ENG / RUS       12+

თამარ ჩხეიძე:  საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილი თუ თვლის, რომ მათ "ოცნებამ" მოლოდინები გაუმართლა

რესპოდენტის შესახებ

ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ ყოფნის სამ წელის შესაფასებლად, „ჯი-ეიჩ-ენი“ ილია ჭავაჭავაძის საზოგადოების თავმჯდომარეს თამარ ჩხეიძეს ესაუბრა.

თამარ ჩხეიძე:  "ოცნების" სამწლიან მმართველობას რა თქმა უნდა, უარყოფითად ვაფასებ. მიუხედავად ნაციონალების მმართველობის არა ერთი მიუღებელი მომენტისა, სრულიად აშკარაა ბოლო 3 წლის უარყოფითი დინამიკა ქვეყნის განვითარებაში. მართალია არც ნაციონალების დროს არ იყო ის, რასაც ნამდვილი თავისუფალი ეკონომიკა ეწოდება, მაგრამ მაინც ქვეყანაში რაღაც გათანამედროვების პროცესები მიმდინარეობდა და ეკონომიკაც უკეთ სუნთქავდა, არც ლარის მდგომარეობა იყო ასეთი შემაშფოთებელი. 2008 წლის უტრაგიკულესი მოვლენების და ომში განცდილი მარცხის მიუხედავად, ხელისუფლება წარმატებით ახდენდა საერთაშორისო მასშტაბით საქართველოს დეოკუპაციის და საერთოდ საქართველოს საკითხის ლობირებას. ივანიშვილის ხელისუფლებას ზოგადად, არ ახასიათებს აღმშენებლობითი მუხტი. ხელისუფლება ლარის კურსის დიდ დესტაბილიზაციას საგარეო ფაქტორით ხსნის, მაგრამ წინა წლებში კურსის სტაბილობა შენარჩუნებული იყო ომის და გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობებშიც კი. რაც შეეხება არაღიარების პოლიტიკას, დეოკუპაციის საკითხის საერთაშორისო მასშტაბით აქტუალიზაციას, როგორც ეს მოსალოდნელი და წინასწარ გამოცხადებულიც კი იყო, ამ ხელისუფლებამ პუტინის რუსეთის გულის გასახარად, მოახდინა საქართველოს საკითხის მიჩუმათება და დეაქტუალიზაცია, რაც შეცდომა კი არა, უდიდესი დანაშაულია.

- მაგრამ ხელისუფლებას დეკლარირებული აქვს პროდასავლური კურსი

- მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება იძულებულია გარეგნულად მაინც მოახდინოს პროდასავლური კურსისა და ევროინტეგრაციის დეკლარირება, სინამდვილეში იგი ყოველნაირად ცდილობს შელახოს საქართველოს, როგორც დემოკრატიული ქვეყნის იმიჯი და მთავარ საქმედ აქცია პოლიტიკური მოწინააღმდეგეების დევნა, ხოლო ეროვნული ერთიანობის ნაცვლად, რაც უსერიოზულესი საგარეო გამოწვევის პირობებში განსაკუთრებით აქტუალურია, საზოგადოებაში ნერგავს სამოქალაქო დაპირისპირებას და პათოლოგიურ სიძულვილს, რაც თავისთავად დესტრუქციული მოვლენაა ქვეყნისთვის.

-  რამდენად გაუმართლა „ოცნებამ“ ამომრჩეველს მოლოდინები?

- ვფიქრობ, საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილი თუ თვლის, რომ მათ "ოცნებამ" მოლოდინები გაუმართლა. სოციალური ყოფა მთლიანობაში მხოლოდ გაუარესდა, რაც ფართო საზოგადოების საფუძვლიან უკმაყოფილებას იწვევს. არც საზოგადოების ის ნაწილია კმაყოფილი, რომელიც "ოცნებისგან" კიდევ უფრო მეტ რეპრესიულობას, რეაქციულობას და პრორუსულობას მოითხოვს.

- და მაინც, რა მიგაჩნიათ „ოცნების“ ხელსუფლების ყველაზე დიდ წარმატებად და წარუმატებლობად?

