თარიღი    დრო

კახა ბენდუქიძე: ოკუპაციის 200 წელი

საქართველო, თბილისი - 19:32 11.12.2015 7230

საქართველოს სკოლებში – ალბათ მომავალი წლიდან – მასწავლებლები შეძლებენ გამოიყენონ დამხმარე სახელმძღვანელო „ოკუპაციის 200 წელი”.
პირველად როცა გავიგე ამ ჯერ არარსებული წიგნის შესახებ, ძალიან შემეშინდა, რომ გამოვიდოდა პრიმიტიული აგიტპროპი, თავისი შეთქმულების თეორიებით და ქართველობის გაბუქებით.

მერე მივხვდი – შეიძლება ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნი იყოს. და არა მარტო მოწაფეებისათვის.

რატომ?

თუ თქვენ თვლით, ვერაგმა რუსეთმა უდრეკი ქართველი ხალხი მიიერთა, მაგრამ ვერ დაიმონა, და 200 წელი ჩვენ ყველა გმირულად ვიბრძოდით თავისუფლებისათვის, და სრულად შევინარჩუნეთ ჩვენი კულტურა, ენა, სარწმუნოება, მთლიანობა, მაშინ ზღაპრების მომყოლი გჭირდებათ, და წიგნი არც დაიწეროს, უკეთესია.

თუ გინდათ გაიგოთ, როგორ გავფარჩაკდით, დავკარგეთ ბევრი რამ, შევიძინეთ რაღაც, უფრო სიმახინჯე, ვიდრე სილამაზე, მაინც გადავრჩით, და ახლა ხელახლა უნდა საკუთარი თავი შევქმნათ, და აგერ ლექსიც ამაზე:

ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?
მძიმე ყალნით,
ლამაზ ფალნით
მორთული და
მშვენიერი;
უწყინარი,
უჩივარი,
ქედდრეკილი,
მადლიერი;
უშფოთველი,
ქვემძრომელი,
რიგიანი, წესიერი;
ყოვლად მთმენი,
ვით ჯორ-ცხენი,
ნახედნი და ღონიერი.
ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
ყველა უნჯი,
ყველა მუნჯი,
გულჩვილი და
ლმობიერი;
თვალაბმული,
თავაკრული,
პირს ლაგამი ზომიერი;
ყველა ყრუი,
ყველა ცრუი,
ჭკვადამჯდარი,
გულხმიერი;
მცირე, დიდი –
ყველა ფლიდი,
ცუღლუტი და მანკიერი.
ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
მტვერწაყრილი,
თავდახრილი,
ყოვლად უქმი, უდიერი;
უზღუდონი,
გზამრუდონი,
არგამტანი და ცბიერი;
მტრის არმცნობი,
მოყვრის მგმობი,
გარეთ მხდალი, შინ
ძლიერი;
არრის მქონე,
არრის მცოდნე,
უზრუნველი და მშიერი.
ჩვენისთანა ბედნიერი
კიდევ არის სადმე ერი?

მაშინ სულ სხვანაირი წიგნი გჭირდებათ.

როგორი წიგნი მინდა მე? მე მინდა, რომ ამ წიგნმა:
• დაგვანახოს საქართველო და რუსეთი მსოფლიო ისტორიის ორასწლიან კონტექსტში
• მოჰყვეს ქართულ კოლაბორაციონიზმზე
• გვაჩვენოს ჩვენში ისეთი საბჭოთა ფენომენების წარმოშობა, როგორიცაა ინტელიგენცია, ორმაგი მორალი და ვითომ თანაბარი, მაგრამ ღრმად სტრატიფიცირებული საზოგადოება: ვერა-ვაკე vs სოფლელები
• ახსნას, რატომ იყვნენ სტალინი და ბერია საბჭოთა არაკაცები, და არა საამაყო ქართველები
• განიხილოს, როგორ გავხდით კანონიერი ქურდების ქვეყანა და რა იყო ქართული საბჭოთა მილიცია
• გააანალიზოს, როგორ იხრწნებოდა საქართველოს ეკონომიკა და როგორ იყო კორუფცია მოსკოვში ამის ნაწილი
• დაგვაფიქროს, რატომ უნდოდათ მეოცე საუკუნის დასაწყისში გელათელ ბერებს და აკაკი წერეთელს ქართველების კათოლიკობაში გადასვლა
• მოჰყვეს, თუ როგორ დაბეჩავდა ქართული სოფელი
• გაგვახსენოს, როგორ გაჩნდნენ ქართველი თერგდალეული ლიბერალები
• გვასწავლოს, ვინ იყო დიმიტრი ყიფიანი
• გვკითხოს, თუ რა ტრადიციაა მართლაც ქართული, და რა არის საბჭოთა წარმონაქმნი
• აღადგინოს 1832 წლის ამბები
• აღწეროს, რატომა გვაქვს ასეთი საზღვრები
• აღადგინოს ზუსტად ომი რუსეთთან 08.08.08
• კითხვა დაგვისვას ასეთი: რა იცოდა რუსეთმა/ბოლშევიკების პარტიამ, ჩვენ რომ კისერი მოგვიგრიხა?
• და სხვა მრავალი რამ

თქვენი არ ვიცი და მე არ მაწყენდა ასეთი წიგნის წაკითხვა.

13 სექტემბერი, 2010 წელი

"ტაბულა"




dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 81.4%
შემცირდა 15.4%
არ შეცვლილა 3.2%