ENG / RUS       12+

ძლიერდება თუ არა საქართველოში რუსული იდეოლოგია?

საქართველოში რუსული იდეოლოგიის მოძლიერების თემა კვლავ აქტუალური გახდა მიუხედავად იმისა, რომ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან მხოლოდ ექვსი წელია გასული და ამ ომის უმძიმესი შედეგები ლამის ყოველდღიურად გვახსენებენ თავს. ქვეყანაში რუსული იდეოლოგიისა და რუსული „მეხუთე კოლონის" მომძლავრებაზე საუბრობენ პოლიტიკოსები, ექსპერტები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები და მედია. თუმცა, ამ უაღესად საჭირბოროტო თემაზე მსჯელობისას აშკარად შეიმჩნევა დამაჯერებელი ფაქტობრივი მონაცემების დეფიციტი.

შექმნილია პარადოქსული სიტუაცია. ქვეყანა ოფიციალური პოლიტიკის დონეზე ევროპისკენ მიისწრაფვის, თუმცა საზოგადოებაში არის განცდა, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსული იდეოლოგიის გავლენის ქვეშ ექცევა.
თუ იმ დაშვებიდან გამოვალთ, რომ რუსული იდეოლოგია ჩვენში მართლაც ძლიერდება, მაშინ გამოდის, რომ რუსული მსოფლმხედველობა, ღირებულებითი ორიენტაციები და რაციონალურად განსაზღვრული პრინციპები ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილისათვის სახელმძღვანელო იდეებია. ეს ნიშნავს იმას, რომ რუსული იდეოლოგია უდევს ან დაედება საფუძვლად მათ პრაქტიკული მოქმედებებს და სოციალურ და პოლიტიკურ მოღვაწეობას.
საქართველოს დღევანდელი ისტებლიშმენტი, დეკლარირებული პროევროპულობის მიუხედავად, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებს შავ-თეთრ ფერებში აღიქვამს და სხვაგვარად მოაზროვნეებს ფაქტიურად მტრებად მიიჩნევს. მართალია, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ეს ყოველივე ისე მწვავედ არ ვლინდება, მაგრამ რეციდივები აშკარად სახეზეა.
ერთ ერთი სოლიდურობაზე პრეტენზიის მქონე გაზეთი წერდა, რომ რუსეთის სპეც-სამსახურები და საქართველოში მათი მრავალრიცხოვნი აგენტურა ყველა შესაძლებლობებით ცდილობენ საზოგადოების ცნობიერების პოლარიზებას. ექს-თავდაცვის მინისტრი და პარტია ‘თავისუფალი დემოკრატების' ლიდერი ირაკლი ალასანია ქვეყანაში რუსული იდეოლოგიისა და მისი გამტარებელი ორგანიზაციების გაძლიერებას, ადგილობრივი უსაფრთხოების სამსახურების კონტრდაზვერვის სუსტ მუშაობას უკავშირებს. ახლახანს, საზოგადოება „ივერიამ," პროკურატურას ოფიციალური განცხადებით მიმართა, რომლითაც საქართველოში რუსული საინფორმაციო ტელეარხების მაუწყებლობის აკრძალვას ითხოვს, რადგანაც ისინი საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო ომს აწარმოებენ.
რუსეთი, რომელსაც შესანიშნავად ჰყავს შესწავლილი ჩვენი საზოგადოება, ცდილობს სწორედ კონსერვატიული და ტრადიციონალისტური მიდგომების კულტივირებით მოახდინოს დასავლური ლიბერალური დემოკრატიის დემონიზაცია. გამოკითხვების თანახმად საქართველოს მოსახლეობის 40-45% ქვეყნისთვის ერთ ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად ქართული ტრადიციების დაკარგვის საფრთხეს ასახელებს.
