ENG / RUS       12+

ნოემბრის თეზისები - ``ან თქვენ ხართ დაკავებული პოლიტიკით, ან პოლიტიკაა დაკავებული თქვენით``

საზოგადოება ვირტუალურ სამოქალაქო კონფლიქტის მდგომარეობაში იმყოფება

ნოემბერ-დეკემბრის თვე პოლიტიკურად და ფსიქოლოგიურადაც საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ქვეყნის პოლიტ-ლექსიკაში შემოსულ ახალ ტერმინს თუ გამოვიყენებთ, ამ ორ თვეში ლამის მთელი საზოგადოება აღმოჩნდა ემოციურ-სოლიდარულ გაუგებრობაში. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების უმრავლესობა ემოციურად ჯერ კიდევ სოლიდარულია ხელისუფლებასთან, ის გაუგებრობაშია ხელისუფლების მთელი რიგი ნაბიჯების გამო. შესაბამისად, სოცილოგიურ გამოკითხვებში მატულობს იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომელთაც ვერ გაურკვევიათ რა მიმართულებით ვითარდება ქვეყანა.
ეს სავარაუდოდ იმიტომ ხდება, რომ ხელისუფლებამ საზოგადოებას ქვეყნის განვითარების მკაფიო ორიენტირები ჯერ ვერ დაანახა და ვერც ახალი სახელმწიფოებრივი იდეოლოგია შექმნა, რომლის ირგვლივაც მოხდებოდა საზოგადოების უმრავლესობის კონსოლიდაცია.
შიდაპოლიტიკურმა და შიდასახელისუფლებო დაპირისპირებებმა შეიძლება ითქვას შთანთქა მმართველი ძალის ენერგიის დიდი ნაწილი. საერთაშორისო დამკვირვებლები საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს სულ უფრო ხშირად ადარებენ zero-sum game ანუ ნულოვანი ჯამის მქონე თამაშს. ეს თამაში შესაძლოა აწყობდეთ პოლიტელიტებს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში მოსახლეობას.
ბოლოდროინდელმა პოლიტიკურმა პროცესებმა კიდევ უფრო გააღრმავა განსხვავებული ღირებულებების და მსოფლმხედველობის ნიშნით ჩვენი საზოგადოების გაყოფა დაპირისპირებულ ბანაკებად. ამის შემჩნევა უკვე ადვილია, რადგანაც საზოგადოებას სოციალური ქსელების მეშვეობით საკუთარი მოსაზრებების გამოხატვისა და გავრცელების ახალი და ეფექტური საშუალება მიეცა. ღირებულებათა სისტემებს შორის კონფლიქტმა უკვე საგანგაშო ხასიათი მიიღო. შეიძლება ითქვას რომ საზოგადოება ვირტუალურ სამოქალაქო კონფლიქტის მდგომარეობაში იმყოფება. ზოგადად, სამოქალაქო კონფლიქტის მუხტი ნებისმიერ პლურალისტულ საზოგადოებაშია ჩადებული. თუმცა, დემოკრატიული ტრადიციები და ინსტიტუტები, ფუნდამენტალურ ღირებულებებზე საზოგადოების კონსენსუსი და ახალი საზოგადოებრივი პროექტები ამ პროცესს ესკალაციისაგან იცავენ. ჩვენთან ამგვარი შემაკავებელი ფაქტორები ან არ არსებობს, ან ძალიან სუსტად არის განვითარებული, რადგანაც სახელმწიფოებრივი ცხოვრება დასაშვებზე მეტად არის გაჟღენთილი პერსონალური გავლენებით და არაფორმალურ ურთიერთობებით.
