ENG / RUS       12+

საბერძნეთში ქართველ ემიგრანტებზე ნადირობა დაიწყება?

რესპოდენტის შესახებ

რა რისკებს ხედავს და რატომ ითხოვს სახელმწიფოსგან კოოპერატივების მხარდაჭერას

 20-საათიანი მოლაპარაკება შედეგიანი აღმოჩდა - ევროზონის ლიდერებმა საბერძნეთთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. „საბერძნეთის დახმარების პროგრამისთვის, სერიოზულ რეფორმებსა და ფინანსურ დახმარებასთან ერთად, ყველაფერი მზადაა„, - დაწერა „ტვიტერზე„ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა. მოკლედ, რუსეთუმეების ყიჟინა ნაადრევი აღმოჩნდა - ელადა ევროკავშირში რჩება. მიუხედავად ამისა, ფაქტია: ე.წ. საბერძნეთის ფაქტორი თავის კვალს მხოლოდ ევროპაზე კი არა, ევროინტეგრაციის გზაზე დამდგარ საქართველოზეც დატოვებს. დაიწყება თუ არა საბერძნეთში ანტიემიგრანტული მოძრაობა? - ამ და სხვა შეკითხვებით ეკონომიკის დოქტორს, თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორს, ეკონომიკის ექსპერტ სოლომონ პავლიაშვილს მი მართეთ, რომელიც ერჰარდის ცნობილი თეორიის - „კეთილდღეობა ყველასთვის„ ქართული გამოცემის ერთ-ერთი თანაავტორია...

- ბატონო სოლომონ, საბერძნეთის კრიზისი საქართველოზე ფინანსურ კვალს დატოვებს თუ არა და, საერთოდ, გარკვეული საფრთხე ჩვენს ევროინტეგრაციასაც ხომ არ ემუქრება?

- საბერძნეთის კრიზისმა საქართველოზე ფინანსური გავლენა უკვე მოახდინა. სხვათა შორის, ჯერ კიდევ 7 თვის წინ ვამბობდი, რომ მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესები საქართველოზეც აისახებოდა და ასეც მოხდა: მაგალითად, თუკი 2014 წლის პირველ ხუთ თვეში, უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების მიერ 570 მილიონი დოლარი იყო გადმორიცხული, 2015 წლის ანალოგიურ პერიოდში, ამ თანხამ 438 მილიონი შეადგინა, ანუ განსხვავება თითქმის 140 მილიონია, რაც ლარის დევალვაციის ერთ-ერთი ფაქტორი გახდა. ზოგი ამბობს, 100 მილიონი არაფერს ნიშნავსო, მაგრამ ჩვენნაირი ქვეყნისთვის 100 მილიონი საკმაოდ სერიოზული თანხაა.

სხვათა შორის, საბერძნეთის კრიზისი ახლა კი არა, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროს, ანუ 2008 წლის შემდეგ დაიწყო...

- ევროპის სხვა ქვეყნებმა ეკონომიკური კრიზისი, ასე თუ ისე, დაძლიეს. ეს საბერძნეთმაც რატომ ვერ შეძლო?

- იმიტომ, რომ თავის დროზე საბერძნეთი ევროკავშირში გაყალბებული პარამეტრებით შევიდა.

- ეს რას ნიშნავს?

- რას და, - არ შეიძლება, ევროკავშირის წევრ ქვეყანას 3 პროცენტზე მეტი საბიუჯეტო დეფიციტი ჰქონდეს. საბერძნეთის საბიუჯეტო დეფიციტი კი, როგორც მაშინდელმა ფინანსთა მინისტრმა აღიარა, 3,8 პროცენტი იყო.

- დავიჯერო, ევროკავშირს იმის ბერკეტები არ აქვს, რომ ყალბი მონაცემები გამოააშკარაოს?

- ევროკავშირმა შეიძლება, თვალი დახუჭა.

- რატომ?

- ევროკავშირი, პირველ რიგში, ეკონომიკური გაერთიანებაა, ანუ მისი საფუძველი პოლიტიკური კი არა, უფრო ეკონომიკური პრინციპებია და აწყობდა, რომ საბერძნეთი, თუნდაც გაყალბებული პარამეტრებით, ევროზონის წევრი გამხდარიყო და ამას გარკვეულწილად პოლიტიკური დატვირთვაც ჰქონდა... ევროკავშირის ეკონომიკა რეგულირებადია და ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ამ გაერთიანების წევრი გახდება, ევროზონის კანონებს უნდა დაემორჩილოს და საკუთარ ეკონომიკურ ინტერესებზე გარკვეულწილად უარი თქვას.

