ENG / RUS       12+

რატომ არ ეშველება არაფერი ქართულ ფეხბურთს?

მორიგი მარაზმატული დაპირისპირება ქართულ ფეხბურთში ძირითადად მტყუან–მართლის დისკურსში განიხილება. ანუ, ვინ არის მართალი – ეროვნული ნაკრების მწვრთნელი კახა ცხადაძე თუ სპორტის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ან ფეხბურთის ფედერაციის ახლადარჩეული პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი.  

ესეც, რა თქმა უნდა, საინტერესო საკითხია, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ იმ თვალსაზრისით, რომ კიდევ ერთხელ გვიჩვენა რა უბედურება სჭირს უსაყვარლეს სპორტულ სახეობას  და რა სისტემური პრობლემები იწვევს მის პერმანენტულ დავრდომილობას მას შემდეგ, რაც მოვიპოვეთ სახელმწიფოებრივი, მათ შორის საფეხბურთო დამოუკიდებლობა. ანუ  გვეღირსა მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე გამოსვლა.

ზოგიერთს უცნაურად მიაჩნია, რომ «რუსულ–იმპერიულ მონობაში» ბევრად მეტი საფეხბურთო მიღწევა გვქონდა, ვიდრე დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დროს.  არადა, გასაკვირი და უცნაური ამაში არაფერია. პირიქით – კანონზომიერია, რადგან დამოუკიდებლობის პირობებში იძულებული გავხდით არა იმპერიული, არამედ საკუთარი რესურსები და ეროვნული კულტურა ჩაგვედო საქმეში. რასაკვირველია, არა მხოლოდ და არა იმდენად  მატერიალურ რესურსებს ვგულისხმობ, არამედ საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ  უნარებს.

 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

თუმცა, ჯერ თვით კამათისა და განხეთქილების (საქართველოში ხომ ნებისმიერი დისკუსია მხოლოდ და მხოლოდ განხეთქილებით სრულდება და არა კომპრომისით) მიზეზებზე: ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ცხადაძე ამბობს, რომ მისი ფინანსური უზრუნველყოფის საკონტრაქტო პირობები დაირღვა და გაუარესდა. რატომ დაირღვა და გაუარესდა, ძნელი მისახვედრი არ არის: თავდაპირველი შეთანხმება ლარის ადრინდელ  კურსს გულისხმობდა, მაგრამ ვალუტის  დევალვაციამ ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა და, დოლარზე გადათვლით, მწვრთნელს ბევრად ნაკლები რჩებოდა.

მით უმეტეს, რომ როგორც ლევან კობიაშვილმა განაცხადა, კახა ცხადაძემ ფედერაციისაგან 100 000 დოლარის უპროცენტო კრედიტი აიღო და ყოველთვიური ხელფასიდან ეს ვალი ეჭრებოდა. მაგრამ დევალვაციის პირობებში, «ჩამონაჭერი» სულ უფრო და უფრო მეტი იყო, ანუ «ხელზე» ნაკლებს იღებდა.

რაც შეეხება სპორტის მინისტრს, მისი თქმით, «მწვრთნელის ანაზღაურება შედეგზე უნდა იყოს მიბმული», ხოლო 120 000 ლარი – «მეტისმეტად დიდი თანხაა». თუმცა, «მეტისმეტად დიდი» არ იყო წინა წლებში, როცა გერმენელ ტოპმიოლერსა და ფრანგ ჟირესს 2 მილიონ დოლარს უხდიდნენ ყოველწლიურად. თან  არაფერში – სრულიად უშედეგოდ.

უსასრულოდ  შეიძლება ვიკამათოთ იმაზე, გამართლებულია თუ არა «მოჭრილი თანხის» გადახდა მწვრთნელისთვის იმ პირობაზე  «მიბმის» გარეშე, რომ მან «დადოს შედეგი». სხვადასხვა საფეხბურთო ქვეყანაში სხვადასხვაგვარადაა. ბევრგან მწვრთნელი  შედეგზე არ არის დამოკიდებული, თუმცა კონტრაქტი მოკლევადიანია. სხვაგან – პირიქით.  და არც ის დაგვავიწყდეს, რომ იმ სახელმწიფოებში, სადაც მაინც მიბმულია შედეგზე, ეროვნული ვალუტის ასეთი დევალვაცია არ ხდება, ანუ მწვრთნელის მდგომარეობა არც ერთ შემთხვევაში არ უარესდება. შეიძლება არ უმჯობესდებოდეს, მაგრამ არ უარესდება – ესაა მთავარი სხვაობა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რაც შეეხება რეზულტატს,  კონკრეტულად, ამ შემთხვევაში: «ცხადაძემ რა შედეგი დადო მოთხოვნებს რომ გვიყენებსო», მთლად სამართლიანი კითხვა–არგუმენტი არ არის: შედეგი  იყო ის (ამაზე თითქმის არავინ დავობს), რომ ფეხბურთში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, პირველად მრავალი წლის შემდეგ, ერთდროულად რამდენიმე მატჩში ითამაშა ფეხბურთი! არა ფეხბურთის მსგავსი რაღაც უბადრუკობა, არამედ ფეხბურთი. წააგო, მოიგო, ფრედ დაასრულა თუ რა, მაგრამ  ფეხბურთი ითამაშა!