ახლახანს ერთ-ერთმა ცნობილმა ბიზნესმენმა, რომელიც წლების წინ აქტიურ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებას განერიდა, სავსებით მართებულად შენიშნა, რომ ქვეყანაში კარგი პროექტებისა და იდეების შიმშილიაო. ეს არც არის გასაკვირი, რადგანაც ჩვენი საზოგადოება თვითგანვითარების დაბალ პოტენციალს ავლენს. საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური პროფილისა და მასთან დაკავშირებული დამოკიდებულებების შესწავლა აჩვენებს, საზოგადოების მხრიდან ახალი უნარ-ჩვევების განვითარებისა და ახალი დარგების შესწავლის ინტერესის ნაკლებობას, რაც პირდაპირ კავშირშია სოციალური გარიყულობის განცდასთან, რომელიც დღეს მოსახლეობის დიდ ნაწილში დომინირებს.
ნოემბერ-დეკემბრის საკმაოდ დატვირთული პოლიტიკური კალენდრიდან, ორი შიდაპოლიტიკური მოვლენა შეიძლება გამოვყოთ. „ნაცმოძრაობის" მორიგი ფალსტარტი, და კოალიცია „ქართული ოცნების" ირგვლივ განვითარებული მოვლენები.
ბოლომდე უცნობი დარჩა თუ რა იყო „ნაცმოძრაობის" 15 ნოემბრის მიტინგის რეალური მიზანი. ასეა თუ ისე, მიტინგის საკმაო მწირი მასშტაბი და სხვა ხარვეზები, „ნაცმოძრაობის" ექიმთა კონსილიუმს ალბათ უჩვენებდა, რომ „პაციენტს" საბოლოო გამოჯანმრთელებამდე ბევრი უკლია. თუმცა, მიტინგმა საინფორმაციო-პროპაგანდისტული კუთხით გარკვეულ შედეგს მიაღწია. მიტინგის ცენტრში გაშლილი NATO-ს უზარმაზარი დროშა დასავლეთში ისე მოეწონათ, რომ ალიანსის წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში ჯეიმს აპატურაიმ აღტაცება ვერ დამალა. სამართლიანობისათვის უნდა აღნიშნოს, რომ 2014 წლის 15 ნოემბრის აქცია, რომელზედაც არაერთხელ გაისმა ხელისუფლების ვადაზე ადრე შეცვლის მოწოდებები, დრამატულად განსხვავდებოდა 2007 წლის 7 ნოემბრის სასტიკად დარბეული აქციისგან. აქციის ლიდერებიც და მონაწილეებიც შინ მშვიდობით დაბრუნდნენ, სამსახურებიდან არავის გაუყრია და საღსალამათნი აგრძელებენ საქმიანობას.
თუმცა, „ნაციონალთა" მიტინგის ფიასკო არ უნდა გახდეს ხელისუფლების თვითკმაყოფილების და თვითდამშვიდების მიზეზი. მართალია, სახელისუფლებო-ადმინისტრაციული რესურსების კუთხით უპირატესობა უკვე „ქართული ოცნების" მხარესაა, მაგრამ პარტიული კონსოლიდაციისა და პოლიტიკური ნების სიმტკიცის კუთხით, ჯერ კიდევ საკითხავია ვის აქვს უპირატესობა. პოლიტიკური ბრძოლების ისტორიას არაერთი შემთხვევა ახსოვს, როდესაც უფრო აგრესიული, კონსოლიდირებული და თანმიმდევრული პოლიტიკური ძალა გამარჯვებული გამოსულა უფრო დიდი რესურსების მქონე ოპონენტთან ბრძოლაში. „ნაცმოძრაობამ" კი უკვე არაერთხელ დაამტკიცა, რომ მიზნის მისაღწევად უკან არაფერზე დაიხევს და რომ ზნეობრივი ბარიერები მისთვის ამ გზაზე არ არსებობს. არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში „ნაცმოძრაობა" და მასთან აფილირებული ჯგუფები პოლიტიკურ და იდეოლოგიურ სივრცეში დროებით შექმნილი ვაკუუმის შევსებას შეეცდებიან. მათ ამის გეგმაც აქვთ გამოცხადებული, ახალი ზეპარტიული პლატფორმის შექმნით, რომელიც მათი თქმით სწორედ ღირებულებით და მსოფლმხედველურ ერთობას დაეფუძნება. დიდი გამჭრიახობა არ სჭირდება იმის მიხვედრას, რომ მათი სამიზნე ჯგუფი, არსებული მხარდამჭერების გარდა, საზოგადოების ის ნაწილი იქნება, ვინც თვლის რომ ემოციურ-სოლიდარულ გაუგებრობაშია მოხვედრილი. ამისათვის, კი „ნაციონალები" გაათმაგებენ ინფორმაციულ ომს, რომელიც ერთი დღითაც არ შეუწყვეტიათ. ამ ომს „ქართულმა ოცნებამ" ჯერჯერობით ვერაფერი ქმედითი ვერ დაუპირისპირა და პროცესები შეიძლება ითქვას თვითდინებაზე მიუშვა. ამ ეტაპზე „ნაციონალების"ინფორმაციული ომის მიზანი არა იმდენად ხალხის მიმხრობა, არამედ მათში ეჭვების, კითხვების და გაუგებრობის დათესვაა. როგორც გამოცდილება გვაჩვენებს, ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილი იოლად ხდება ინფორმაციული აგრესიის მსხვერპლი.
