თარიღი    დრო

კახა ბენდუქიძე: ვსრიალებთ

საქართველო, თბილისი - 19:19 11.12.2015 2278

ამ ტექსტს ხუთშაბათ ღამით ვწერ. მაზეგ არჩევნებია. არჩევნები მშვიდობიანად და გამართულად ჩაივლის, ტაბულა კი შემდეგ დღეს გამოვა.

ახლა უკვე მსჯელობა მერობის კანდიდატების პლატფორმებზე პოლიტიკურად არააქტუალურია, ამიტომ მინდა, ერთი ჩვენებური ავადმყოფობაზე სალაპარაკოდ გამოვიყენო. ამ ავადმყოფობას მე ზედაპირზე სრიალს ვეძახი.

რამდენიმე თვის განმავლობაში მიდიოდა აქტიური გამეორება საარჩევნო დაპირებების, და არავის არ მოსვლია აზრად, საზოგადოებრივ სივრცეში გაეკეთებინა მარტივი რამ: გ ა ნ ე ხ ი ლ ა, დ ა ე თ ვ ა ლ ა, გ ა ე ა ნ ა ლ ი ზ ე ბ ი ნ ა ის იდეები, რომლებსაც ასე უხვად გვთავაზობდნენ პოლიტიკოსები.

არც ოჯახში თუ ეზოში მოუკლია არავის თავი ამ ანალიზით. თუმცა კამათი ბევრი იყო. მაგრამ „მოდი, დავთვალოთ” ხომ არ იტყვი - სირცხვილია. ანუ ვართ თვლის ძველ სისტემაში - ერთი, ორი, ბევრი. ათი, ხუთი, უფასო.

ანუ მათ ზედაპირულ ლოზუნგებს ჩვენ ვუპასუხეთ სათანადო ზედაპირულობით. ჩვენ ხომ ორივე - კანდიდატებიც და ამომრჩევლებიც - ბედკრული საქართველოს შვილები ვართ.

ასეთი მოლიპული საქართველო. ვსრიალებთ ყინულის ზედაპირზე.

მაგალითად ავიღოთ გაზი ხუთ თეთრად, დენი ათ თეთრად, წყალი უფასოდ - თუ პირიქით? გაზი უფასოდ, დენი 5 თეთრად, წყალი 10 თეთრად? (ისე კარგია, რომ ასეთი რიცხვებია - ხალხს დათვლა გაუადვილდება. ასე რომ, ძალიან მზრუნველი ადამიანის მოფიქრებულია).

რომელ ჩვენგანს წასცდა ხელი კალკულატორისკენ? ვინ დაურეკა ნაცნობ სპეციალისტს - ამიხსენი, ეს გათვლა სწორია თუ არაო?
ან დავასაქმებ თითოეული ოჯახიდან ერთ ადამიანს მაინც! ვის გაუჩნდა კითხვა - როგორ? თუ საიდუმლო არ არის, ჩვენც გვითხარით.

ვსრიალებთ!

მაშინ რა არის მნიშვნელოვანი? როგორი მერი (დეპუტატი, პრეზიდენტი, საკრებულოს წევრი) გვინდა? გვაინტერესებს მისი იდეები? რეალისტურ რამეს გვპირდება თუ არა? შეძლებს გააკეთოს?

თუ უფრო მისი ზომა, წონა, ბოხი ან პირიქით, ნაზი ხმა ან სახის გამომეტყველება გვაინტერესებს?

მისი წარმომავლობა, სპორტულობა, ჩაცმულობა, სახის გამომეტყველება?

ენების ცოდნა, დედის გვარი, ვაკელია თუ პლეხანოველი?

ერთხელ ნახევრად სახუმარო ინტერნეტ-გამოკითხვა ჩავატარე - როგორი პრეზიდენტი სჭირდება საქართველოს. ბევრი პროვოკაციული და არასერიოზული კითხვა იყო. რამდენიმე კითხვაზე აზრები მნიშვნელოვნად გაიყო.

შეიძლება თუ არა, პრეზიდენტი იყოს ოფლიანი? ამ კითხვამ გახლიჩა გამოკითხულები ორ თითქმის თანაბარ ნაწილად - 54 % თვლიდა, რომ შეიძლება, და 46% - რომ არა.

გასაგებია, რომ დემოკრატიას ახლა ვსწავლობთ, ისტორიული გამოცდილება არ გაგვაჩნია, და, როგორც იყო ნათქვამი, ეს ლობიოს ჭამა არ არის.
მეორე მხრივ, 20 წელი ცოტა დრო არ არის, სრიალის გარდა კიდევ რამის სასწავლად.

15 წლის წინ რუსეთში ქიმიური საწარმოს აქციების მსხვილი პაკეტი შევიძინეთ. საწარმო უფულოდ იყო. ჩვენ ბევრს ვთვლიდით - სად იკარგება თანხები, სად არის არაეფექტურობა. ქარხნის დირექტორს ჟურნალისტმა ჰკითხა - ახალ აქციონერებზე რას გვეტყვითო. ამანაც - კარგი ბიჭები არიან, ყველა ბუღალტერიაო. ვკითხე - რატომ ბუღალტერები-მეთქი. მიპასუხა - აბა, ვინ ხართ, სულ კალკულატორი გიჭირავთ ხელში, და ითვლით, ითვლით, ითვლით.

მართალია, მიმტკიცებენ, საქართველოში მამაკაცმა რომ კალკულატორი იხმაროს, სირცხვილია. ანუ იარაღი - კარგია. სიგარეტი - მოსულა, კალკულატორი - სამარცხვინოა. სრიალი მოსულა, ჩაღრმავება - არა.

ხალხო! ავიღოთ კალკულატორი, გამოგვადგება, რამეს დავთვლით.

თორემ სულ ყინულზე ვისრიალებთ.

წყალი ხომ უფასოა.

31 მაისი, 2010 წელი

"ტაბულა"




komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)
სარეკლამო ბანერი (250px)
სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 65.1%
შემცირდა 29.4%
არ შეცვლილა 5.5%