ფეხბურთელებს მოედანზე აშკარად ეტყობოდათ სითამამე და სილაღე. ანუ ეტყობოდათ რომ მინდორზე მუხლების კანკალით არ გამოდიოდნენ: თამაშობდნენ ლაღად, თავისუფლად, ზოგიერთ ეპიზოდებში კი ასრულებდნენ ნამდვილად თანამედროვე ფეხბურთს, ესე იგი ამჟღავნებდნენ ინდივიდუალური ოსტატობის შეხემებას კოლექტიურ ძალისხმევასთან, რაც საფეხბურთო ხელოვნების არსია.

როგორ მოახერხა ეს მწვრთნელმა ცხადაძემ – სხვა საკითხია, მაგრამ ხომ მოახერხა? თანაც, სწორედ მან რომ მოახერხა და არ იყო შემთხვევითი, იოლად მტკიცდება: შეადარეთ კახი ცხადაძის ხელმძღვანელობით ჩატარებული პირველივე მატჩები წინა მწვრთნელის ბოლო თამაშებს. შედეგზე არ ვლაპარაკობ. გამარჯვებები არც მაშინ იყო.  თამაშის ხარისხს ვგულისხმობ.

არადა, მთელი განვლილი პერიოდის განმავლობაში, ქართული ფეხბურთის მთავარი პრობლემა სწორედ ესაა: ბევრი ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი ლაღად, თავისუფლად, ოსტატურად, შედეგიანად, მთლიანობაში ღირსეულად თამაშობდა ევროპულ კლუბებში და «რაღაც ემართებოდათ», როცა ეროვნული ნაკრების მაისურს იცვავდნენ.  

რა პირობები არ შეუქმნეს, რა საგადასახადო შეღავათები არ დაუწესეს, რა სტადიონები არ აუშენეს, მაინც არაფერი ეშველათ. ცხადაძის მთავარი დამსახურება (და შედეგი) სწორედ ესაა: ფსიქოლოგიური გარდატეხა, რამაც ის პოტენციური შესაძლებლობები გამოათავისუფლა, რაც მანამ ჩახშული და შეზღუდული იყო. მაშასადამე, ნამდვილად ნიჭიერი მწვრთნელია და გუნდში გარკვეული განწყობის შექმნა ეხერხება. გარდა ამისა, კომპეტენტური  ადამიანები ამბობენ, რომ გუნდში  შიდა დაპირისპირებასა და ინტრიგებსაც მოუღო ბოლო. ესეც შედეგია და არც თუ ურიგო შედეგი.

თუმცა, კი ბატონო, შესაძლებელია ვიკამათოთ იმაზე, «მეტისმეტია, თუ არა თანხა», უნდა იყოს თუ არა «მიბმული» სატურნირო შედეგზე, ან უნდა ხდებოდეს თუ არა ინდექსაცია ვალუტის დევალვაციის პარალელურად (სინამდვილეში სწორედ ამას ითხოვს ცხადაძე და არა ხელფასის მომატებას), ოღონდ ბევრად უფრო საგულისხო სხვაა: ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ეროვნული ნაკრების მწვრთნელის გარშემო ატეხილი სკანდალი იმ დაპირისპირების გაგრძლებაა, რაც ფედერაციის ახალი პრეზიდენტის არჩევას ახლდა.

«საბაბი» არსებობს, თუმაც შინაარსობრივად მაინც საბაბია, ხოლო სიღრმისეული მიზეზი – იმ  კონფლიქტის გაღრმავება და ახალ სტადიაში გადასვლა, რაც ამოწურული ან შეთანხმებით დასრულებული არ არის.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