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, საქართველოში ანტი-ევროპული მითების გავრცელებამ იმდენად ინტენსიური ხასიათი მიიღო, რომ ევროკავშირი იძულებული გახდა მნიშვნელოვანი თანხები გამოეყო ამ მითების გასაქარწყლებლად. ეს მითები მოსახლეობას ცდილობენ ჩაუნერგონ აზრი რომ ევროპასთან ინტეგრაცია საქართველოს ეროვნულ იდენტობასა და ტრადიციებს დააკარგვინებს. ამ მითების დაბადების და გავრცელების წყაროები დღემდე ვერ იქნა დადგენილი. შესაძლოა იქნა კიდეც, მაგრამ ხელისუფლება ამაზე დუმს.
მაშინ როდესაც საქართველოში საერთაშორისო დონორთა მხარდაჭერით სახელდახელოდ შექმნილი საინფორმაციო რესურსები ცდილობენ საზოგადოება დაარწმუნონ ევროპული ორიენტაციის აუცილებლობასა და ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ სიკეთეებში, საზოგადოება რუსული მედიით ალტერნატიულ ინფორმაციასაც იღებს და შესაბამისად არჩევანის საშუალება ეძლევა. უფრო მეტიც, ინფორმაციასთან ერთად რუსეთი კონკრეტულ ნაბიჯებსაც დგამს. ამის მკაფიო მაგალითია, ავარეთ-კახეთის მშენებარე გზის მიმდებარე კახეთის სოფლებში რუსული პასპორტების და შესაბამისად რუსული პენსიისა და სოციალური ბენეფიტების დარიგება საქართველოს ხელისუფლების სრული წაყრუების პირობებში. როდესაც ეს ხალხი რუსეთის დახმარებით ეკონომიკურად ოდნავ სულს მოითქვამს, რთული იქნება მათი დარწმუნება ევროინტეგრაციის სიკეთეებში, რომელიც ბევრი ჩვენი მოქალაქისათვის ჯერ კიდევ ძალიან შორეულ მომავლად მოსჩანს.
მაგალითად, 2014 წელს, აპრილ-აგვისტოს სოციოლოგიურ გამოკითხვებში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას რესპონდენტთა 65-69% უჭერდა მხარს, მაშინ როდესაც წინა გამოკითხვებში ეს მაჩვენებელი 80-85% აღწევდა. შარშან, ევრაზიულ კავშირში ქვეყნის გაწევრიანების მომხრეების მაჩვენებლმა კი 21% შეადგინა, რაც ქვეყნის 4.3 მილიონიანი მოსახლეობის პირობაზე, არც თუ ისე მცირე რიცხვია. საინტერესოა, რომ აგვისტოს ომიდან 6 წლის თავზე, საქართველოს მოქალაქეთა 45-51% ან თვლის რომ რუსეთიდან მომავალი საფრთხე გაზვიადებულია, ან მიაჩნია, რომ რუსეთი ქვეყნისათვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს.
ნიშანდობლივია ისიც, რომ წინა ხელისუფლებამ, რომელიც დასავლეთის მხარდაჭერით სარგებლობდა, თავის პოლიტიკითა და აგრესიული რეფორმებით მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საზოგადოების ერთ ნაწილში ანტი-დასავლური განწყობილებების აგორებას. 2009 წელს, ერთ ერთ სოციოლოგიურ გამოკითხვაში რუსეთსა და ამერიკას შორის ქვეყნის სასურველი ორიენტაციიდან უმრავლესობა ამერიკაზე ორიენტაციას ანიჭებდა უპირატესობას. თუმცა ა.შ.შ.-ს მხარდაჭერა უფრო მეტად აღქმული იყო, როგორც ხელისუფლების, ვიდრე საქართველოს, როგორც სახელმწიფოს დახმარება.
2012 წელს წინაასაარჩევნო პერიოდში სოციოლოგიური გამოკითხვისას, კითხვაზე: „ამერიკა შორს არის, და ვერაფერს გვიშველის, საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, თუნდაც უარი თქვას ამერიკასთან თანამშრომლობაზე, იმისათვის რომ გაიუმჯობესოს რუსეთთან ურთიერთობა," ქართული ოცნების მომხრეთა 69.6% უპირატესობა რუსეთთან, ხოლო ნაცმოძრაობის მხარდამჭერთა 73.6%-მა პრიორიტეტი ამერიკასთან ურთიერთობას მიანიჭა.
