ENG / RUS       12+

ლევან ბერძენიშვილი: არ არსებობს სერიოზული კომუნიკაცია კოალიციასა და საზოგადოებას შორის

რესპოდენტის შესახებ

„ჯი-ეიჩ-ენი“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს, „რესპუბლიკელი“ ლევან ბერძენიშვილს ესაუბრა.

-ბატონო ლევან, კოალიცია „ქართული ოცნების“  წინასაარჩევნო სახე თებერვლის თვეში უნდა გამოიკვეთოს.  მმართველ გუნდში საარჩევნო სიების თემაზე შიდა დაძაბულობა აშკარად ჩანს.  უმრავლესობის  ზოგიერთმა ლიდრმა  ისიც განაცხადა, რომ ის რაც ამ საკითხზე ხმამაღლა ითქვა, მათ შორის კონკრეტული გვარ-სახელების შესახებ,  ყველაფერი ტყუილია. თქვენი ინფორმაციით,  არის თუ არა კოალიციის სუბიექტებს შორის დაპირისპირება? ის, არის პერსონიფიცირებული თუ არსებობს ფუნდამენტური წინააღმდეგობები, რაც შესაძლოა, კოალიციის ძირითად შემადგენლობაზე  აისახოს?

-ძირითადი პრობლემა ის არის, რომ  არ არსებობს სერიოზული კომუნიკაცია კოალიციასა და საზოგადოებას შორის , იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ საზოგადოებას ინტერესი აქვს უფრო ადრე,  ვიდრე კოალიციას გააჩნია შანსი, რომ კითხვებს პასუხი გასცეს. კოალიციაში საკითხის განხილვა არ დაწყებულა, საზოგადოებაში - დაიწყო. ამიტომ, დაინტერესებული მხარე,  ჟურნალისტები სვამენ კითხვებს, ცალკეული პირები პასუხობენ, მაგრამ ეს არანაირად არ ასახავს კოალიციაში არსებულ  ვითარებას.

-რატომ?

- როგორ უნდა შედგეს კოალიცია, ვინ და რამდენი იქნება სიაში, რომელი პარტია შევა, ან არ შევა, რა კრიტერიუმები იქნება და ა.შ. განისაზღვრება მას შემდეგ, რაც კოალიციის პოლიტიკური საბჭო შეიკრიბება. ამას ობიექტური მიზეზი უძღვის და ვერ იკრიბება, რადგან კაოლიციის თავმჯდომარე განსაზღვრული არ არის. ირაკლი ღარიბაშვილი წავიდა არა მხოლოდ პრემიერ-მინისტრის პოსტიდან, არამედ პარტიის თავმჯდომარის და კოალიციის ხელმძღვანელობიდანაც. სავარაუდოა, რომ ამ პოსტს გიორგი კვირიკაშვილი დაიკავებს. ამისთვის ორი რამ არის საჭირო: უნდა ჩატარდეს „ქართული ოცნების“ ყრილობა, უნდა შეიკრიბოს პოლიტსაბჭო და ითქვას, რომ თავმჯდომარე არის ეს, არიან წევრები, პარტიები და ამის შემდეგ იქნება მსჯელობა, ვინ არის კოალიცია, ვის რა პრეტენზიები შეიძლება ჰქონდეს და როგორ გავდივართ არჩევნებზე. მანამდე საარჩევნო საკითხებზე მსჯელობა სურვილებზე საუბარია და მეტი არაფერი. რა თქმა უნდა, სურვილი მექნება, რომ არჩევნებზე „რესპუბლიკური პარტია“ კარგად იყოს წარმოდგენილი, თქვენ შეხვდებით სხვა უმრავლესობის წევრს, რომლის სურვილი შეიძლება იყოს, რომ „რესპუბლიკელები“ კი არა, ინგლისურის მცოდნეები, მოჭიდავეები, ან მომღერლები უნდა იყვნენ წარმოდგენილი. ეს ჩევულებრივი ამბავია, უბრალოდ, წინ ვუსწრებთ მოვლენებს და გვინდა, საზოგადოებას უფრო ადრე მივაწოდოთ ინფორმაცია იმ საკითხზე, რომელზეც ჯერ პოლიტიკური გადაწყვეტილება არ ყოფილა.

