თარიღი    დრო

კახა ბენდუქიძე: ნოხი

საქართველო, თბილისი - 19:23 11.12.2015 3457

ალბათ, ნოხი გადაგიბრუნებიათ და დაგინახავთ - მის პირუკუ მხარეს ისეთივე სურათი აქვს, როგორც ძირითად მხარეს.

ქვეყნებიც ეგრე არიან.

წარმოიდგინეთ, დიდ ნოხზე გერმანიაა გამოსახული. ხატია პრეზიდენტი, რომელიც არ წყვეტს თითქმის არაფერს - უკანა მხრიდანაც ასეთივე პრეზიდენტია, ოღონდ ისე კარგად არ ჩანს. მერე პარლამენტი - პირზეც და პირუკანაც პარლამენტი იღებს კანონებს, მერე პოლიცია - ის ამ კანონებს იცავს - აქეთაც, იქითაც. მერე ამოქარგულია ბანდიტები და ქურდები - აქედანაც, იქიდანაც. პოლიცია მათ იჭერს, ვინაიდან ისინი პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებს არღვევენ.

შემიძლია ასე გავაგრძელო, მაგრამ საკმაოდ მოსაწყენი იქნება - გერმანია-ნოხი პირის უკანა მხარესაც იგივეა, რაც პირის მხარეს, ოღონდ ცოტა უფრო ბაცი.

ახლა ვნახოთ საქართველო ოთხმოცდაათიან წლებში: უკვე მიხვდით, რა განსხვავებაა?

წინა მხარეს ქურდები, ბიზნესმენები, მთავრობა, პოლიცია, პარლამენტი ცალ-ცალკე ხატია, და ვითომ გერმანიასავითაა - პარლამენტი იღებს კანონებს, მთავრობა ამ კანონებს ახორციელებს, ქურდები არღვევენ კანონებს, ხოლო პოლიცია მათ იჭერს.

გადავაბრუნოთ ნოხი. ვაი! ვერაფერს ვეღარ ხედავთ? ეს კვანძები არაფერს აღარ ჰგავს? ეს კაცი ვინ არის, პარლამენტს, ქურდებს და პოლიციას ძაფებით გამობმული? პარლამენტაროქურდია? ქურდოპოლიციელია? მინისტრობანდიტია?

და რა გამოდის? თქვენ ცინიკურად იძახით, რომ წინა მხარეს რაც ამოქარგულია, ის უკანა მხარეს არაფერს ნიშნავს?

სამწუხაროდ, უნდა დაგეთანხმოთ. მოკლედ, არ ჰგავდა მაშინდელი ნოხის ორი მხარე ერთმანეთს.

ამაში ვხედავ მე რეალურ პროგრესს - საქართველოს წინა და უკანა მხარე ნელ-ნელა ერთმანეთს ემსგავსება: უკნიდან რომ ნოხს შეხედავ, უკვე გაარჩევ, რას უნდა მოელოდე წინიდან. პოლიცია აქეთაც და იქითაც დევნის ბანდიტებს; პრეზიდენტი აქეთაც და იქითაც ხელმძღვანელობს. მთლად გერმანია არ ვართ - კიდევ დიდი გზა უნდა გავიაროთ.
საქსოვი კიდევ ბევრი გვაქვს, წინა და უკანა მხარე ერთნაირი რომ იყოს; რომ ყველგან - რასაც ვფიქრობთ, იმას ვამბობდეთ, რასაც ვაკეთებთ - ის გვერქვას.

რადგან უფრო დიდ ნოხზე, თუ შორიდან საქართველოს ორ მხარეს შორის რაღაც მსგავსებაა, ახლოს რომ მივალთ, ისევ ავირევით. მაგალითად, შევხედოთ სკოლებს - განა მათი უმრავლესობა ახერხებს ბავშვების აღზრდას და კარგი განათლების მიცემას? საავადმყოფოები - ჯანმრთელობის დაცვას? მედია - სწორი ინფორმაციის გავრცელებას?

და რაც მთავარია, ჩვენ თვითონ?! რამდენი ადამიანი თვლის, კანონი იმისთვისაა, რომ დაარღვიო? წითელი შუქი ქუჩაში არის იმისათვის, რომ სწრაფად გაიარო? გადასახადები არის არგადასახდელად, და მოპარული დენი უკეთესია, ვიდრე ნაყიდი? რომ არაფრისგამკეთებელი ნათესავის სამსახურში მოწყობა კარგი საქმეა და, ამავე დროს, აღშფოთებულნი ვართ - ამ ქვეყანას არაფერი ეშველება, ყველგან ნაცნობობააო?

ეს არ არის რაღაც განსაკუთრებული ქართული მენტალიტეტი და ჩვენი ჯიში. ეს სხვების ქვეყანაში ცხოვრების შედეგია. ბოლო ორი საუკუნე ჩვენს თავს არ ვეკუთვნოდით, იქამდეც ეს ბედნიერება ძალიან ცოტ-ცოტა ხნით გვქონდა ხოლმე. გავა დრო, და ყველაფერს თავის სახელს დავარქმევთ, მოვა დრო და ნოხის ორივე მხარეს ერთნაირი სურათი იქნება. შორიდანაც და ახლოდანაც.

14 ივნისი, 2010 წელი

"ტაბულა"




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 83.7%
შემცირდა 13.3%
არ შეცვლილა 3%