რუსეთისადმი ლოიალურობით ცნობილმა ადგილობრივმა ორგანიზაციამ - ევრაზიის ინსტიტუტმა 2014 წლის ნოემბერში ქვეყნის მასშტაბით სოციოლოგიური გამოკითხვა ჩაატარა მოსახლეობის დამოკიდებულებაზე ნატო-სა და აშშ მიმართ. გამოკითხულთა 66% აზრით „ნატო არასაკმარისად ეხმარება საქართველოს", ხოლო 52% აზრით, აშშ და ნატოს მიზნები და ინტერესები „არ ემთხვევა საქართველოს მიზნებსა და ინტერესებს. (?!)
რამდენად არის ამგვარი განწყობები რუსული ტელეარხების და საქართველოში პრორუსულად განწყობილი ორგანიზაციების თუ პარტიების საინფორმაციო-პროპაგანდისტული კამპანიის და მოღვაწეობის შედეგი, ცალკე კვლევის საგანია. თუმცა, თუ სოციოლოგიური გამოკითხვებისა და ბოლო არჩევნების შედეგების მიხედვით ვიმსჯელებთ, შეგვიძლია დიდი ალბათობით ვივარაუდოთ, რომ აგვისტოს ომიდან 6 წლის თავზე, რუსეთმა პოლიტიკური და საინფორმაციო-კულტურული კუთხით შეძლო საქართველოში პოზიციების მეტნაკლებად აღდგენა.
სადღეისოდ საქართველოში აქტიურად მოქმედებს რუსეთისადმი ლოიალურად განწყობილი მინიმუმ 8 საზოგადოებრივი და კვლევითი ორგანიზაცია, რამდენიმე გაზეთი და ინტერნეტ პორტალი. მათი უწყვეტი ფუნქციონირება დიდი ალბათობით უწყვეტი დაფინანსების ხარჯზე ხდება და დიდი გამჭრიახობა არ სჭირდება მიხვედრას თუ საიდან მოდის იგი. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ეს ორგანიზაციები დიდად არც მალავენ დაფინანსების წყაროებსა და პარტნიორებს. ყველა ზემოთჩამოთვლილი ორგანიზაცია აქტიურ საინფორმაციო, სამეცნიერო-კვლევით და საზოგადოებრივ აქტივობას ეწევიან, რომელთა შორის გამორჩეული ადგილი უკავია რუსეთის ანალოგიურ სამეცნიერო-კვლევით ცენტრებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან მუდმივ კონტაქტებს.
გარდა ამისა, საქართველოში არის მინიმუმ სამი პოლიტიკური პარტია, რომელთა პოლიტიკური პლატფორმა რუსეთთან სტრატეგიულ დაახლოებას ითვალისწინებს. ერთ-ერთმა ასეთმა პარტიამ და მისმა ლიდერმა საპრეზიდენტო და თვითმმართველობის არჩევნებში მესამე შედეგი აჩვენეს - 11%. ეს კი საზოგადოების განწყობების საკმაოდ მრავლისმთქმელი ინდიკატორია.
პრორუსული ორგანიზაციების მიერ მასობრივი აქციების რამდენიმე მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. მათმა მიტინგებმა ყველაზე ოპტიმისტური დათვლებით, ხუთასამდე მონაწილე ძლივს მოაგროვა. თუმცა, ეს არ იძლევა იმის მტკიცების საფუძველს, რომ მათ მხარდამჭერთა ბაზა არ გააჩნიათ. ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კონიუნქტურის გამო მათი გულშემატკივრების დიდი ნაწილი უბრალოდ თავს იკავებს რუსეთისადმი პოლიტიკური სიმპატიების გამჟღავნებისგან. ამაზე საუბარს ბევრი ერიდება, მაგრამ საყოველთაოდ ცნობილია, რომ აგვისტოს ომის დროს ჩვენს სამოქალაქო მოსახლეობას რუსი აგრესორებისათვის არათუ არავითარი წინააღმდეგობა არ გაუწევია, ზოგიერთი თანამშრომლობდა კიდეც მათთან.
