - ვერ დავიმსახურეთ.

 

,,ჯი-ეიჩ-ენი“    ხათუნა ხატიაშვილი

ავტორი: . .