ENG / RUS       12+

მანანა ნაჭყებია: ეს არის ხელისუფლების მცდელობა, შეტევა მიიტანოს თავისუფალ მედიაზე და შესაბამისად, დემოკრატიაზე

რესპოდენტის შესახებ

ქართულ მედიაში მიმდინარე პროცესებზე და ტელეკომპანია „იმედის“ გადაწყვეტილების თაობაზე, საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქშოუების დროებით შეჩერების შესახებ „ჯი-ეიჩ-ენის“ კითხვებს „ახალი მემარჯვენეების“ პოლიტიკურმა მდივანმა მანანა ნაჭყებიამ უპასუხა.  

- რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე სამართლებლილ-პოლიტიკური დავის შემდეგ, ტელეკომპანია იმედის გადაწყვეტილებაში, საზოგადოებრივ პოლიტიკური თოქშოუების დახურვის შესახებ, რამდენად ჩანს ხელისუფლების კვალი?

- „რუსთავი 2“-ის და „იმედის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენები შესაძლოა ჩვეულებრივ სამართლებრივ დავად და არხის მეპატრონის გემოვნების საკითხად მიგვეჩნია, რომ არა რამდენიმე მომენტი: ეს ყველაფერი ჩვენ უკვე გავიარეთ და ისე ერთი ერთში გავს ყველაფერი ერთმანეთს არგუმენტებით დაწყებული სტრატეგიით და ტაქტიკით დამთავრებული, რომ ხელისუფლების კვალის ძიებაც კი არ გვჭირდება. ყველაფერი ისედაც ნათელია. ეს უკვე ნამღერი სიმღერა და ნანახი ფილმია, სიმღერის ავტორი და რეჟისორიც კარგად ნაცნობი და მოყირჭებული - ხელისუფლება. - მიზანი? 

- ხელისუფლების მიზანიც ნათელია. ასე რომ,  დიდი ტვინის ჭყლეტა მიზეზების ძიებას არ სჭირდება. მეტიც,  ხელისუფლება არც მალავს, რომ არ მოსწონს, როცა, მათი აზრით,  ქვეყანაში მიღწეულ პროგრესს ტელევიზიები „ვერ ხედავენ“,  ვითარებას  ამძიმებენ, ფერებს ამუქებენ. გაიხსენეთ ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები. ბავშვები არ ვართ, რომ ვერ შევაფასოთ მასმედიის საშუალებების დიდი როლი. ისინიც აფასებენ და მათთვის ყველაზე მისაღებ და რეალიზებად გამოსავალს პოულობენ: ებრძვიან და ცდილობენ დახურონ არასასურველი არხები და გადაცემები.

- თქვენ, პოლიტიკოსი, როგორ შეაფასებთ ხელისუფლების ამრუდუნებას“?

- როგორც პოლიტიკოსი, ამას ერთადერთ შეფასებას მივცემ - ეს არის ხელისუფლების მცდელობა, შეტევა მიიტანოს თავისუფალ მედიაზე და შესაბამისად, დემოკრატიაზე.

- რატომ ახლა?

- საარჩევნო პოლიტიკური წელი იწყება სექტემბრიდან და ამ დროს არხის ხელმძღვანელობა იღებს გადაწყვეტილებას ყველაზე რეიტინგული გადაცემა დახუროს და ყველაზე რეიტინგული ჟურნალისტი სახლში გაუშვას? ეს ხომ აბსურდია და არანაირ გონივრულ ლოგიკაში არ ჯდება. კიდევ რაღაცას დავიჯერებდი, რომ ტელევიზიას ამ ხნის განმავლობაში ემუშავა და ახალი სეზონიდან  უკვე შეეთავაზებინა ახალი, უფრო რეიტინგული გადაცემა. გონიერი ხელმძღვანელობა ხომ ასე მოიქცეოდა? ვერც ხვდებიან, რომ ასეთი გადაწყვეტილებით, ასეთი უსუსური განცხადებით თავიანთ რეპუტაციას ეჭვქვეშ აყენებენ? ჩემთვის „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელობა უკვე იმდენად კომპრომენტირებულია, რომ აღარ მგონია რეპუტაციის აღდგენა შესძლონ.