-როდის არის მოსალოდნელი კოალიციის ლიდერის არჩევა, რის შემდეგაც საუბარი რეალურ პროცესებზე  შესაძლებელი გახდება?

- „ქართული ოცნების“ ყრილობაც და კოალიციის პოლიტიკური საბჭოს შეკრებაც მოსალოდნელია უახლეს ორ თვეში. თებერვალსა და მარტში საზოგადოება ყველა კითხვაზე პასუხს მიიღებს.  მანამდე არის ისეთი მდგომარეობა, რომ დღეს ჟურნალისტი მეკითხება - „რესპუბლიკელებმა“  25% მოითხოვესო, მე ვეკითხები ვის მოთხოვეს მეთქი, რადგან აგერ ვართ და არავისთან მივსულვართ, არაფერი მოგვითხოვია და ვერც ის გავარკვიეთ, ვის უნდა ვთხოვოთ. ვფიქრობ, თუ ვინმე ჭორებს ავრცელებს, უფრო ღრმად და საფუძვლიანად უნდა თქვას, სად მივიდნენ და ვის რა მოთხოვეს „რესპუბლიკელებმა.“ გავრცელდა სხვა ჭორიც, რომ რომელიღაც პარტიამ კოალიციაში შესვლა მოითხოვა, მაგრამ კოალიციაში ვინმეს შეყვანა არ არის ერთი კაცის გადასაწყვეტი საკითხი. ამ წუთას ცნობილია მხოლოდ ერთი რამ, რომ ყველა პარტია, რომელიც დღეს კოალიციაში შედის, აპირებს ამ კოალიციით გავიდეს საპარლამენტო არჩევნებზე. არც ერთს არ უთქვამს, რომ აპირებს დატოვოს კოალიცია.

-რაც „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში და შესაბამისად უმრავლესობაში, მუდმივად კეთდება აქცენტი, რომ „რესპუბლიკელები“ წინააღმდეგობაში არიან  კოალიციის სხვა სუბიექტებთან და არ არის გამორიცხული კოალიციის დატოვება. „რესპუბლიკელები“ბოლო წლებში სულ აქტუალური თემაა, მაგრამ უარყოფით კონტექსტში, რაზეც შემდეგ  განმარტებებს იძლევით. საინტერესოა, რა არის  ამის მთავარი მიზეზი?

-„რესპუბლიკურ პარტიას“ არასდროს უთქვემს, რომ აპირებს კოალიცია დატოვოს. მას შემდეგ,  რაც ასეთი ლაპარაკი მიდის, მინისტრად დაინიშნა ერთი „რესპუბლიკელი“, მერე - მეორე, დაინიშნა „რესპუბლიკელი“ კომიტეტის თავმჯდომარე და ა.შ. ეს არასწორი ლაპარაკია, რომელიც არ მომდინარეობს კოალიციის გაძლიერების სურვილიდან და არიან ცალკეული პირები, რომლებსაც თავიანთი აზრი აქვთ.

-კოალიციაში არიან ასეთი ადამიანები?