- ახლა, რაც შეეხება ყველაზე დიდ წარმატებას და წარუმატებლობას: - თავისთავად ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა ქვეყნისთვის დადებითი მოვლენაა, მაგრამ ეს ოცნების დამსახურება ძალიან ნაკლებადაა. დასავლეთი მძლავრი გლობალური ფაქტორია და მისი სრული უგულებელყოფა ძირითადად და არსით პრორუსულ ხელისუფლებასაც არ შეუძლია. ამიტომ იგი ახდენს პროდასავლური კურსის სიმულირებას და იძულებული იყო ეს უკვე მიღწეული და მომზადებული საქმე გაეფორმებინა. მაინც თუ რამე წარმატებაზე შეიძლება საუბარი, უფრო ალბათ, ჯანდაცვის სფეროში. მიუხედავად საკმაოდ გაურკვეველი და ბუნდოვანი მდგომარეობისა ამ სფეროში, მაინც შთაბეჭდილება მრჩება, რომ მოსახლეობისთვის ცოტა მაინც უფრო მისაწვდომი გახდა სამედიცინო დახმარება. ამ ეფექტის შენარჩუნება რამდენად მოხერხდება, ეს არ ვიცი. წარუმატებლობა თითქმის ყველა სფეროშია, მაგრამ მთავარი წარუმატებლობა ის არის, რომ საერთაშორისო მასშტაბით საქართველოს ოკუპაციის საკითხი სულ უფრო და უფრო ნაკლებად გაისმის.მაგრამ ეს წარუმატებლობაა ჩვენი ქვეყნისთვის, თავად ოცნების ხელისუფლება და მათი რეალური მეთაური სწორედ ამას ისახავდა მიზნად.

- ყველა პოლიტიკურ ძალას აქვს ძლიერი და სუსტი მხარეები,  „ოცნების“ შემთხვევაში რას გამოყოფდით?

- შეიძლება არაობიექტურობაში ჩამომართვათ, მაგრამ "ოცნების" ძლიერ მხარეზე ფიქრისას, ვერაფერი მოვიფიქრე, რაც შეეხება სუსტ მხარეს, აქ მთავარი რუსეთისადმი მონური დამოკიდებულება, ხოლო საშინაო სფეროში დესტრუქციულობა, სიძულვილის ქადაგება და საქმის კეთებისადმი ნაკლები მიდრეკილებაა.

- დღეს, როგორ გამოიყურება 2012 წლის არჩევნებში დამარცხებული „ნაციონალური მოძრაობა“?

- საერთოდ, მე მგონია და იმედი მაქვს, რომ ნაციონალებმა ნაწილობრივ მაინც ევოლუცია განიცადეს. მათ მმართველობის პირველ წლებში უფრო ქონდათ ბოლშევიკური მიდრეკილებები.მე მგონი, მათ ნაწილობრივ სწორად შეაფასეს შეცდომები, არა მგონია, რომ მთლიანად. რაც შეეხება მომავალ არჩევნებში მათ შესაძლო მესიჯებს, მათი ამჟამინდელი პოზიციებიდან და მათი კონკურენტების ვინაობიდან გამომდინარე, ალბათ ისევ მათი მესიჯები უფრო ახლოს იქნება ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ინტერესებთან.

- „ქართული ოცნება“ კოალიციას ინარჩუნებს, რას უნდა ველოდოთ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე?

- ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, არჩევნებამდე დარჩენილი ერთი წლის მანძილზე მოხდება თუ არა რაიმე არსებითი ცვლილება გლობალურ და ეროვნულ დონეზეშე. თუ არსებითი ცვლილებები არ მოხდა, ხელისუფლების შეცვლა მაინც და მაინც გარანტირებული არ მგონია. უცვლელი საგარეო ფაქტორის და ჩვენი საზოგადოების პირობებში, მიუხედავად ყველაფრისა, ასეთი ხელისუფლების შეცვლაც კი ადვილი არ იქნება. სავალალოა, რომ დღევანდელ საქართველოში საკმაოდ სერიოზული დასაყრდენი აქვთ კიდევ უფრო ღიად პრორუსულ, ანუ პირდაპირ ოკუპანტის პოზიციისა და იდეოლოგიის წარმომადგენელ ძალებს. უცვლელი პირობების შემთხვევაში, მათ შეუძლიათ რაღაც დოზით, მაგრამ იმედი მაქვს, არა უმრავლესობით, პარლამენტში მოხვედრა. რაც შეეხება ნაციონალებს, მართალია მათ, ხელს უშლის მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილში მათდამი ჩამოყალიბებული უარყოფითი დამოკიდებულება, მაგრამ, კარგია ეს თუ ცუდი, ფაქტია, რომ ისინი დღესდღეობით ამ ხელისუფლების ფაქტიურად ერთადერთი ძლიერი და ქმედითი პროდასავლური ალტერნატივაა.

„ჯი-ეიჩ-ენი“, ესაუბრა გეგა სილაგავა

ავტორი: . .