- მაინც, რომელ ინტერესებზე?

- მაგალითად, ბალტიისპირეთის ქვეყნებს ძირითადი შემოსავალი ტრანზიტიდან ჰქონდათ და ამ კუთხით შეზღუდვები დაწესდა. როცა ბაზარი ერთიანი ხდება, დემპინგურ ფასებს ვეღარ დააწესებ და საერთო ტენდენციას ემორჩილები.

- ეს კარგია თუ ცუდი?

- მსოფლიო ბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, ნობელიანტი სტიგლიცი მიიჩნევს, რომ მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს ხელი ეკონომიკის ღიაობამ შეუწყო. დღეს სტიგლიცი მხარს საბერძნეთს, ანუ მემარცხენეობას უჭერს. საერთოდ, თუ დავაკვირდებით, ევროპაში მემარცხენე იდეოლოგია, ესე იგი, სოციალ-დემოკრატები მოდიან. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, გერმანიაც ანალოგიურ მდგომარეობაში იყო, საიდანაც ერჰარდის პრინციპით - „კეთილდღეობა ყველასთვის„ გამოვიდა. ერჰარდის თეორია სწორედ მემარცხენეობას ეფუძნება... 

მოკლედ, 2008 წელს, საბერძნეთმა, ეკონომიკის რესტრუქტურიზაცია რომ მოეხდინა, სავალუტო ფონდისგან 60 მილიარდამდე ისესხა. სავალუტო ფონდმა მაშინ განაცხადა, თუკი ამ მოთხოვნას არ დავაკმაყოფილებთ, საბერძნეთის ეკონომიკის ევროპის ქვეყნებთან სინქრონიზაცია ვერ მოხდებაო, მაგრამ ამ თანხის მიღების მიუხედავად, საბერძნეთის ეკონომიკა მაინც ვერ განვითარდა.

- რატომ?

- ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ მკაცრი ეკონომიკური რეფორმების გატარება უჭირს - საბერძნეთის ბიუჯეტი უფრო სოციალურია. სწორედ ამიტომაც, ხელფასების, სუბსიდიებისა და რაღაც ლგოტების შემცირება  სოციალურ პრობლემებს გამოიწვევდა, რასაც ხელისუფლება ვერ გაუძლებდა. საბერძნეთის პრემიერი ციპრასი წმინდა მემარცხენეა და ვალების მომსახურეობაზე უარი ამიტომაც თქვა, ანუ საბერძნეთს სოციალური ხარჯების შემცირებას ვალის არდაბრუნება ურჩევნია, თუმცა უკვე დაიწყეს საუბარი, რომ ე.წ. მე-13 პენსია შესაძლოა, არ დარიგდეს.

ისე, სავალუტო ფონდი დღესაც ამბობს, თუკი საბერძნეთს ახალ ვალს არ მივცემთ, ძველსაც ვერ გადაიხდისო. რეფერენდუმზე ხალხს მხარი ვალების არგადახდისთვის რომ დაეჭირა, ამისკენ მოსახლეობას თავად ციპრასმა მოუწოდა. რეფერენდუმის შედეგები იმაზე მეტყველებს, რომ ხალხმა მთავრობის ლეგალიზაცია მოახდინა, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ამომრჩევლის 40 პროცენტმა ხმა ვალების მომსახურეობას მისცა. ესე იგი, ხელისუფლებამ იმდენი ვერ „გაქაჩა„, რომ რეფერენდუმში, ვთქვათ, 85 პროცენტი აეღო. 

- საბერძნეთის კრიზისი, მგონი, უფრო პოლიტიკურ ჭრილშია განსახილველი - სხვა თუ არაფერი, რეფერენდუმის მეორე დღეს, ციპრასმა პუტინს დაურეკა და ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ რუსეთის პრეზიდენტს აგარიში ჩააბარა... მოკლედ, ბატონო სოლომონ, გამორიცხავთ, რომ ციპრასი რუსული გავლენის ტყვეობაში იყოს?