-არა, მტერი ბევრი გვყავს. ისეთი ვიღაცეები არიან შეხმატკბილებული  „რუსთავი 2“ -თან, ვინც ამ ტელეკომპანიასთან ასოცირებული არ არიან. „რესპუბლიკური პარტია“ არის ორგანიზებული ძალა და ბევრი პარტია ვერ იტყვის თავის თავზე იმას, რასაც ჩვენ ვამბობთ. პარტია 37 წლისაა, ისტორიულად 5 თავმჯდომარე აირჩია და აქვს პერსპექტივა, რადგან ახალი სახეები უჩნდება. ცოცხალი ძალაა და ცოცხალზე ლაპარაკი ყოველთვის იქნება. ჩვენ ეს არ გვაღიზიანებს და ვერც პრობლემას ვხედავთ.ისეთი  თავდაცვის მინისტრი გვყავს, მთელ მსოფლიოში იცნობენ, საქართველო ნატოს წევრობას რომ ითხოვს, როგორ ითხოვს, რა გაუკეთებია ამ თვალსაზრისით. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე „რესპუბლიკელია“, იურიდიულ საკითხთა კომიტეტს, რომელიც ყველა კანონს განიხილავს, ვახტანგ ხმალაძე ხელმძღვანელობს, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს თინა ხიდაშელი ხელმძღვანელობდა და ახლა ლევან ბერძენიშვილი ხელმძღვანელობს და რა ვქნათ - დავმალოთ? თუკი, ვინმეს ჰგონია, რომ ამ მიმართულებებში ჩავარდნა გვაქვს, ყველას შევახსენებ, რომ ვიზალიბერალიზაციის გადაწყვეტილება ისე არ დაგვცემია თავზე. გასაგებია, რომ პარლამენტმაც იმუშავა, თუმცა, ლომის წილი სახელმწიფოს სხვა სტრუქტურებზე მოდიოდა, კერძოდ, აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, მაგრამ არც ჩვენს კომიტეტს შეუშლია ამ პროცესისთვის ხელი. როდესაც ლაპარაკია „რესპუბლიკელებზე“ არის ობიექტური ნაწილი, - გავქვს თანამდებობები და არის მეორე, რომ  ვიღაცას არ მოსწონს. შეიძლება ხალხს ბევრი შენიშვნა ჰქონდეს „რესპუბლიკელების“ მიმართ. ამაში პრობლემას ვერ ვხედავთ. გეუბნებით, „რესპუბლიკური პარტია“ ერთადერთი ძალაა საქართველოში, შიდა სტრუქტურების არჩევნები ელექტრონულად რომ  ჩაატარა და ზეპირად ვიცი, პარტიის პირველ 35 კაცში ვის რა რეიტინგი აქვს, ვინ რამდენი ხმა მიიღო. სხვაგან ასეთი რამ არ ხდება და თუ ეს ნაკლია, მაშინ გეტყვით, რომ სხვებისთვის ეს ძალიან კარგი მაგალითია.

- საკუთარ თავს საზოგადოების გამოსახედიდან რომ  შეხედოთ, „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წლიდან გააცრუა ყველა ის მთავარი დაპირება, რომლის  რეალიზებასაც მხარდამჭერი ელექტორატი მისგან მოელოდა. რატომ  მოხდა ასე?

-ყველა მიმართულებით გულაცრუება პოეზიის სფეროა, რადგან ნამდვილად არ არის ასე. არის მიმართულებები, სადაც არსებულმა ხელისუფლებამ გარკვეულ წარმატებებს მიაღწია, და რაც საყოველთაოდ არის აღიარებული.  ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობის მიხედვით,  საქართველო არის მსოფლიოს ჩემპიონი. ამ თვალსაზრისით, გარღვევა გავაკეთეთ, როცა  რეგიონში მსგავსი არაფერი მომხდარა. შემიძლია გითხრათ, სად რა ჩავარდნები გვაქვს, მაგრამ თუ ვინმეს ჰგონია,  საქართველოს მოქალაქეები 5-6 თვეში უვიზოდ რომ წავლენ უცხოეთში, ეს ვინმესგან საჩუქარია და ამისთვის ხელისუფლებას თითი თითზე არ დაუკარებია, რამე არ შეეშალოს. 400-ზე მეტი კანონია დაწერილ- მიღებული და ათასობით რეგულაციაა შესული. სწორედ ამ ხელისუფლების დროს მიაღწია საქართველომ ასოცირების ხელშეკრულების არა მხოლოდ ხელმოწერას, არამედ რატიფიკაციას. ამის შემდეგ ჩვენი კავშირი და ვაჭრობა ევროპასთან 15%-ით გაიზარდა. პირველად საქართველოს ისტორიაში, საქართველოს საგარეო ვაჭრობა ევროპასთან არის იმაზე მეტი, ვიდრე დსთ-ს ქვეთნებთან. ეს, რა თქმა უნდა წარმატებებია, რომელსაც სჭირდებოდა კარგი შეფუთვა და კარგი გატელევიზორება.

-რისი ბრალია ეს,  ხელისუფლებამ  მართლა იმ მიზეზის გამო აიღო ხელი პიარზე, რომ ბიძინა ივანიშვილს არ უყვარს „გატელევიზორება,“ თუ ამ კუთხით სახელისუფლებო სტრუქტურებში გამძვინვარებული არაპროფესიონალიზმია დამნაშავე. იქნებ,  არის კიდევ  სხვა მიზეზი?

