ENG / RUS       12+

სერგო რატიანი: ამ მთავრობასთან ერთად ყოფა კიდევ წელიწადნახევარი, შეუძლებელია

რესპოდენტის შესახებ

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ახალი აღმასრულებელი მდივანი ჰყავს. სერგო რატიანმა აღნიშნულ თანამდებობაზე პარტიიდან წასული ზურაბ ჯაფარიძე ჩაანაცვლა. შიდა პარტიულ არჩევნებში, სერგო რატიანმა 28 მხარდამჭერით, გიორგი ვაშაძეს მოუგო. რა გეგმები აქვს პარტიის ახალ აღმასრულებელ მდივანს, გეგმავს თუ არა ,,ნაცმოძრაობის” გადახალისებას, რა მიმართულებით აპირებს პარტია მუშაობის გაგრძელებას, ოდესის ოლქის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობას და რა გეგმები აქვთ 2016 წლის არჩვებისთვის? ,,ჯი-ეიჩ-ენი” სერგო რატიანს ესაუბრა.

 

_ პარტია სტრუქტურულად მართლაც უნდა განახლდეს, მაგრამ აუცილებელია ის სისტემა, რომელიც ,,ნაცმოძრაობაში” საკმაოდ კარგად მუშაობდა გაგრძელდეს. სწორედ ამის შედეგია, რომ ბოლოს გამოქვეყნებულ პოლიტიკური პარტიის რეიტინგებში ,,ნაცმოძრაობასა” და ,,ქართულ ოცნებას” შორის სხვაობა პრაქტიკულად, არ არსებობს. ეს ნიშნავს იმას, რომ პარტიამ იმუშავა და ყველას უნდა გადავუხადოთ დიდი მადლობა. თუმცა, ,,ნაცმოძრაობის” მუშაობა გარკვეული მიმართულებით გასააქტიურებელია.

_ კერძოდ რა კუთხით გეგმავთ გააქტიურებას?

_ უფრო მეტად უნდა ვიმუშაოთ ინტერესთა ჯგუფებზე. ასევე, მნიშვნელოვანი ამოცანაა მთავრობის გადადგომა, რადგან ქვეყანა უკან-უკან მიდის. ამიტომ, არ გვაქვს უფლება დრო დავკარგოთ. აუცილებელია მთავრობის გადადგომისთვის სამართლებრივი და პოლიტიკური პროცედურების დაწყება.

_ ამ მიზნით ქუჩაში აქციების არ გამორიცხავთ?

_ აქცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი. რა თქმა უნდა, იქნება აქციაც და სამართლებრივი პროცესიც. მთავრობას ბევრი დარღვევები აქვს, არის კორუფცია. ,,ნაცმოძრაობა” ამხელს ამ კორუფციას და ამის საფუძველზე გადადგომის მოთხოვნები იქნება.

_ პარტიაში ახალი სახეების გამოჩენა თუ იგეგმება?

_ ,,ნაცმოძრაობაში” მუდმივად მოდიოდნენ ახალი სახები და ყველას ეძლევა საშუალება გაწევრიანეს. შესაბამისად ეს პროცესი გაგრძელდება.

_ პარტია აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, რა გეგმები გაქვთ ამ მიმართულებით?

_ ჩვენი თანამშრომლობა სრულად ჩამოყალიბებული და განსაზღვრულია და ახალი გამოგონება მე მგონი არ არის საჭირო.

_ თუმცა, მიხეილ სააკაშვილი ახლა სხვა ქვეყნის პოლიტიკოსია..

_მიხეილ სააკაშვილს არსად არ უთქვამს, რომ პოლიტიკიდან მიდის. მას აუკრძალეს საქართველოში მოღვაწეობა და პოლიტიკური დევნა გამოაცხადეს. თუმცა, სააკაშვილი, როგორც მსოფლიო მასშტაბის პოლიტიკური ლიდერი, არის გაცილებით აქტიური და ის აკეთებს ძალიან მნიშვნელოვან საქმეს.

_ რას აპირებს პარტია 2016 წლის არჩვნებისვის და რა რესურსი გააჩნია მას წარმატების მისაწევად?

_ უკვე გითხარით, რომ ჩვენ მოვითხოვთ მთავრობის გადადგომას და ანტიკრიზისული მთავრობის შექმნას. ასე რომ, არჩევნები შეიძლება გაცილებით ადრე ჩატარდეს ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია, რადგან ქვეყანა მძიმე მდგომარეობაშია და ამ მთავრობასთან ერთად ყოფა კიდევ წელიწადნახევარი, შეუძლებელია.

,,ჯი-ეიჩ-ენი”. ესაუბრა მირანდა ნაბახტეველი

ავტორი: . .