როგორც ჩანს, საინფორმაციო პაექრობის კუთხით ხელისუფლებისათვის ნეგატიური ტენდენციები ყველაზე უფრო ადრე ბიძინა ივანიშვილმა დაინახა. შესაძლოა ამ ტენდენციის განეიტრალებას ემსახურება ტელეკომპანია GDS -ს საზოგადოებრივ პოლიტიკური გადაცემებისთვის მომზადება და ბიძინა ივანიშვილის ახალი საზოგადოებრივი თოქ-შოუ. დრო გვაჩვენებს თუ რამდენად წარმატებული აღმოჩნდება ივანიშვილისა და მის ირგვლივ შემოკრებილი ექსპერტული რესურსის ეს კონტრაქცია, რომელიც ძალიან მაღალ კომპეტენციას, სერიოზულ რესურსებსა და თანმიმდევრულობას მოითხოვს.
ნოემბერშივე კოალიცია „ქართულ ოცნების" ქვეშ შემდგარმა წყალმა კრიტიკულ ზღვარს მიაღწია, ჯებირებიდან გადმოხეთქა, კოალიციის ერთი წევრი „თავისუფალი დემოკრატები" ჩაიყოლა, ხოლო მეორე წევრი - „რესპუბლიკური პარტია" კოალიციასთან კონფრონტაციის რეჟიმში შეიყვანა.
ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ (თუმცა პარლამენტში კოალიციის ქვოტით მიღებული თანამდებობების შენარჩუნებით!?) „თავისუფალი დემოკრატები" შეეცდებიან პროდასავლური ოპოზიციის ფლანგზე წამყვანი პოზიციები დაიკავონ და მიაღწიონ დასავლეთის მიერ მათზე ფსონის დადებას. ამ ასპარეზზე მათ „ნაციონალების" ჩაჩოჩება მოუწევთ. თუმცა, „ნაციონალებთან" პარტიულ-ორგანიზაციული თუ ფინანსური კუთხით პარიტეტის მიღწევა „თავისუფალი დემოკრატებისათვის" მოკლე ვადაში რთული იქნება. როგორც ჩანს, „თავისუფალი დემოკრატები" ამ ეტაპზე პრიორიტეტს საგარეო მხარდაჭერის მოპოვებას ანიჭებენ, რაზედაც მოწმობს თუნდაც მათ ლიდერთა გახშირებული უცხოური კონტაქტები. შესაძლოა ეს მათი ლიდერის მოსალოდნელი სამართლებრივი დევნისგან თავდაცვის ერთ-ერთი ინსტრუმენტიც იყოს.
