ENG / RUS       12+

საოპერო პოლიტიკა

ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერი“, თუ გულწრფელად და  პოლიკორექტულად ვიტყვით „საშუალოსთან მიახლოებული“ მუსიკალური ნაწარმოებია. რომელი მხრიდან მიახლოებული, ანუ უკეთესობიდან თუ უმცირესობიდან, იმათ განსაჯონ, ვისაც მეტნაკლებად  აქვთ წარმოდგენა საოპერო ხელოვნებაზე.

მაგრამ, ასეა თუ ისე, ნამდვილად  საუკეთესო ქართული ოპერაა. ანუ, მარტივად და დიპლომატიურად თუ ვიტყვით, სხვებს ბევრად სჯობია. არადიპლომატიურად კი, სხვები ბევრად უარესია. ზუსტად ეს გვითხრა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, იან კელიმ, რომელიც, სხვათა შორის, საპოერო ხელოვნების ბრწყინვალე მცოდნე და დამფასებელია: “საუკეთესო ქართული ოპერააო“.

რას ვიზამთ. ეს გასაბრაზებელი და თავის მოსაკლავი არ არის: საოპერო ხელოვნებაში “რაც გვაქვს ის გვაქვს“. სამაგიეროდ ბალეტში, რომელიც ბევრად რაფინირებულ, ექსკლუზიურ  და ელიტურ ხელოვნებად ითვლება, ქართველებს ისეთი ტიტანი გვყავდა ვახტანგ ჭაბუკიანის სახით, რომლის დარი ინგლისელებს, ფრანგებს და თვით რუსებსაც არ მოეძევებათ.

თუმცა, დავუბრუნდეთ ისევ იან კელის. როგორც ჩანს, ის წარმოდგენას არა პირველ, არამედ მეორე დღეს დაესწრო. როგორ გგონიათ,  პრემიერაზე მოსაწვევს არ გაუგზავნიდნენ? მაგრამ ესეც დიპლომატიური ნაბიჯი და პრეზიდენტ მარგველაშვილის დემონსტრაციული მხარდაჭერა იყო; დიპლომატიური ქარაგმების გარეშე კი ამგვარ გადაწყვეტილებებს არ იღებენ. მით უმეტეს ამერიკის ელჩები.

თავად პრემიერას, როგორც მოსალოდნელი იყო, უდიდესი აჟიოტაჟი მოჰყვა. ქართული ელიტა ეცადა, იგი “სვეცკი ღონისძიებად“ ექცია: ელიტური საზოგადოების წითელ ხალიჩაზე გავლით, “ძუძუთყრითა“ და მეორე დღის ტაბლოიდური ფოტოებით. ერთი სიტვით ყველაფერი ისე იყო, როგორც “არის ხოლმე“ ლა სკალასთან - ვერდის “აიდას“ მორიგ საპრემიერო დადგმაზე.

მაგრამ სწორედ ეს “ზუსტად ისევე“ ამჟღავნებს, რომ საცოდავად ღრმა, ყრუ პროვინცია ვართ: სადღაც აფრიკაში, რომელიღაც “ბანანის რესპუბლიკაში“, ადგილობრივი ელიტებიც აწყობენ ხოლმე ამგვარ “კიჩებს“, რომლის მთავარი მახასიათებელია ეკლექტიკა, ანუ უგემოვნება. უგემოვნების უპირველესი ნიშანი კი ზომიერების დეფიციტია. იმ განსხავვებით, რომ აფრიკელ საცოდავებს ზაქარია ფალიაშვილიც არ ჰყავთ და მხოლოდ იმავე „აიდას“ დადგმა თუ შეუძლიათ პირამიდების ფონზე.

რაც შეეხება ჩვენს  ელიტას და ე.წ. „ცნობად სახეებს“, მათი პრომინადის შემხედვარეს, რუსი (ებრაელი) სატირიკოსების, ილფისა და პეტროვის დაუვიწყარი სახე გახსენდება: “ელოჩკა შჩუკინა“, რომელიც ამერიკელი მილიარდერის ქალიშვილს ბაძავს.  ის, რომ “ელოჩკა-ლიუდოედოჩკა“ შეღებილ კატის ბეწვს ასაღებდა “ნორკის შუბად“, ხოლო მის ქართველ კოლეგებს ნამდვილი დოლჩე - გაბანა და ნამდვილი არმანი ეცვათ, ბევრს არაფერს ცვლის. მთავარი სულისკვეთებაა.

ამ ყოველივეს დღევანდელ რეჟიმს ნურავინ დააბრალებს: არანაკლებ უბადრუკი იყო ანალოგიური პერფორმანსი კინო-რუსთაველთან  ნიჭიერი ფინელ-ამერიკელი რეჟისორის, რენი ჰარლენის სრული არარაობის - აგვისტოს ხუთი დღის  ჩვენებაზე.