- როგორ ფიქრობთ რა რეალური მოტოვაცია უნდა არსებობდეს ინგა გრიგოლიასა და მისი კოლეგების ტელეეთერიდან მოშორობის გადაწყვეტილებაში?

- მოდით, ახლა იმის ძიებას ნუ დავიწყებთ ჟურნალისტური თვალსაზრისით მართლაც ღირებული იყო თუ არა „იმედის“ ეს „თოქ-შოუები“. ფაქტი ერთია: ეს გადაცემები ისე არ ასახავდნენ რეალობას, როგორც ეს ხელისუფლებას უნდოდა. მათში დიდი დოზით იყო ის აზრი, რომ ქვეყანაში ყველაფერი ისე არ არის როგორც უნდა იყოს. როგორც მოსალოდნელი იყო, არც იმან გაამართლა რომ საკუთარ ტელევიზიაში, საკუთარ გადაცემაში საკუთარი ექსპერტების და ჟურნალისტების მიერ დანახული „პროფესიონალური და მიუმხრობელი“ ხედვა  შეცვლიდა მოსახლეობის განწყობას პოზიტიურისკენ და დაანახებდა მათ ხელისუფლების მიღწევებს ეკონომიკაში, დასაქმების პრობლემების მოგვარებაში. მოსახლეობა საკუთარი ოჯახის ბიუჯეტით და შემოსავლებით, საკუთარ ჯიბეზე,  საკუთარი სოციალური მდგომარეობით უკეთ ხვდება გაუმჯობესდა თუ გაუარესდა მისი მდგომარეობა. ამიტომ ექსპერიმენტებს შეეშვნენ და „ნაჯახის“ მეთოდით იმოქმედეს: აღარ არის „რეაქცია“ და გრიგოლია -  აღარ არის პრობლემები, არ იქნება „რუსთავი 2“- არ იქნება პრობლემები!  ეს, რა თქმა უნდა, შეცდომაა, მაგრამ სხვა რაში გამოიჩინა ამ ხელისუფლებამ გამჭრიახობა და შორსმჭვრეტელობა, ამაში რომ გამოეჩინა?

- რუსთავი 2-, იმედის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები, საზმაუწყებლში ბორდის შერჩევისას ხელისუფლების მიერ გამოყენებული ხელების გადაგრეხვის პოლიტიკა, რამდენად ჯდება მედიის თავისუფლების სტანდარტებში, რომლითაც ხელისუფლება თავს იწონებს?

- არც დემოკრატიის, არც მედიის თავისუფლების სტანდარტებში ეს ყველაფერი არ ჯდება. ეს ერთმნიშვნელოვნად ასეა. ვინც სხვა არგუმენტების და მიზეზების ძიებას იწყებს და ცდილობს ეს ყველაფერი სამართლებრივ დავად ან არხის მფლობელების „გემოვნებად“ ან „სურვილად“ მონათლოს პირდაპირ შემიძლია ვთქვა, კონფორმისტია, თავს იტყუებს, არ უნდა ხელისუფლებას აწყენინოს. არის კიდევ ერთი კატეგორია, რომელსაც ჰგონია, რომ წარსულის შეცდომების გამო „რუსთავი 2“-ის დასჯა და „დახურვა“ „სამართლიანობის აღდგენის“ პრინციპებს ემსახურება.  ეს არასწორი შეხედულებაა.  ეს ადამიანები ვერ აფასებენ რეალურად რა არის დემოკრატია, რა არის მედიის თავისუფლება და რა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის.

- მადლობა საინტერესო საუბრისთვის.

ჯი-ეიჩ-ენი“, ესაუბრა, გეგა სილაგავა

ავტორი: . .