კოალიციის კიდევ ერთი დისიდენტი წევრი „რესპუბლიკური პარტია" დემოკრატიული მოდერნიზაციისა და და სხვა კეთილშობილი იდეების დროშის ქვეშ ფილიგრანულად ურტყამდა კოალიციას და მის არაფორმალურ და ფორმალურ ლიდერს. საზოგადოების თვალში ეს ფართოდ რეკლამირებული კამპანია რესპუბლიკურ პარტიას უფრო პროგრესულ და დემოკრატიულ ცვლილებებზე ორიენტირებულ ძალად წარმოაჩენდა კოალიციის სხვა წევრებთან მიმართებაში. ამ მხრივ, ძალიან დემონსტრატიული იყო დავით უსუფაშვილის მიერ პარლამენტის ტრიბუნიდან წინასაარჩევნო დაპირების შეხსენება შსს-დან უშიშროების სამსახურის გამოყოფის შესახებ, რომელზედაც მთავრობა იძულებული გახდა ფორმალური რეაგირება მოეხდინა. თუმცა, საკითხავია რატომ არ აყენებდნენ რესპუბლიკელები ამ საკითხს მთელი ორი წლის მანძილზე?!
რესპუბლიკური პარტიის გააქტიურებას შეიძლება რამდენიმე ახსნა ჰქონდეს. ან პარტია თვლის, რომ კოალიციიდან მისთვის საკადრის უკუგებას ვერ იღებს და მდგომარეობის გამოსწორება სურს, ან თვლის, რომ კოალიცია კრიზისულ ფაზაში შევიდა და ამ კრიზისს შეიძლება მათი პარტიაც შეეწიროს. თუ მათი ინიციატივები იგნორირებული იქნა, „რესპუბლიკელებს" ნაკლები რეპუტაციული და პოლიტიკური დანაკარგებით შეუძლიათ კოალიციის დატოვება. ამაზე მინიშნებები უკვე გაკეთდა."ჩვენ გვექნება ძალიან კონკრეტული ინიციატივები კოალიციის ფარგლებში, მაგრამ ამავდროულად, ჩვენ ვართ პოლიტიკური პარტია და ვიყურებით მომავლისკენ, ამიტომ მომავალი ჩვენ წარმოგვიდგენია ასევე კოალიციებში, მაგრამ თვისობრივად ახალ კოალიციებში, ისეთ კოალიციებში, როგორიც დამკვიდრებულია ევროპაში." აცხადებენ „რესპუბლიკელები."
როგორც ჩანს ისინი ხვდებიან, რომ შედარებით მწირი ელექტორალური ბაზიდან გამომდინარე, დამოუკიდებელი თამაში პარტიას გაუჭირდება და დიდი ალბათობით ახალ პარტნიორს მოძებნიან. კოალიციიდან გასვლის შემთხვევაში, „რესპებთან " პარტნიორობის სურვილს უკვე აფიქსირებენ მსგავს მდგომარეობაში მყოფი „თავისუფალი დემოკრატები." რესპუბლიკელების და თავისუფალი დემოკრატების პოზიციები დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე, მმართველობის დეპერსონალიზაციაზე, კულუარული მმართველობის დაუშვებლობასა და ქვეყანაში ლიბერალური ღირებულებების გავრცობაზე, ძლიერ უნისონში მოდის პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის პოზიციებთან, რომლებიც მან ნოემბერში არაერთხელ დააფიქსირა, მათ შორის პარლამენტში გამოსვლისას და ფარული მოსმენების კანონპროექტზე ვეტოებით. მარგველაშვილის სურვილი დაიწყოს დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაში, სულ უფრო აშკარა ხდება. რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა გამოიყურებოდეს, ის უსრულებს სურვილს მათ (მათ შორის ოპონენტებს), ვინც მისგან დაჟინებით ითხოვდა ივანიშვილის ჩრდილიდან გამოსვლას.