 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

„აბესალომ და ეთერი“ პოლიტიკური ინტრიგების კატალიზატორადაც იქცა: პრეზიდენტი პრემიერაზე არ მივიდა, რადგან სრული თავსლაფდასხმა იქნებოდა, სახელმწიფოს მეთაური საპრეზიდენტო ლოჟის ქვეშ დამჯდარიყო. მთავარ ლოჟაში კი ოპერის აღდგენის „გენერალური სპონსორი“, ბიძინა ივანიშვილი უნდა ყოფილიყო. საბრალო ორგანიზატორებმა ერთროულად რამდენიმე შეცდომა დაუშვეს და ერთი მტკნარი სისულელეც გააკეთეს. მაგალითად, მოსაწვევების უდიდესი ნაწილი ბანკ „ქართუს“ თანამშრომლებს დაუგზავნეს, აქაოდა ეს ბანკი მთვარი სპონსორი იყოო. არადა, ბანკი კი იყო მთავარი სპონსორი, მაგრამ მისი თანამშრომლები რა შუაში არიან? მათ მიიღეს ეს გადაწყვეტილება? თუ ბიძინა ივანიშვილისგან დაუკითხავად იმოქმედეს? ივანიშვილს რომ არ ეთქვა „დააფინანსეთ ოპერის რესტავრაციაო“, მაინც დააფინასებდნენ?

გარდა ამისა, ორგანიზატორებმა ვერ გათვალეს, რომ ივანიშვილს სულ არ აღელვებდა, პრემიერას თვითონ დაესწრებოდა თუ არა: „საერთოდ არ მოვალ და ეგ თქვენი აბესალომ-ეთერი სხვა დანიშნულებთ გამოიყენეთო“. არც მივიდა. სამაგიეროდ, შესანიშნავად ისარგებლა გიორგი მარგველაშვილმა (რითაც დასტურდება, რომ პოლიტიკურ ნიჭს მოკლებული არაა) და პრემიერის ნაცვლად, წარმოდგენას მეორე დღეს დაესწრო - ჩვეულებრივ მოქალაქეებთან ერთად. ამით თავისი დემოკრატიულობა დაადასტურა და ბევრიც მოიგო.

ვითომ ასეთი იდიოტები არიან ორგანიზატორები, ეს ყოველივე ვერ გაეთვალათ? განა არ შეეძლოთ თავიდანვე განეცხადებინათ, რომ საპრეზიდენტო ლოჟაშიც და „ქვემდებარე ლოჟაშიც“ ვეტერანი ქართველო მომღერლები ან თუნდაც ომის ვეტერანები ისხდებოდნენ, ხოლო პრეზიდენტი, პრემიერი, მილიარდერი და ა.შ. - პარტერიდან მიადევნებდნენ თვალს ქართული საოპერო კლასიკის „საუკეთესო ნიმუშს?“ მაგრამ ბიუროკრატიის უბედურება (ვიმეორებ) შეცდომის დაშვების მუდმივი შიშია: „ვაითუ ეწყონოს?! და იმას  თუ ეწყინა, მერე რა გვეშველება?!!!“

ისე, ბოლოს და ბოლოს, კულტურა არა მხოლოდ მეცენატობას სჭირდება, არამედ ამ მეცენატობის მომხმარებელ საზოგადოებასაც.

და, რაც მთავრია: სად არის ახლა ირაკლი ღარიბაშვილი? გიორგი მარგველაშვილი - აგერაა: პოლიტიკურ სვლებს  აკეთებს, ნიჭიერად თამაშობს და ოსტატურად არიდებს თავს აბოლუტურად ლეგიტიმურ კითხვას, თუ რა მოტივით შეიწყალა მომავალი ცოლის ძმა „შეწყალების კომისიის“ გვერდის ავლით. მაგრამ ირაკლი ღარიბაშვილი სადღაა, რომელიც მას მუდმივად ამცირებდა და მართლა გულწრფელად ეგონა, მეტი ბერკეტი ჰქონდა (და მასზე ჭკვიანიც იყო) მხოლოდ იმიტომ, რომ თავად პრემიერია, მარგველაშვილი კი - პრეზიდენტი.

რეალურად, აღმოჩნდა, რომ მარგელაშვილს ბევრად მეტი შესაძლებლობები ჰქონია და უფრო დაცულიც ყოფილა. ხოლო ის, ვისი ყოვლისშემძლეობის იმედიც მეტისმეტად ნორჩ პრემიერს ჰქონდა, სულაც არ ყოფილა „ზე - ჯადოქარი“, რომელიც ერთი ხელის მოსმით, ან სადირიჟორო ჯოხის ერთი აქნევით გადაწყვეტდა ყველა პრობლემას, უპასუხებდა ყველა კითხვას. . . . .

