თარიღი    დრო

კახა ბენდუქიძე: იმასაც მოკლედ უვლია, ვინც გრძლად ეგონა იარა

საქართველო, თბილისი - 19:30 11.12.2015 2484

ჟურნალის წინა ნომერში ჩემი სვეტი (უფრო მეტსიტყვიანი, ვიდრე სხვა დროს) იყო სამი წარმოდგენა საქართველოს მომავალზე. სამივე შარჟი ანდა კარიკატურა იყო. სამივე სხვადასხვანაირი – იმიტომ რომ მე არ ვიცი, რა მოხდება ზუსტად, და ცხადია სინამდვილე იქნება სხვანაირი. გადაიტანეთ თქვენი წარმოსახვა 1980 წელს, ან 1990 წელს, ან 2000 წელს, და პატიოსნად თქვით, თქვენ იცოდით, 2010 წლის სექტემბერი როგორი იქნებოდა?
მე არ ვიცოდი, და იმედია, არც თქვენ. არსებობს მითი, რომ ვიღაც ძალიან ჭკვიან ხალხს შეუძლია მომავალი განჭვრიტოს. და ამიტომ ეგენი თუ უხელმძღვანელებენ ქვეყანას, და ყველაფერს კარგად დაგეგმავენ – აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია.
მინდა მომავლის წინასწარმეტყველებაზე ვისაუბროთ. დღეს პირველ ამბავს მოგიყვებით.
მობილური ტელეფონი – მის გარეშე ახლა ცხოვრებას ვერ წარმოიდგენ – ამერიკელმა მარტინ კუპერმა შექმნა, კორპორაცია AT&T-ის თანამშრომელმა, 1973 წელს.
AT&T (American Telephone & Telegraph Co.) მაშინ მსოფლიოს უდიდესი სატელეკომუნიკაციო კორპორაცია იყო. მრავალი მიმართულებით მუშაობდა, მის ლაბორატორიებში იყო შექმნილი თანამედროვე ტექნოლოგიური სამყაროს მნიშვნელოვანი ნაწილი – ტრანზისტორი და პროგრამირების ძირითადი ენები, ლაზერი და ტელეტაიპი, რადიოასტრონომია და სმენის აპარატი, ხმოვანი ფილმი და ინფორმაციის თეორია, იმ დროისთვის ხუთ თანამშრომელს ნობელის პრემია ჰქონდა მიღებული. რაც მთავარია – თვით ტელეფონიც AT&T-ის შვილია – კომპანია ტელეფონის გამომგონებელმა გრემ ბელმა დააფუძნა.
ამას რატომ გიყვებით? რომ არ იფიქროთ არიფები იყვნენო.
ასე რომ, მობილური ტელეფონი თუ სადმე უნდა გამოეგონებინათ, ეს ალაგი AT&T უნდა ყოფილიყო.
გადიოდა წლები, კუპერი სულ უფრო და უფრო ხვეწდა გამოგონებას, მაგრამ მაინც მძიმე იყო ჯერჯერობით მობილური, ძვირი ჯდებოდა, და დაიწყო კორპორაციაში კამათი, ჰქონდა თუ არა ამ გამოგონებას ბიზნესპერსპექტივა. მომხრეებიც ჰყავდა მობილურ ტელეფონს, და უფრო მეტნი, რომლებიც თვლიდნენ – აქედან არაფერი გამოვაო.
1980 წელს მსოფლიოს ყველაზე მაგარმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ გადაწყვიტა ამაზე პასუხისათვის ყველაზე მაგარი კონსულტანტები მოეწვია. ეს ძალიან მიღებულია – დამოუკიდებელი ხალხი სხვანაირად შეხედავს საქმეს და შეიძლება ისეთი რამ დაინახოს, რაც შიგნიდან არ ჩანს.
რამდენიმე კომპანია იბრალებს ყველაზე მაგრობას, მაგრამ კომპანია მაკკინსი (McKinsey) ერთ-ერთი აღიარებული ლიდერია.
ყველაზე მძლავრი ტვინები შეეჭიდნენ პრობლემას.
AT&T-მ საკითხი მათ ასე დაუსვა – როგორი იქნება 20 წლის შემდეგ მობილური ტელეფონების ბაზარი მსოფლიოში?
მაკკინსის ჭკვიანმა კონსულტანტებმა დიდხანს იფიქრეს, ესაუბრნენ AT&T-ის გენიოს ინჟინრებს, აკეთეს გამოთვლები, შექმნეს მათემატიკური მოდელები, გაითვალისწინეს, რომ მობილური აპარატი მომავალში გაიაფდებოდა და მსუბუქი გახდებოდა.
და უპასუხეს – 2000 წელს გაიყიდება არა უმეტეს 1 მილიონი აპარატისა!
მაშინ რას იზამო, თქვა AT&T-იმ და დახურა პროექტი.
1997 წელს გაიყიდა 107 მილიონი მობილური ტელეფონი.
1998 წელს გაიყიდა 175 მილიონი მობილური ტელეფონი.
1999 წელს გაიყიდა 295 მილიონი მობილური ტელეფონი.
2000 წელს გაიყიდა 415 მილიონი მობილური ტელეფონი.
1994 წელს AT&T-იმ იყიდა კომპანია McCaw Communications 11,5 მილიარდ დოლარად, რომ თუნდაც დაგვიანებით, მობილური მომსახურების ბაზარზე შესულიყო.
სულელები! ეს ხომ ყველასთვის ცხადი იყო, რომ მობილურს დიდი მომავალი ექნებოდა! აგერ, გავიდეთ ქუჩაში და ვისაც გინდა ვკითხოთ – ყველა გეტყვის!

6 სექტემბერი, 2010 წელი

"ტაბულა"




komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)
სარეკლამო ბანერი (250px)
სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 65.1%
შემცირდა 29.4%
არ შეცვლილა 5.5%