იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ მედია აბსოლუტურად დამოუკიდებელია და ჟურნალისტს ხელისუფლების არ ეშინია.
,,დღეს მედია არის უპრეცედენტოდ თავისუფალი. დღეც ჩვენ მოვიტანეთ ის რაც წინა ხელისუფლებამ ვერ შეძლო ეს არის ის რომ ჟურნალისტს ხელისუფლების არ ეშინია. ,,რუსთავი-2”-თან დაკავშირებით ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, რომ აგრძელებს მაუწყებლობას, რომ ის თავისუფალია როგორც აქამდე იყო თავის შეფასებებში და ეს ასეც გაგრძელდება”, _განაცხადა ჟურნალისტებთან წულუკიანმა.
მისივე თქმით, ,,რუსთავი-2”-ის ყოფილ და მოქმედ მესაკუთრეებს შორის არსებული სამართლებრივი დავა მისი კომპეტენცია არ არის. თუმცა, წულუკიანმა იმედი გამოთქვა, აღნიშნულ საკითხზე სასამართლო მიუკერძოებელ სამართლიან გადაწვეტილებას მიიღებს.
წულუკიანი ,,იმედში” მიმდინარე პროცესებსაც გამოეხმაურა და იმედი გამოთქვა, რომ ინგა გრიგოლია ჟურნალისტურ საქმიანობას კვლავ გააგრძელებს.
,, რაც შეეხება ქალბატონ ინგას გადაცემის შეჩერებას, თუ დახურვას ჩახედული არ ვარ ამ თემაში, მაგრამ აქაც ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, როგორც ჟურნალისტი ის მედიას არ დაეკარგოს და მან შეძლოს მუშაობის გაგრძელება იმავე, თუ სხვა არხზე როგორც თავად გადაწყვეტს”, _განაცხადა წულუკიანმა.