-ხელისუფლება ორიენტირებული არ არის წარმატებების შეფუთვაზე, იგი ორიენტრირებულია ჩვეულებრივ მუშაობაზე.  ჩინეთში რომ ბანკი გაიხსნა, პირველმა ხელი საქართველომ მოაწერა და მიხეილ სააკშვილის დროს მარტო ეს ფაქტი „შეჭამდა“ ყველაფერს.  საარჩევნო თვალსაზრისით, ყველაფერი ისე არ არის შეფუთული, რომ ხალხმა თქვას, ეს რა ვნახეთო და ეს ძალიან კარგია. არ გვჭირდება და არც არავის არ უნდა სჭირდებოდეს ზედმეტი, „მატყუარა“ ხმები. რა თქმა უნდა, იყო პირობები, რომელიც ვერ შესრულდა, მაგრამ  ვიზალბერალიზაციას არავის შევპირებივართ, ისე გავაკეთეთ. დავპირდით ვინმეს, რომ ნივრის გარდა, ქვეყნიდან  ნებისმიერი პროდუქტის გატანა გახდებოდა შესაძლებელი, თან ყოველგვარი საბაჟოს და მოსაკრებლის გარეშე? ეს ყველაფერი ცალკეულ მოქალაქეებზე ნელ-ნელა გადადის, ვიღაცეები გამდიდრდნენ კიდეც, მაგრამ ამის აფიშირება არ ხდება. გურიაში თხილის და კახეთში ღვინის ბიზნესი რომ აყვავდა, ამას მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაიბრალებს, მაგრამ ჩვენ არ ვიბრალებთ.

-ანუ ფიქრობთ, რომ ხელისუფლების ამგვარმა მიდგომებმა „ქართული ოცნების“ რეიტინგზე უარყოფითად არ იმოქმედა?

-წინა ხელისუფლების წლებში კაცმა ვერ გაბედა და ვერ შემოიტანა პარლამენტში ანტიდისკრიმინაციული კანონი. დიახ, ამ კანონის მიღებით, „ქართულმა ოცნებამ“ ელექტორატის ნაწილი დაკარგა.  არ არის ეს კანონი ყველაზე პოპულარული და არა მხოლოდ საქართველოში. უკრაინაში 5-ჯერ ჩავარდა კანონი, რომელიც ლაპარაკობს, რომ ადამიანის დისკრიმინაცია არცერთი ნიშნით არ შეიძლება, მათ შორის, არც გენდერული იდენტობით, სექსუალური კუთვნილებით და სექსუალური უმცირესობის ხაზით. დიახ, იყო დანაკარგი, მაგარამ ამის ფასად სხვა წარმატებაა მიღწეული, რადგან ეს ვიზალიბერალიზაციის მოთხოვნა იყო. მომხრე ვარ, რომ საარჩევნო წელს  შედგეს ლაპარაკი, რა შესრულდა, ან ვერ შესრულდა. ყველამ თავის სფეროში გაწეულ მუშაობაზე ისაუბროს, მაგრამ დამისახელეთ, სად და როდის მოსულა ისეთი ხელისუფლება, რომელსაც მთელი ელექტორატი შეუნარჩუნებია. რა თქმა უნდა, ელექტორატის ნაწილი დაიკარგა, მაგრამ  ნაწილი კიდევ შეიძინება.  სადაც ვიღაცას არ მოეწონა ძალიან ლიბერალური კანონების მიღება, არიან სხვები, რომლებიც ამბობენ, რომ ეს მისაღებია. აქ არის  შეფარდება, მაგრამ ჩვენმა კოალიციამ თავისი მოქმედებები არ დამალა და სადმე, რამე უკუშეფუთვა არ მოუხდენია. არაა საჭირო ხალხის გადარევა, არჩევანის წინაშე ყველა დადგება. მეუბნებით, რომ „ქართული ოცნებით“ საზოგადოება არ არის მოხიბლული, მაგრამ „ნაციონალურმა მოძრაობამ,“ ან სხვა პოლიტიკურმა პარტიებმა რამე ჩაიდინეს ისეთი, რომ დაგვავიწყეს  ყველაფერი? ჩვენი მთავარი ოპოზიციური ძალა სამ ნაწილადაა გაყოფილი, ერთმანეთს ჭამენ, ზოგი მიშას უყურებს, ზოგი-გრიშას და ა.შ. ამომრჩეველი არჩევანის გასაკეთებლად რომ მოვა, არჩევანისთვის ის ვითარება არ დახვდება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანა დააქცია და რომელიმე ძალას თუ მისცემს ხმას, ქვეყანა აშენდება. იდეალისტური არჩევანი ვერ მოხდება და ეს იქნება ნამდვილი, რეალისტური არჩევნები. წინა არჩევნები იყო მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ პროგრამების გარეშე, დღევანდელი არჩევნები უნდა იყოს პარტიების პროგრამები. რა თქმა უნდა, მოსალოდნელი არ არის, რომ რომელიღაცა პოლიტიკური ძალა წალეკავს და ძალიან სერიოზული პრობლემა იქნება არჩევნებზე დასწრება, მაგრამ წიანსწარი გამოგლოვა,  რომ ვიღაცამ წააგებს  და ვიღაცა მოიგებს, ასეთ რამეს არ ველოდები.

