თარიღი    დრო

კახა ბენდუქიძე: რუსული ცხენი

საქართველო, თბილისი - 19:25 11.12.2015 2467

დღეს დილით რომ გავიღვიძე, გორში სტალინის ძეგლი უკვე აღარ იდგა, მუზეუმში გადაიტანეს. ყველას გილოცავთ. მთავრობამ კარგი საქმე გააკეთა. ნებისმიერი საქმის გაკეთებას ფული სჭირდება. ბევრი საქმის კეთებას კი - ბევრი ფული. მაშინ რა არის უკეთესი - დიდი ბიუჯეტი თუ პატარა? საგადასახადო განხილვებმა ეს დისკუსია გამოაცოცხლა. და საერთოდ, დიდი რომ პატარას აჯობებს, ამაზე რას ვკამათობთ?! 

დიდ ბიუჯეტს შეიძლება ორნაირად მივაღწიოთ - მაღალი გადასახადები გვქონდეს ან ყოველწლიურად ვალი ავიღოთ და ასე ვიცხოვროთ. პირველი გზა იგივეა - შენით ფეხი მოიტეხო, მეორე გზა კი - შენით თავი ჩამოიხრჩო. ერთ შემთხვევაში შენ ნელა განვითარდები, მეორე შემთხვევაში - ფინანსურ კატასტროფამდე მიხვალ.

შეიძლება ორივე ერთად გააკეთო - დიდი გადასახადებიც გქონდეს და ბევრი სესხიც აიღო. ნელაც განვითარდე და ფინანსური კატასტროფის მარყუჟშიც გაყო თავი. ასე იყო საბერძნეთში და შედეგიც ჩანს - ევროკავშირის წევრი ქვეყანა გადარჩა მხოლოდ მთელი მსოფლიოს დახმარების ხარჯზე. თუმცა, საბერძნეთში მუდმივი გაფიცვები და დემონსტრაციებია - შარშანდელი გალიები სიწყნარის და სიმშვიდის გამოხატულებაა იმასთან შედარებით, რაც იქ ხდება. ერთ-ერთ ბანკს გარედან ცეცხლი წაუკიდეს და ხუთი ბანკირი შენობის შიგნით დაწვეს.
მიმიქარავს ბიშკეკი!

მრავალი ქვეყნის ბიუჯეტი და განვითარება (ზრდის ტემპი) 1960-1996 წლის განმავლობაში გამოიკვლიეს ამერიკელმა ეკონომისტებმა და აღმოაჩინეს შემდეგი:

ანუ, რაც უფრო მეტია მთავრობის ხარჯების წილი მშპ-ში (რაც უფრო დიდია ბიუჯეტი), მით უფრო ნელა ვითარდება ეკონომიკა. აღმოჩნდა, რომ ხანგრძლივად და სტაბილურად ამ დროის განმავლობაში მხოლოდ ხუთი ეკონომიკა ვითარდებოდა - ჰონგკონგის, ტაივანის, სამხრეთ კორეის, სინგაპურის და მალაიზიის. და ამ ხუთ ქვეყანას ჰქონდა საშუალო ზრდის ტემპი 5%-ზე მეტი. და ბიუჯეტი მშპ-ს 25%-ზე ნაკლები. მეტიც - მალაიზიას ბიუჯეტი სხვებზე მეტი ჰქონდა და, შედეგად, განვითარება - ნაკლები.

ახლა ამ ქვეყნებს ჩინეთიც დაემატა. ცხადია, დაბალი გადასახადებით.

ჩვენ ვართ ჯერჯერობით მეორე სვეტში - 25-30%.

თუ ამბიციები არა გვაქვს, მაშინ არაუშავს.

ჩემი სიმპათია კი უფრო პატარა ბიუჯეტის და უფრო დაბალი გადასახადების მხარესაა.

აქ ერთი ისტორია უნდა მოვყვე - ძალიან მნიშვნელოვანი.

2008 წლის 26 აგვისტოს პუტინის, ბაღაფშის და კოკოითის ერთობლივი პრესკონფერენციის დროს, პუტინმა გამოაცხადა, ჩვენ საქართველოსაც ვეხმარებითო:

“Грузия получает немалые средства через МВФ. Мы являемся активным членом МВФ и регулярно выделяем этой международной финансовой организации немалые ресурсы, которые затем распределяются между нуждающимися странами, в том числе поступают в Грузию”.

რამდენიმე კვირის შემდეგ, საერთაშორისო სავალუტო ფონდში საქართველოზე მსჯელობისას, ფონდის რუსმა დირექტორმა ალექსეი მოჟინმა ყველას გასაოცრად თქვა: მივცეთ საქართველოს უფრო მეტი ფული, ვიდრე ითხოვსო. დახარჯონ მეტი, ნუ დაზოგავენო.

ოღონდ ერთი პატარა პირობით - გადასახადები გაზარდონო!

მაშინ სხვა დირექტორებმა ამ წინადადებას მხარი არ დაუჭირეს.

პირიქით, საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, შეემცირებინა საშემოსავლო გადასახადი 20%-მდე. ეს ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ ჩვენ ომი+მსოფლიო კრიზისი შედარებით იოლად გადავიტანეთ.

როდესაც ბერძნებმა ხის ცხენი, შიგ დამალული მეომრებით, მიართვეს ტროას, ლაოკოონი უყვიროდა ტროელებს - „რაც უნდა იყოს, ძღვენიც მოჰქონდეს, მზარავს შიშით მე დანაელი” - ანუ ბერძნების გეშინოდეთო, თუნდაც საჩუქარი მოჰქონდეთო.

ჩვენს მტერს უნდა, რომ ჩვენ
• მეტი ფული ვხარჯოთ,
• გადასახადები გავზარდოთ,
• ვალები ავიღოთ.
რა ვქნათ?

28 ივნისი, 2010 წელი

"ტაბულა"




komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)
სარეკლამო ბანერი (250px)
სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 65.1%
შემცირდა 29.4%
არ შეცვლილა 5.5%