ამ ეტაპზე რუსეთის ამოცანა მინიმუმია ქართულ საზოგადოებაში ისეთი საინფორმაციო და მენტალური მეინსტრიმის შექმნა, რომელიც რუსეთისგან შეძლებისდაგვარად მოხსნიდა მტრის ხატის იმიჯს, სამაგიეროდ გააძლიერებდა სკეპტიციზმს დასავლეთის მიმართ. ამოცანა მინიმუმში შედის, საქართველოში პრორუსულად განწყობილი ჯგუფების ცნობადობის გაზრდა და პოზიციონირება, ასევე რუსეთსა და საქართველოს შორის კულტურული, სამეცნიერო, ჰუმანიტარული კავშირების გააქტიურება. სხვათა შორის, რუსეთის უსაფრთხოების 2014 წლის ახალ დოქტრინაში განსაკუთრებული როლი ენიჭება პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსული ენის როლის გაძლიერებას და მისი როგორც ერთაშორისი კომუნიკაციის საშუალების განვითარებას. რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში, სახელმწიფოს სრული დაფინანსებით, სპეციალური ქვოტებია დაშვებული რუსეთის მეზობელი სახელმწიფოების სტუდენტებისათვის, იმისათვის რომ მათგან მომავალი სპეციალისტები და ლიდერები მოამზადონ. უცნობია, რამდენმა ქართველმა ახალგაზრდამ ისარგებლა ამ პრივილეგიით.
ბუნებრივია, რუსული ტელეარხებს ამ ყველაფერში თავიანთი წვლილი შეაქვთ. მრავლისმეტყველია, ისიც რომ მათი აკრძალვის რამდენჯერმე დაყენებულმა მოთხოვნამ ფართო საზოგადოების მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. რუსული საინფორმაციო ტელეარხების აკრძალვა, რა თქმა უნდა შეამცირებს მათ პროდუქციაზე ჩვენი მოსახლეობის წვდომას, თუმცა ბოლომდე ვერა, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს მოსახლეობის 45% ხელი მიუწვდება ინტერნეტზე. გარდა იმისა, რომ რუსული ტელერახების აკრძალვა სერიოზულ გართულებებს გამოიწვევს რუსეთთან, ეს ირიბად იქნება იმის აღიარებაც, რომ ჩვენ ვერ ჩამოვყალიბდით თვითკმარ და შემდგარ საზოგადოებად, თუკი რუსულ ტელეარხებს შეუძლიათ ასე იოლად შეგვაცვლევინონ მსოფლმხედველობა.
საზოგადოებისათვის ცნობილი პირების ან მედია საშუალებების, ზოგჯერ მიზანმიმართულად ზოგჯერ ემოციურად, გაკეთებული ანტი-დასავლური პათოსით გამსჭვალული განცხადებები და პუბლიკაციები, თავიანთ ნეგატიურ კვალს ტოვებენ საზოგადოების ცნობიერებაში.
რუსეთის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების ჩამოყალიბებაზე სერიოზულ ზეგავლენას ახდენს მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიცია, რომელიც საზოგადოებაში ყველაზე მაღალი ნდობით სარგებლობს. ნდობის ასეთი მაღალი მაჩვენებელი კი ბევრწილად მისი უწმინდესობა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის ავტორიტეტითაც არის განპირობებული. ახლახანს ილია მეორემ განაცხადა, „ევროპის ქვეყნები და აშშ 20 წელი გვეუბნებიან, რომ მხარს გვიჭერენ, მაგრამ რუსეთი მაინც თავისას აკეთებს. ამიტომ, ევროპასთან და ამერიკასთან ურთიერთობასთან ერთად, უნდა დავიწყოთ მოლაპარაკება რუსეთთან."
თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეს რეალურად რუსული საინფორმაციო-პროპაგანდისტული და იდეოლოგიური გავლენების გაძლიერების წინააღმდეგ ბრძოლის ძირითადი სიმძიმე ჩვენს სამოქალაქო სექტორზე და ეროვნულ პოზიციებზე მდგომ მას-მედიაზე გადადის, რომელიც ჯერჯერობით მეტნაკლებად უმკლავდება ამ საქმეს. თუმცა, მხოლოდ მათი ძალისხმევა ალბათ ვერ იქნება საკმარისი.