-არსებობს „ქართული ოცნება“, არსებობს ოპოზციური სპერქტრი და არსებობს კიდევ მოლოდინი, რომ არჩევნებამდე დარჩენილ დროში შეიქმნება მესამე პოლიტიკური ცენტრი, რომელმაც შესაძლოა, საკუთარ მხარდამჭერად  აქციოს ელექტორატის ის ნაწილი, რომელიც თავის დროზე იყო „ქართული ოცნების“ მხარდამჭეერი და ამ წლების განმავლობაში მისი პოზიცია შეიცვალა, რაც არ ნიშნავს, რომ ისინი მოიხიბლენენ  ან „ნაციონალური მოძრაობით“, ან სხვა ოპოზიციური პარტიით. არის თუ არა მოსალოდნელი,  ასეთმა ამომრჩევლის  მობილიზებამ  შცვალოს ის სურათი, რომელიც თავად წარმოგიდგენიათ?

-ამაზე, შემიძლია  გამოვთქვა მოსაზრება, რომელიც შეიძლება სწორი არ აღმოჩნდეს, რომ ისტორიულად, საქართველოში „მესამე გზა“ ყოველთვის დამარცხდა. რამდნეჯრემე თავად  ვიყავით „მესამე გზა“ და  რამდენჯერმე  ვართ დამარცხებული. დიახ, არსებობს ილუზია, რომ ორმა პოლიტიკურმა ძალამ  მოგვაბეზრა თავი და არსებობს მესამე ძალა, როგორიცაა მაგალითად,  „გირჩი“, რომელიც ახალი ძალაა კრაგად  ნაცნობი ძველი „ნაციონალური“ სახეებით, ან პოლიტიკური ძალა, რომელიც „ქართული ოცნების“ სახე ცვლილება აღმოჩნდება, ან  ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც 200 წელი არის ჩვენი მეზობელი ქვეყნის ინტერესების გამტარებელი და არავითარი სიახლე მასში არ არის. ესენია: ირმა ინაშვილი, ნინო ბურჯანაძე და ა.შ. მე ამათ „მესამე ძალად“ ვერ აღვიქვამ. თუ ვინმე ჰგონია, რომ ზეციდან ჩამოფრინდებიან ახალი პოლიტიკოსები, მათი საქმეა, მაგრამ  მესამე ძალა ასე იოლად შესაქმნელი არ არის.  ჩემი პარტია არის 37 წლის.

-ხომ  შეიძლება მოხდეს ისე, როგორც ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ შემთხვევაში იყო. ერთი  ავტორიტეტი  და დანარჩენი - ნაკრები...

-მე ასეთი ავტორიტეტი ჯერ ვერ დავინახე. თუ საუბარია იმ ავტორიტეტზე, რომელიც აქვს პაატა ბურჭულაძეს, როგორც მომღერალს, მართალი გითხრათ, მომღერლებში რომ იყოს არჩევნები, დიდი წარმატება ექნებოდა. პოლიტიკაში ვერ ვიწინასწარმეტყველებ, რომ  პაატა ბურჭულაძე მოიგებს და ორივე პარტიას აჯობებს. პოლტიკაში ასეთი რამ არ ხდება.

„ჯი-ეიჩ-ენი“, ესაუბრა ხათუნა ხატიაშვილი

ავტორი: . .