აი, ამ პრობლემას კი არაფერი ეშველა უკვე ათეულობით წელია: დამოუკიდებლობის მოპოვებიდან – დღემდე, ფეხბურთის ფედერაციაში და ფედერაციის გარშემო მუდმივი კონფლიქტი, ანუ ჟარგონულად თუ ვიტყვით, «ერთმანეთის ჭმაა»: ინტრიგები, ურთიერთსიძულვილი, ამბიციათა გაუთავებელი შეჯახება, რომელიც მით უფრო მძაფრია ხოლმე, როდესაც ერთმანეთს დახლოებით თანაბარი რესურსების ელიტური ჯგუფები უპირისპირდებიან. სხვა შემთხვევაში, ერთ–ერთის დამარცხება გრძელვადიან შედეგებს არ იწვევს. მაგალითად, კახი ასათიანისა და ნოდარ ახალკაცის დაჯგუფებათა დაპირისპირების დროს, პირველმა  იოლად დაამარცხა მეორე, რაკი ბევრად ძლიერი და გავლენიანი იყო. მათ შიორის სახელისუფლებო და «შავი» გავლენების გათვალისწინებით. ამჟამინდელი კონფლიქტი კი დაახლოებთ ერთი და იმავე რესუსრებისა თუ გავლენის მქონე ჯგუფებს შორის მიმდინარეობს, ანუ კიდევ დიდხანს გაგრძელდება.

აქ მჟღავნდება სწორედ ქართულ ელიტათა მთავარი მანკი, მთავარი უნიჭობა და უბედურება, რაც ამ ქვეყნის პერმანენტულ დამარცხებებს იწვევს არა მხოლოდ ფეხბურთში, არამედ ყველა სხვა მიმართულებით: კომპრომისის უნარის არქონა, კომპრომისის ტრადიციისა და ხელოვნების დეფიციტი!

 არადა, ეს აუცილებელი, უძვირფასესი უნარ–ჩვევაა, რომელიც სახელმწიფოებრივი კულტურის განუყოფელ ნაწილად ითვლება ცივილიზებულ და სახელმწიფოებრივად კულტურულ ერებში: ელიტათა კომპრომისის უნარი, კომპრომისის ნიჭი საზოგადოებას საშუალებას აძლევს გადაწყვიტოს პრობლემები და შექმნას ქმედუნარიანი, ნაყოფიერი სოციალური სისტემები.

ინდივიდუალიზმი, პიროვნული ამბიციები, ამ ამბიციათა «ჯახი»  სად არ ხდება, მაგრამ სამოქალაქო საზოგადოებას (და არა ხელისუფლებას)  ჰყოფნის უნარი, აიძულოს ელიტები, იმოქმედონ გარკვეული წესების დაცვით; შესაბამისად, ამ ელიტებსაც ჩამოუყალიბდათ შესაბამისი უნარი და აღწევენ ხოლმე რთულ კომპრომისებს, რომელიც ამბიციათა დათრგუნვას და «მოდუს–ვივენდის» მიღწევას გულისხმობს მაქსიმალიზმის გარეშე: «ან სრული გამარჯვება, ან სრული დამარცხება», «ან ჩვენ, ან ისინი».

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

თანაც, მივაქციოთ ყურადღება, რომელ სფეროებში მჟღავნდება ქართულ ელიტათა ეს უნიჭობა და უგვანობა ყველაზე მეტად: იქ, იმ სისტემებში, რომლებიც უფრო მეტად დამოუკიდებელნი არიან სახელმწიფოსგან: ფეხბურთის ფედერაცია, «ფიფასა» და «უეფას» წესდების შესაბამისად, დამოუკიდებელი ორგანიზაციებია, ხოლო სახელმწიფოს ნებისმიერი ჩარევა სასტიკად ისჯება.

თუმცა, ეს ჩარევა ხშირად არაფორმალურია, ხოლო დაპირისპირებული მხარეები მას ბრძოლის რესურსად იყენებენ, თორემ ვის ეპარება ეჭვი, რომ შევარდნაძის დროს, სააკაშვილის დროს და დღესაც ხელისუფლება ფედერაციის შიდა დაპირისპირებებში ერევა? ოღონდ ერევა არაჯანსაღად: არა ავტორიტეტული არბიტრის ფუნქცით, არამედ ერთ–ერთი მხარის სასარგებლოდ, რაც მხოლოდ აძლიერებს იმ ავადმყოფობასა და მანკს, რაც ისედაც სჭირთ ქართულ ელიტებს.

ეს უკულტურობა კი (ანუ კომპრომისისა და შეთანხმების უნარის არქონა), იმდენად ღრმაა, იმდენად «კონფლიქტოგენურია», რომ საეჭვოა უახლოეს მომავალში რაიმე ეშველოს. შესაბამისად, არც ქართულ ფეხბურთს ეშველება რამე და მუდამ დარჩება «მაჩანჩალად», სანამ სამოქალაქო საზოგადოება (როგორც ეს მოხდა ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში) არ გამოამჟღავნებს უნარს და არ აიძულებს (!) გათავხედებულ ელიტებს, უნდათ თუ არა, სიამოვნებთ თუ არა, გამოიმუშავონ დიალოგის, ცივილიზებული ურთიერთქმედებისა და კომპრომისების უნარი.

"ჯი-ეიჩ-ენი", ნიკა იმნაიშვილი

ავტორი: . .