ფარულ მოსმენებზე კანონის ირგვლივ ვნებათაღელვამ ერთმანეთში გადაჯაჭვა მსოფლმხედველურ- ფასეულობითი და კონიუნქტურული მომენტები და კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ქართული პოლიტიკის ის რეალობა, რომელიც მას აგერ უკვე 20 წელია რაც სდევს, როდესაც ოპონენტები სიტუაციური მოკავშირეები ხდებიან. ფარული მოსმენების კანონზე კენჭისყრისას „რესპუბლიკელები", „თავისუფალ დემოკრატები" და „ნაციონალები" ფაქტიურად სიტუაციური მოკავშირეები აღმოჩნდენ, მათ მხარეს დადგა საზოგადოების პროდასავლური და ლიბერალურად განწყობილი ნაწილიც. „ქართული ოცნება" კი ბარიკადის საპირისპირო მხარეს აღმოჩნდა. მის ირგვლივ მანკიერი წრე იკვრება. ლარის ვარდნამ, მაღალჩინოსანთა გადადგომების სერიაზე უსუსურმა განმარტებებმა, საყდრისის საბადოს აფეთქებამ და სხვა ნეგატიურმა სოციალურ-პოლიტიკურმა მოვლენებმა შინ თუ გარეთ, „ქართული ოცნების" იმიჯი შეარყიეს, თუმცა არა კრიტიკული დოზით. ბოლო დღეებში აქტიურად კულტივირებული თეორია, რომ ივანიშვილმა უკვე გაწირა მისი პროტეჟე პრემიერი ღარიბაშვილი ჯერჯერობით ვერ არის გამაგრებული დამაჯერებელი არგუმენტებით. თუმცა ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში არაფერია გამორიცხული.

ამ მოვლენების ფონზე კიდევ უფრო ნათელი გახდა, რომ კოალიცია „ქართული ოცნება" იყო და დარჩა წმინდა სიტუაციურ გაერთიანებად. მისი ერთიანობა არა იმდენად იდეოლოგიასა და ღირებულებზე, არამედ ძალაუფლებასა და ფინანსებზე წვდომაზე იყო დამოკიდებული. როდესაც სრულიად აშკარა გახდა კოალიციაში პოლიტიკური და ეკონომიკური კაპიტალის გადანაწილების უთანაბრობა, საპასუხო რეაქციებმაც არ დააყოვნეს. კოალიციის კიდევ ერთი პრობლემა ის არის, რომ მისი ლიდერები ნაკლებად არიან ორიენტირებული გრძელვადიან შედეგებზე და ძირითადად სიტუაციური ხედვები და მიდგომები აქვთ. კოალიციის ასეთი ფორმა და შინაარსი, კი დიდწილად მისი დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს უკავშირდება. მან კოალიცია არსებული სახით შექმნა იმ სტრატეგიიდან გამომდინარე, რომელსაც მას 2011 წელს შექმნილი სიტუაცია კარნახობდა. თავად პარტია „ქართული ოცნება" ჯერ ვერ ჩამოყალიბდა თვითკმარ და ძლიერ პოლიტიკურ ძალად. ამის ერთ ერთი მიზეზი კი ისიც გახლავთ, რომ პარტია ვერ იქცა ბიძინა ივანიშვილის მიერ საზოგადოებისათვის შეთავაზებული ქართული ოცნების იდეის მატერიალიზაციის ლოკომოტივად. ამან კი საზოგადოების ერთი ნაწილის იმედგაცრუება გამოიწვია. ინსტიტუციური რეფორმების შეფერხებამ კი შესაძლებელი გახადა სხვადასხვა დონეზე არაფორმალური გავლენების გაძლიერება. ამ დღეებში საშუალო რგოლის მაღალჩინოსნების გადაყენებათა სერია, სავარაუდოდ ამის გამოვლინება იყო. „ქართულ ოცნებაში" როგორც ჩანს არ ესმით, რომ მოვლენებზე და პროცესებზე გავლენა ჯერ კიდევ არ ნიშნავს მათზე კონტროლს. გარდა ამისა, „ქართულ ოცნებას" სულ უფრო უჭირს როგორც საშინაო ისე საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარი თავის პროდასავლურ ძალად პოზიციონირება, რაც ზრდის მისი მოწყვლადობის ხარისხს. აქედან გამომდინარე, კოალიცია და მისი წამყვანი პარტია „ქართულ ოცნება" რთული არჩევანის წინაშე დგანან და როგორც პარტიის ისე კოალიციის მომავალზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ძალიან მალე მოუწევთ.

"ჯი-ეიჩ-ენი", ზაალ ანჯაფარიძე

ავტორი: . .