სწორედ ამიტომ გადადგა და წავიდა არა მხოლოდ პრემიერ-მინისტრობიდან, არამედ ივანიშვილის გუნდიდანაც. ამაზე მეტყველებს ღარიბაშვილის გასვლა პარტია „ქართული ოცნებიდან“: ეს უკვე ისეთივე მკაფიო მინიშნებაა, როგორც ის, რომ გამოსათხოვარ სიტყვაში ნუნუკას გადაუხადა მადლობა და არა ბიძინა ივანიშვილს: პარტიის თავმჯდომარის პოსტს რომ არ შეინარჩუნებდა,  გასაგებია: მმართველი პარტიის ლიდერი, არსებული დისპოზიციით, მოქმედი პრემიერი უნდა იყოს. მაგრამ თვით პარტიის დატოვება უკვე ღია მინიშნებაა, რომ ღარიბაშვილი  ბიძინა ივანიშვილის გუნდის წევრადაც აღარ მიიჩნევს თავს.

სხვა შემთხვევაში იქცევიან ასე: თავმჯდომარის პოსტს ტოვებენ, მაგრამ საჯაროდ აცხადებენ: „ვრჩები პარტიის რიგით წევრად, რადგან კომუნისტურად . . .  (მეოცნებედ, ნაციონალურად) მიძგერს გული“ და ა.შ.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

თუკი რამ დაამტკიცა და აჩვენა გარეშე დამკვირვებელს მთელმა ამ „საოპერო ორომტრიალმა“ და ინტრიგებმა, ისაა, რომ თანდათან, თუმცა განუხრელად ძლიერდება პრეზიდენტი მარგველაშვილი, რასაც ხელს უწყობს თანდაყოლილი ნიჭი, რაც ნამდვილად აღმოაჩნდა; აგრეთვე დღეს მოქმედი კონსტიტუციის ნამდვილ ავტორთა (ავთანდილ დემეტრაშვილისა და თენგიზ შარმანაშვილის) გენიალურობამდე მახვილგონივრული მიგნება: მიშას კი ეგონა, „კონსტიტუციას ჩემთვის ვაწერინებ, მე პრემიერი ვიქნები, ხოლო გიგი პრეზიდნეტიო“, თუმცა ვერ გათვალა, რომ არც გიგი მისცემდა საშუალებას, „ფეხები მაგიდაზე შემოეწო“: ეს კონსტიტუცია ისე ეშმაკურადაა დაწერილი, რომ ამა თუ იმ დებულების ან  უფლებამოსილების სხვადასხვაგვარად ინტერპრეტირების საშუალებას ქმნის. ავტორთა ჩანაფირქით, თუკი 1990 წლიდან - დღემდე, ქართველი ერის (თუ რბილად და ისევ პოლიტკორექტულად ვიტყვით), „პოსტსაბჭოური მენტალობის“ გათვალისწინებით ყველა ხელისუფლება ერთპიროვნულ რეჟიმად გადაგვარდა, მაშინ პრეზიდენტისა და პრემიერის მუდმივი ძიძგილაობა მაინც იქცეს პლურალისტური სისტემის აწყობის საშუალებად!

ეს ჩანაფიქრი რომ უტოპიური არ იყო, ექს-პრემიერ ღარიბაშვილის დღევანდელი კომიკური მდგომარეობა ადასტურებს: რომ დასცინოდა მარგველაშვილს („ბატონი ბიძინას“ ყოვლისშემძლეობის გულუბრყვილო რწმენით) ახლა სად არის თვითონ და სად არის მის მიერ ბევრჯერ გაშაყირებული მარგველაშვილი? სად არის და ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობს, რომელსაც, ღარიბაშვილისგან განსხვავებით, დღევანდელი პრემიერი, გიორგი კვირიკაშვილი უკვე ესწრება იმის მიუხედავადაც კი, რომ ბიძინას პრეზიდენტისადმი დამოკიდებულება არ შეუცვლია.  და სწორედ ეს დამოკიდებულება განსაზღვრავდა ირაკლი ღარიბაშვილის დამოკიდებულებასაც.

ბოლო სიუჟეტის გაგრძელებას უახლოეს მომავალში ვიხილავთ. კვლავ ვერაფერს იზავ: პოლიტიკა  რთულია, ძალზე რთული! იგი იმაზე მეტ რესურსს მოითხოვს სინამდვილეში, ვიდრე მხატვრულად ღირებული ოპერის შექმნა.

„ჯი-ეიჩ-ენი“, გიორგი ლეჟავა

ავტორი: . .