თუ ემოციებს დროებით გვერდზე გადავდებთ, და საზოგადოების განწყობის ობიექტურ მაჩვენებლებს დავეყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ ადგილი აქვს არა იმდენად რუსული იდეოლოგიის მომძლავრებას, არამედ უფრო მის მცდელობას კონკურენცია გაუწიოს საქართველოში ევროპულ და დასავლურ ღირებულებებს. ეს სრულიად ნორმალური მოვლენაა ჩამოყალიბებული დემოკრატიის ქვეყნებში, სადაც დემოკრატიის ერთ ერთი დედაბოძი პოლიტიკური პლურალიზმია, რომელიც გულისხმობს განსხვავებული აზრების, კულტურების, ღირებულებებისა და პოლიტიკური ორიენტაციების თანაცხოვრებასა და ცივილურ კონკურენციას. „ცივი ომის" ყველაზე უფრო მძაფრ პერიოდებშიც კი დასავლეთ ევროპაში არავის აუკრძალავს კომუნისტური იდეოლოგიის გამტარებელი ორგანიზაციები და მათი მედია საშუალებები, რომლებიც საბჭოთა კავშირიდან ფინანსდებოდნენ. უზარმაზარი ფინანსური და მატერიალური მხარდაჭერის მიუხედავად, რუსულმა კომუნისტურმა იდეებმა და მათმა გამტარებლებმა იქ ვერავითარი სერიოზული გავლენა საზოგადოებაზე ვერ მოახდინეს და თანდათანობით გაქრნენ არენიდან. ამის ერთ ერთი მთავარი მიზეზი კი ის იყო, რომ მათ საპირწონედ ძლიერი სახელმწიფო იდეოლოგია და ფუნდამენტურ ღირებულებებზე საზოგადოების სრული კონსოლიდაცია დახვდათ.

საქართველოში რუსული და ევროპული ფასეულობითი ორიენტირებისა და განვითარების მოდელებს შორის კონკურენციისაგან არც ტრაგედიის შექმნაა საჭირო, არც პიარზე გათვლილი განგაშის ატეხვა და არც „კუდიანებზე ნადირობა." ეს უკუშედეგს გამოიღებს. მითუმეტეს, რომ ზემოთაღნიშნული პრორუსული ორგანიზაციები კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში მოქმედებენ. მათ მიმართ რაიმე რეპრესიების დაწყება, ერთის მხრივ წინააღმდეგობაში მოვიდოდა დემოკრატიის პრინციპებთან, მეორეს მხრივ რუსეთს დამატებით საბაბს მისცემდა დესტრუქციული ქმედებებისათვის.
ასევე, სახიფათოა საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელიც თანაბრად დისტანცირებულია როგორც რუსეთისგან ასევე დასავლეთისგან, „პრორუსული ორიენტაციის" დაბრალება და მათი დემონიზაცია. იდეოლოგიის კუთხით ჩვენს საზოგადოებაში არსებული ასეთი „დომხალი" და კონფრონტაციული მუხტი, როდესაც ერთი ცდილობს საარსებო გარემო მოუსპოს მეორეს, სწორედაც რომ ხელსაყრელ გარემოს ქმნის რუსული იდეოლოგიის გასაძლიერებლად.
რუსულ გავლენის გავრცობის მცდელობას ისეთივე ეფექტური და ცივილური მეთოდებით უნდა ვებრძოლოთ როგორც ეს ევროპამ გააკეთა. ევროპამ კი ეს უპირველეს ყოვლისა საკუთარი მორალური უპირატესობის, მტკიცე იდეოლოგიის, პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური მოდელის წარმატების დამაჯერებელი დემონსტრირებით მოახერხა. ძლიერი ეროვნული სახელმწიფო იდეოლოგიის შექმნის გარდა რუსულ იდეოლოგიასთან ბრძოლის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციის გაჯანსაღება, ან უკიდურეს შემთხვევაში მოსახლეობისათვის ამის რეალური პერსპექტივების დანახვება იქნებოდა.
„ჯი-ეიჩ-ენი", ზაალ ანჯაფარიძე

ავტორი: . .