- რუსეთი, რა თქმა უნდა, შეეცდება, რომ საბერძნეთის კრიზისი სათავისოდ გამოიყენოს. საერთოდ, კრემლი ცდილობს, ალტერნატივები გააჩინოს და „საჭირო კაცი„ გახდეს. ხომ ნახეთ, როგორი განცხადებები კეთდება, ჩვენ და საბერძნეთი ისტორიული მეგობრები ვართო. თავის დროზეც, როცა ოსმალეთის იმპერიიდან გასასვლელად იბრძოდა, რუსეთი საბერძნეთის მხარეს იდგა.

- თუკი ევროზონის დატოვებას გადაწყვეტს, ეს საბერძნეთისთვის უფრო ცუდი იქნება?

- რა თქმა უნდა... ევროზონა მხოლოდ დახმარება კი არა, გარკვეული ვალდებულებაცაა. ევროკავშირის წევრი რომ არ ყოფილიყო, მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი, ევრო ბანკი საბერძნეთს ამდენ კრედიტს არ მისცემდა. ამიტომ, ევროზონის დატოვება მარტივი არაა. სხვათა შორის, არსებობდა მითი, რომ ტურისტები გადაარჩენდნენ, მაგრამ საბერძნეთის ეკონომიკას ტურიზმმა ვერ უშველა.

ისე, საბერძნეთის პროცესები შეიძლება, ევროპის სხვა ქვეყნებზეც გავრცელდეს. ყოველ შემთხვევაში, ესპანეთი, პორტუგალია და ბალტიისპირეთის ქვეყნებიც ცუდ მდგომარეობაში არიან.

- რატომ?

- იმიტომ, რომ ევროზონის მოთხოვნებს ვერ უძლებენ!

- ბატონო სოლომონ, გამორიცხავთ, რომ საბერძნეთს თუნდაც ერთჯერადი ფინანსური დახმარება კრემლმა გაუწიოს და ამით მსოფლიოს ევროზონის უსუსურობა დაანახოს?

- შესაძლებელია, ასეც მოხდეს, მაგრამ რუსეთს იმის თავი არ აქვს, რომ საბერძნეთი მუდმივად კვებოს. ამიტომ, დამხარებას ერთჯერადი სახე ექნება, თუმცა საბერძნეთთან თანამშრომლობის სურვილს უკვე ანგელა მერკელიც გამოთქვამს. შეიძლება, ნაწყენები არიან, მაგრამ საბერძნეთის დაკარგვა არც ევროკავშირის ლიდერებს აწყობთ...

- არსებობს თუნდაც თეორიული შანსი, რომ პუტინმა ციპრასს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება შესთავაზოს?

- ეს გეოპოლიტიკურად გამორიცხულია, თუმცა რუსეთმა, საბერძნეთის სახით, შესაძლოა, ისეთი დასაყრდენი გაიჩინოს, როგორიც, მაგალითად, ირანი ან ჩინეთია. სხვათა შორის, ახლახან რუსეთმა საუდის არაბეთთან ხელი მსხვილ კონტრაქტს მოაწერა. ყველაფერ ამით კრემლი იმ ეკონომიკური სანქციების ალტერნატივებს ეძებს, რომელი სანქციებიც ევროპამ დაუწესა. ამ სიტუაციაში კი, საბერძნეთი რუსეთისთვის სანქციებს მხარს აღარ დაუჭერს.

- საბერძნეთში საქართველოს, თუ არ ვცდები, 150 ათასამდე მოქალაქე ცხოვრობს. ამ ხალხის სამშობლოში დაბრუნების მოლოდინი გაქვთ?

- ამ ხალხის საქართველოში დაბრუნება იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ტრანსფერი აღარ შემოვა და უმუშევრობაც კიდევ უფრო გაიზრდება.

- ესე იგი, ქართული ეკონომიკა უარესად ჩამოიშლება?

- ყოველ შემთხვევაში, საბერძნეთიდან ემიგრანტების დაბრუნება ამ ეტაპზე ჩვენი ეკონომიკისთვის რთული იქნება, თუმცა არ მგონია, კერძო სექტორმა ისეთი ნაბიჯები გადადგას, რაც ქართველი ემიგრანტების მასობრივ დაბრუნებას გამოიწვევს. ემიგრანტები, ძირითადად, პენსიონერებთან მუშაობენ. პენსიონერებს კი, მუდმივი შემოსავალი აქვთ - საბერძნეთში პენსია 1300 ევროა, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ემიგრანტებთან დაკავშირებით გამოსვლები და არალეგალებზე ნადირობა დაიწყოს.

- ვისი მხრიდან - ადგილობრივი მოსახლეობის თუ ხელისუფლების?

- ორივეს მხრიდან.

- ნადირობაში ქუჩაში ცემა-ტყეპას გულისხმობთ?

- არა. ხალხმა შეიძლება, პოლიტიკური მოთხოვნა დააყენოს, ჩვენს თავს ვერ ვინახავთ, უმუშევრები ვართ და აქედან არალეგალები გაუშვითო.

- მოვლენების ამ სცენარით განვითარებისთვის ჩვენი ხელისუფლება როგორ უნდა მოემზადოს?

- ალტერნატივის გაჩენა გაუჭირდება, თუმცა რამდენიმე დღის წინ, ეკონომიკის მინისტრმა ძალიან შთამბეჭდავი პროექტი წარმოადგინა, რომელიც ტურიზმის, კერძო სექტორისა და, საერთოდ, საქართველოს გეოპოლიტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებას გულისხმობს. ეს ხედვა, უდავოდ, მომეწონა...

ზოგი პარლამენტარი ამტკიცებდა, ლარის დევალვაციით ხელს ექსპორტს შევუწყობთო, მაგრამ ექსპორტის წახალისება არ მომხდარა, რადგან ქართული ექსპორტი ძირითადად იმპორტირებული ნედლეულისგან იქმნება. ამ ნედლეულის შემოსატანად ვალუტაა საჭირო. მოკლედ, ლარის დევალვაციამ ექსპორტი ვერ წაახალისა და, პირიქით, 26-პროცენტიანი კლება გვაქვს, თუმცა სოფლის მეურნეობაში კარგი პილოტური პროგრამა - აგროდაზღვევის თანადაფინანსება ამოქმედდა. მე თუ მკითხავთ, ხელისუფლება კოოპერატივების შექმნის იდეოლოგიით უნდა დაკავდეს - კოოპერატივი სოლიდური პასუხისმგებლობაა და ყველა მეპაიეს - ერთ პროცენტს ფლობს თუ ათს, სიტყვა ერთნაირად ეთქმის. კოოპერატივი შპს-სგან სწორედ ამით განსხვავდება.

- კოოპერატივებს სახელმწიფომ შეღავათები უნდა დაუწესოს?

- რა თქმა უნდა. მაგალითად, სალიზინგო მომსახურეობაში ჩასვას და დაბალპროცენტიანი კრედიტი მისცეს, რითიც კოოპერატივი გლეხისთვის საინტერესო გახდება, თუმცა ყველაფერ ამას კარგი მუშაობა და იდეოლოგია სჭირდება. სახელმწიფომ ხელი ე.წ. პროტექციონისტურ პოლიტიკას კი არა, კონკურენტული პროდუქციის შექმნას უნდა შეუწყოს. ვფიქრობ, ამ კუთხით ხელისუფლება გარკვეულ ნაბიჯებს დგამს, მაგრამ ხანდახან სპონტანურ გადაწყვეტილებებსაც იღებს. მაგალითად, საემიგრაციო კანონმდებლობა დღემდე ვერ გამოსწორდა.

- ეს კანონმდებლობა ხელს ინვესტიციების შემოსვლასაც უშლის?

- რა თქმა უნდა. საერთოდ, ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ ინვესტიციების წარმოშობის გარკვევას თავი უნდა დავანებოთ...

- ისე, ბატონო სოლომონ, რაკიღა სიტყვა ინვესტიციაზე ჩამოვარდა, განა, არაა დრო, ბერძნებს ჩვენი ოქროს საწმისი მოვთხოვოთ?

- (იცინის) ახლა, უტრირებას ახდენთ, თან არ დაგავიწყდეთ, რომ საბერძნეთი ერთმორწმუნე ქვეყანაა...

- ხუმრობა იქით იყოს და, ლარის კურსი კიდევ დაეცემა?

- არ მგონია, რომ ლარის დევალვაცია გაგრძელდეს, რადგან ეროვნულმა ბანკმა კარგი ნაბიჯი გადადგა - რეფირანსირების პროცენტი ხუთიდან ხუთნახევრამდე გაზარდა, რაც ინფლაციური მოლოდინით ახსნა. ინფლაციურ მოლოდინს ვერ ვგრძნობ, მაგრამ კარგი იქნებოდა, ეს ნაბიჯი ეროვნულ ბანკს აქამდე გადაედგა და ლარის დევალვაცია არ დაიწყებოდა. ისე, სიმართლე გითხრათ, ის ცვლილებები, რაც ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით იგეგმება, ცოტა ნაჩქარევი მგონია, თუმცა ხელისუფლება, ალბათ, სხვა რისკებს ხედავს.

- იზიარებთ მოსაზრებას, რომ ყველაფერი ეს ქადაგიძის დასასუსტებლად კეთდება?

- არა, რადგან ქადაგიძე რამდენიმე თვეში ისეც მიდის.

- სხვათა შორის, ეროვნული ბანკი თავის დროზე „ნაციონალებმაც„ გაყვეს და მერე, შეაერთეს...

- მაშინ ეს ცხონებული კახა ბენდუქიძის ინიციატივა იყო და იმიტომ გააკეთა, რომ ეროვნული ბანკის იმდროინდელ პრეზიდენტს, რომან გოცირიძეს ებრძოდა. ახლა კი, ქადაგიძეს არავინ ებრძვის.

- ასეა თუ ისე, ბატონო სოლომონ, საბერძნეთის მოვლენებს რუსეთუმეები სათავისო იდეოლოგიისთვის გამოიყენებენ, არა?

- რუსეთსა და რუსეთუმეებს თავი რომ დავანებოთ, მემარცხენე ექსპერტები უკვე იყენებენ. 2011 წლის ეკონომიკურმა კრიზისმა აჩვენა, რომ სახელმწიფო რეგულირება აუცილებელია, თუმცა სახელმწიფოს რეგულირება ყველას სხვანაირად ესმის. მაგალითად, ის, რაც 9 წლის განმავლობაში, საქართველოში ლიბერტანიალიზმის ეგიდით ხდება, კარგად გვახსოვს - „ნაციონალებმა„, სხვა თუ არაფერი, ანტიმონოპოლიური სამსახური გააუქმეს, მაგრამ ეს ლიბერტანიალიზმი უცოდინრობაზე იყო დაფუძნებული. ამასთან, ქონების ექსპროპრიაცია, ნულოვანი ტოლერანტობა და ბიზნესის დატერორება ხდებოდა, ანუ ეს სინამდვილეში, ბოლშევიზმი იყო და ლიბერტანიანული იდეოლოგია მხოლოდ ე.წ. „ნაციონალურ„ ელიტაზე ვრცელდებოდა. საერთოდ, ყველაზე ცუდი ისაა, როცა ქვეყნის ეკონომიკის სათავეებთან გაუნათლებლები მოდიან. მსოფლიო ეკონომიკამ კი დაგვანახა, რომ სახელმწიფო რეგულირება აუცილებელია. მაგალითად, ეკონომიკური კრიზისის დროს, იმის გამო, რომ „ოპელსა„ და მერსედესს„, ამხელა კომპანიებს, არ გასჭირვებოდათ, გერმანიის სახელმწიფომ სახელფასო კომპენსაციებისთვის სუბსიდია მისცა და ამით სოციალური ბუნტი აიცილა. „ჯენერალ მოტორსთან„ დაკავშირებით აშშ-მაც ანალოგიური ნაბიჯი გადადგა, მაგრამ სახელმწიფო სოფლის მეურნეობას არ უნდა აფინანსებდეს, რადგან სოფლის მეურნეობა შემომტანია. სახელმწიფომ გლეხს მიწა კი არ უნდა მოუხნას, არამედ, მაგალითად, დაბალპროცენტიანი კრედიტი მისცეს და ხელი დაზღვევაში შეუწყოს. ამიტომ ვამბობ, რომ საკარმიდამო ნაკვეთის ცნება უნდა დავივიწყოთ და კოოპერატიულ მეურნეობაზე გადავიდეთ.

ესაუბრა საბა მეგრელიშვილი

 

ავტორი: . .